შემოგვიერთდი

ჟურნალისტის პური

11.11.2010 22:40

ქართულ ჟურნალისტიკას, ფაქტობრივად, პურის გარეშე ტოვებენ. მიუხედავად ხელისუფლების ხმაურიანი განცხადებებისა, მედიის გამჭვირვალობის გაზრდის თაობაზე, მთავარი - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ჟურნალისტებისთვის ისევ პრობლემად რჩება. როგორც ჩანს, საქართველოს დღევანდელ მმართველებს პრესა მხოლოდ ყვითელი ფერისა მოსწონთ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას მედიის თავისუფლების პრეტენზია ჰქონდა. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, დავით ბაქრაძის განცხადებით, ორ კვირაში უნდა მომზადებულიყო, მისი სიტყვებით, უკავშირდებოდა "მედიის თავისუფლებას და, კონკრეტულად, მედიასაშუალების მფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობასა და გასაჯაროებას" საზოგადოებისთვის.

ამ ნაბიჯისკენ ჩვენ ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე წლებია მოუწოდებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" 2009 წელს სპეციალური კვლევაც ჩაატარა ("სატელევიზიო სივრცე საქართველოში, მფლობელები, მაკონტროლებლები და საკანონმდებლო გარემო") და დადო სურათი, რომელიც ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, მაგრამ კიდევ უფრო მეტზე პასუხს ითხოვდა. მედიის მფლობელების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა ის თემა გახდა, რომლის გახსნას უცხოელი ექსპერტები უკვე ღიად მოითხოვდნენ. საქართველოს ხელისუფლებაც დათმობაზე წავიდა.

როგორ სახეს მიიღებს ეს დათმობა საბოლოოდ, ჯერ არავინ იცის, მაგრამ ის უკვე ცნობილია, რომ, ამ ეტაპზე, ქვეყნის მმართველები მეტი "ბარტყის" გადმოგდებას არ აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნებოდა, ამ ინიციატივით, ჩვენ გადავალთ "ყველაზე მაღალ, ყველაზე დემოკრატიულ სტანდარტებზეო" და საქართველოს პრეზიდენტი ამას საფრანგეთიდან ადასტურებდა, ქართველ მედიაექსპერტებს, მედიის გამჭვირვალობისთვის მომზადებული ინიციატივის გაზიარებაზე უარი უთხრეს. თანაც - მეტად ნიშანდობლივი მიზეზით.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტი რვა მიმართულებას მოიცავს, მაშინ, როდესაც პარლამენტის თავმჯდმოარის განცხადება და შეთავაზება მხოლოდ მედიამფლობელების გამჭვირვალობას ეხებოდა. იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რაზე ამბობს ხელისუფლება უარს, კიდევ ერთელ მივუბრუნდეთ ინიციატიცას, რომელიც კონსტიტუციოლოგმა ვახტანგ ხმალაძემ, იურისტმა გიორგი ჩხეიძემ, მედიამკვლევარმა ნინო დანელიამ, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტრომა ლაშა ტუღუშმა, ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ მოამზადეს.

მედიამფლობელთა გამჭვირვალობის გარდა, ამ ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიასაშუალებების ფინანსურ გამჭვირვალობას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სწრაფ და იაფ მართლმსაჯულებას ეხება. სახელმწიფოსთვის, რომელიც ისწრაფვის "ყველაზე მაღალ, ყველაზე დემოკრატიულ სტანდარტებს" აკმაყოფილებდეს, ეს საკითხები უპირობოდ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იარსებებს ძლიერი და თავისუფლალი მედიის გარეშე, ამგვარი მედიის არსებობა კი, დახურული საჯარო ინფორმაციის, სწრაფი და იაფი მართლმსაჯულების გარეშე წარმოუდგენელია.

რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია საქართველოში ორშაბათის "რეზონანსში" ელისო ჩაფიძე გვიამბობს. ჟურნალისტის მიერ მომზადებული ინფორმაციის თანახმად, 2009-2010 წლებში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გასაჩივრების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 54-ჯერ მიმართეს, მაგრამ აქედან მხოლოდ 1 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანა შესაბამისი ბაჟის, 100 ლარის, გადახდის შემდეგაა შესაძლებელი, ეს თანხა კი, ქართველი ჟრუნალისტებისთვის ცოტა არ არის.

