შემოგვიერთდი

შიშს დიდი თვალები აქვს

17.11.2010 17:26

ბოლოდ დროს,  ხშირად მიწევს რეპორტაჟების მომზადება სოციალურ საკითხებზე, ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, ხალხის გამოკითხვა და ა.შ. არ მეგონა ეს სამუშაო ასეთი რთული თუ იქნებოდა. საკმარისია კამერა ან დიქტოფონი მოვიმარჯვო, ხალხი უკანმოუხედავად გარბის. თუ შედარებით გაბედულები აღმოჩნდნენ, პრობლემაზე გაგესაუბრებიან, საკუთარ გასაჭირს გაგიზიარებენ, მაგრამ ვინაობას არ გაგიმხელენ.  მათი საუბრის ვიდეოზე ჩაწერა თითქმის წარმოუდგენელია.

გეცოდინებათ, -  თბილისში მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობა მნიშვნელოვნად  შეამცირეს და ამის გამო რამდენიმე უბანი, თავისი მაცხოვრებლებით, ტრანსპორტის გარეშე დარჩა. არაფერს ვამბობ მძღოლებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. მეც ამ თემის გაშუქება გადავწყვიტე და მარშრუტების  გაუქმებამდე იმ ავტობუსში ავედი, რომლის სვლა-გეზიც უკვე გაუქმდა.   მძღოლმა, რომელიც ჩემთან საუბრის შემდეგ,   დიდი ალბათობით, უმუშევარი დარჩა,  მითხრა, რომ ოჯახში ხუთნი არიან, რომ მათი მთავარი შემოსავალი სწორედ მისი  ხელფასია და  არ იცის, ხვალიდან როგორ გააგრძელებს ოჯახის რჩენას. ჩვენი საუბარი ისე დასრულდა, მძღოლმა  არც თავისი სახელი მითხრა და არც მისი ფოტოს გადაღების უფლება მომცა.  "ზედმეტი პრობლემების თავი არ მაქვს", მოკლედ მომიჭრა.  იმ დღეს ათამდე მძღოლს გავესაუბრე და ყველასგან  მსგავსი პასუხი მივიღე.

ავტობუსის მომლოდინე  ხალხი გაჩერებებზე  ქალაქის ახალი სატრანსპორტო გეგმის გამო  პროტესტს გამოხატავდა, ამ შემთხვევაშიც დიდი შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ ხუთიოდე ადამიანი ინტერვიუზე დამეყოლიებინა.

ისიც გეცოდინებათ,   ავტომობილის მინების დამუქებასთან დაკავშირებით  მთავრობამ  ახალი სტანდარტები,  რომ  დააწესა. ავტომფლობელი, რომელიც ამ სტანდარტებს არ გაითვალისწინებს,  50 ლარით დაჯარიმდება.  არადა, ქალაქში იმდენი ავტომობილი  დადის ქარხნული წესით, მაგრამ ჩვენი სტანდარტებისთვის შეუსაბამო,   დამუქებული მინებით, რომ...

ამგვარი მინების შეცვლა  ავტომფლობელს დიდი თანხა დაუჯდება.  ვფიქრობდი, რომ მე,  ჟურნალისტს, მძღოლები  პრობლემაზე გულღიად დამელაპარაკებოდნენ, მაგრამ შევცდი. თითქმის ორი საათი დამჭირდა იმისთვის, რომ  რამდენიმე  მძღოლისგან მცირე კომენტარები ამეღო. აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვისაც მივაკითხე,  კამერის წინ საუაბარი არ ისურვა, არც თავისი ვინაობა გაამხილა.

ერთ-ერთმა თბილისელმა, რომელსაც ავტობუსში მგზავრობის დროს გავესაუბრე, მითხრა, რომ   მან და მისმა მეზობლებმა თბილისის მერიაში შეიტანეს განცხადება  და ხელისუფლებისგან ავტობუსის შიდასაქალაქო მარშრუტის შენარჩუნება მოითხოვეს.   როგორც კი  ვინაობა ვკითხე- გაჩუმდა.  შევეცადე  ამეხსნა,  რომ ვინაობის დამალვას აზრი არ ჰქონდა,  რადგან მერიაში შეტანილ განცხადებაზე მას ხელი ჰქონდა მოწერილი,   ესე იგი, მის შესახებ უკვე იციან და  მისთვის   პრობლემის შექმნის  მსურველი  განზრახვას ინტერვიუს წაკითხვის გარეშეც აასრულებდა.  რკინასავით  მტკიცე არგუმენტმა  არ გაჭრა.

დაძაბული და ზოგჯერ ნერვების მომშლლელი სამუშაო დღის ბოლოს კითხვა მიჩნდება ხოლმე:  რატომ ერიდებიან  რიგითი მოქალაქეები   ჟურნალისტებთან საუბარს და ვინაობის გამხელას?

ავტობუსის მძღოლს, რომელმაც დანამდვილებით  იცის, რომ ხვალიდან  სამსახურს დაკარგავს,  რატომ  უნდა უჭირდეს საკუთარ პრობლემაზე ღიად საუბარი?  ან,  რატომ ერიდება  ავტომფლობელი ღიად იმის თქმას, რომ ჩამუქებული მინების გამოცვლა მის  ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება?  იქნებ, ჰგონია, რომ პასუხს  მოსთხოვენ? დაიჭერენ?  იქნებ, ხელისუფლებაზე მეტად ჟურნალისტების შიში აქვს?  - ფრთხილობს, იქნებ  ჟურნალისტმა ნათქვამი სხვა კონტექსტში არ გადმოსცეს  ან,   სულაც, დაამახინჯოს.

არ ვიცი -   ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი არ მაქვს.

P.S. ამბობენ, შიშს დიდი თვალები აქვსო.   მე  კი ვიცი, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის გამყარებული.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test