თანხა, როგორც წინაღობა საჯარო ინფორმაციის მიღებაში, წერილის მიხედვით, ქართველ ჟურნალისტებს საჯარო რეესტრთან ურთიერთობაშიც უქმნის პრობლემებს. ჩვენ ქვეყანაში დღეს მოქმედი წესებით, ადამიანს იმაშიც კი უწევს ფულის გადახდა, რაც მისთვის კანონით არის ხელმისაწვდომი. ასეთ მოთხოვნებს, როგორც რეალობა აჩვენებს, ყველაზე კარგად დაფინანსებული უწყებები აყენებენ, თანაც, იმ მოტივით, რომ გამოთხოვილი ინფორმაციების მომზადება ხარჯებთანაა  დაკავშირებული.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რა ინფორმაციის მიღებაზე ეუბნებიან უარს ჟურნალისტებს საქართველოში (ამ შემთხვეაში უარად შეიძლება ჩაითვალოს კანონით დადგენილ ვადებში გაუცემელი პასუხებიც). როგორც წერილიდან ჩანს, ასეთია: პრეზიდენტის ვიზიტების, ვიზიტების დროს თანმხლების პირების, მათი მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები; პრეზიდენტის ოჯახის ხარჯები; ბიუჯეტით დაფინანსებული გასართობი ღონისძიებების ნუსხა და ხარჯები; სახელმწიფო მოხელეების ხელფასები და პრემიები (საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიები პირად საიდუმლოდაც მიუჩნევიათ); თბილისის მერიის სატელეფონო ხარჯები.

იქ, სადაც ჟურნლისტები საჯარო ინფორმაციას დაჟინებით მოითხოვენ, საქმეში აბსოლუტურად არადემოკრატიული, არაკანონერი ქმედებები იჩენს თავს. როგორც საბა წიწიკაშვილის შემთხვევაში იყო. ქალაქ გორის გამგეობის შენობაში, გასული წლის დასაწყისში, დღის 12 საათზე, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს შენობის დაცვის სამსახურის ორმა თანამშრომელმა გააკეთა მაშინ, როცა ჟურნალისტი შენობაში შესვლას გამგეობის კანცელარიაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის ასაღებად ცდილობდა.

საჯარო ინფორმაცია ის პურია, რომელიც სერიოზულ ჟურნალისტიკას კვებავს. ფაქტზე უკეთესი საშუალება რეალობის დასამტკიცებლად კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია. საქართველოს ხელისუფლება, თავისი დამოკიდებულებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან, ქართულ ჟურნალისტიკას ტოვებს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტების გარეშე, რითაც ყველა საუბარი ქვეყანაში არსებული რეალობის შესახებ ჭორების დონეზე გადაჰყავს. ეს ის მოედანია, სადაც დემაგოგიც კი, შეიძლება, მართალი გამოჩნდეს. და, ყველაფერი ეს - საზოგადოების სავალალოდ, რომელსაც განსჯისთვის სხვა საგანი აღარ რჩება.

ყველაზე მეტ წინააღმდეგობას ქართველი ჟურნალისტები სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მოღებისას აწყდებიან. არადა, სახელმწიფო ბიუჯეტი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი - ქვეყნის მოქალაქეების შრომით შექმნილი ყულაბა, რომელსაც იმ ჯერზე მოქმედ ხელისუფლებას სახელმწიფოს (რომელსაც მისი მოქალქეები წარმოადგენენ) სწორი და სამართლიანი მართვისთვის გადავცემთ. სახელმწიფო ბიუჯეტის ნებისმიერი ნაწილის ხარჯვის შესახებ ინფორმაციის დამალვა, მისი მიღების ხელის შეშლა არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც ურთიერთობას ქვეყნის მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის სულ სხვა სიბრტყეზე ანაცვლებს.

თუკი ხელისუფლება უარს მეუბნება ვიცოდე, რაში იხარჯება ფული, რომელსაც იგი ჩემგან, ტრადიციული თუ ახალი და ახალი გადასახადების გამოყენებით, იღებს, ე.ი. არა მარტო მიმალავს, რომ არასწორად დახარჯა ფული, რომელიც მივაბარე, არამედ მაჩვენებს, რომ თანასწორ პარტნიორობაზეც მეუბნება უარს. ამ შემთხვევაში, ჩვენი ურთიერთობა იღებს ბატონ-ყმურ ელფერს. ეს კი ის პირობებია, რომლის ჩარჩოებშიც ყმები ბატონების სიამოვნებისთვის არსებობდნენ.

"საქართველოში დღემდე მოქმედებს სტანდარტი, რომელიც მოქმედებს და მუშაობს მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის ვიყოთ ბევრიდან ერთ-ერთი, ჩვენი ამოცანაა, ყველაგან, სადაც ვართ, ვიყოთ მოწინავეთა რიგებში," - განაცხადა 26 ოქტომბერს დავით ბაქრაძემ. ასეთი მონდოებით საქართველო მოწინავეთა რიგებში აუცილებლად აღმოჩნდება. საკითხავი ის არის, რისი მოწინავეების რიგები იქნება ეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test