შემოგვიერთდი

პოზა

22.11.2010 15:23

"ჩვენ არ გვჭირდება პოზა, ჩვენ გვაქვს პოზიცია - ვემსახუროთ ხალხს." ეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გზავნილია. მისი ამოკითხვა შეიძლება სპეციალურ ბროშურაში "რეკომენდაციები საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტისთვის", რომელიც 2005 წლის სექტემბერში მომზადდა და საჯარო სამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების, პრესსამსახურებისა და PR-ის წარმომადგენლებს დაურიგდა.

განვაგრძოთ: "ხალხი რამდენადაც კრებსითია, იმდენადვე კონკრეტულად ერთ ადამიანს გულისხმობს. ამიტომ საქმე ბევრი გვაქვს. ყველა წერილი,ყველა განცხადება, ყველა ზარი, ყველა შემთხვევა, ყველა წამოწყება, ყველა ინიციატივა მოქმედების იმპულსს უნდა გვიჩენდეს. ჩვენი მოქმედება ადეკვატური და რეზულტატურიც რომ იყოს, მონდომების გარდა, მიდგომების ცოდნაც გვჭირდება. ამიტომ წამოვიწყეთ დიალოგი ჩვენი საქმიანობის სპეციფიკაზე. ჩავუღრმავდეთ პროფესიულ რეკომენდაციებს."

ამ 38-გვერდიან გამოცემაში მოკლედაა მიმოხილული პრესსამსახურის სტრუქტურა, მიზნები და ფუნქციები, მისი გარე საკონტაქტო აუდიტორია, პრეს-კონფერენიცებისა და ბრიფინგების ორგანიზება, საინფორმაციო მომსახურების ძირითადი ინსტრუმენტები, PR-ის მართვის ფორმები, ანტიკრიზისული PR-მენემენტი და ა.შ. ერთი სიტყვით, გარკვეულ წარმოდგენას პრესამსახურის დანიშნულებაზე ეს ბროშურა ქმნის.

ყველაზე ფასეული ამ გამოცემაში ლოიდ ჯორჯის სიტყვებია; "საზოგადოების მხარდაჭერითა და გაგებით გაცილებით ადვილია მიაღწიო დასახული მიზნის წარმატებით განხორციელებას, ვიდრე საზოგადოების გულგრილობითა და ოპოზიციაში ყოფნით." კერძო კომპანიებისგან განსხვავებით, სახელმწიფო სამსახურებისთვის, ამ სენტენციას მეტი დატვირთვა აქვს, იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელსაც მას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა სძენს.

სამწუხაროდ, საჯარო ორგანიზაციების ნაწილში ამ ვალდებულებას ვერ აცნობიერებენ. მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომელზეც, ბოლო დროს, ყველაზე მეტი კრიტიკა ისმის. ჟურნალ "ლიბერალის" ჟურნალისტმა ნათია ახალაშვილმა, 17 ნოემბერს, ამაზე თავის ბლოგშიც დაიჩივლა. პასუხი, რომელიც მან სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროს ნინო პოტრჟებსკაიასგან მიიღო, ასეთი გახდათ:

"დღის განმავლობაში გიპასუხებთ. აა, ერთი წუთი, პრინციპში თქვენთვის პასუხის გაცემას რა აზრი აქვს! თქვენ ხომ ჩვენთან მხოლოდ ცალმხრივად თანამშრომლობთ. დღე არ გავა, რომ რამე საშინელება არ დაგვიწეროს "ლიბერალმა". თუკი ორმხრივ თანამშრომლობაზე წამოხვალთ, კი, ბატონო, გიპასუხებთ. ისე თქვენთვის დროის დაკარგვა არ ღირს..." სამინისტროს პრესამსახურისგან პასუხი ჟურნსლისტმა ვერც ელექტრონყლი ფოსტით გაგზავნილ წერილზე მიიღო. ისევე, როგორც, მაგალითად, მე, ამ უწყებისთვის ჯერ კიდევ 13 ოქტომბერს გაგზავნილ წერილზე.

შეიძლებოდა, ჩაგვეთვალა, რომ ეს დამოკიდებულება ნაწილია იმ გულგრილობისა, რასაც ჩვენი ხელისუფალნი, ძირითადად, ბეჭდური მედიის მიმართ იჩენენ, მაგრამ, როგორც ნათია ახალაშვილი ყვება, არსებობს გამონაკლისებიც. "გოგონი!!! იცი რას გეტყვი? რამხელაც შენ ხარ, იმხელა სტაჟი მაქვს ჟურნალისტიკაში, ასე რომ, რო მოდიხარ უნდა იცოდე ვისთან მოდიხარ!" - ასე პროფესიონალურად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, თურმე, სწორედ ტელეჟურნალისტისთვის მიუმართავს.

ამ ქალბატონთან ურთიერთობის პირადად ჩემი გამოცდილება (გამონაკლისი რომ ვყოფილიყავი, ამაზე ხმასაც არ ამოვიღებდი) მეტად ხანმოკლე, მაგრამ შთამბეჭდავია. როცა გაიგო, ჟურნალისტი ურეკვადა და კითხვები ჰქონდა, დამელოდეთო, მითხრა, სხვა ტელეფონზე დაწყებული საუბარი გააგრძელა, მერე კიდევ ერთ ზარს უპასუხა, შემდეგ მომიბრუბდა, რა გინდოდათო და ისე, რომ პასუხი არ დამამთავრებინა, შეკითხვები ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოაგზავნეთო, განმიცხადაა. ეს ყველაფერი - ისეთი ტონით, თითქოს, პატივს მდებდა, საერთოდ რომ მელაპარაკებოდა.

ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იქნებოდა, საუბარი იმ ხალხზე რომ არ იყოს, ვისაც ხელფასს საკუთარი ჯიბიდან ვუხდით და ჟურნალისტების მუშაობას ხელს რომ არ უშლიდეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთ ყველაზე დახურულ სტრუქტურად რომ იქცა, ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები, როგორც ბატონი შაშკინი ამბობს, დამოუკიდებელი სუბიექტებია და სამინისტრო მათ საქმეებში არ ერევა, სკოლის დირექტორის ან მასწავლებლისგან კომენტარის სამინისტროსთან შეუთანხმებლად მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ასე დამოუკიდებელი საქართველოც იყო საბჭოთა კავშირის დროს. იმ დროს, რომელზეც გვეუბნებიან უკან მოვიტოვეთო. ჩვენ, როგორც დაგვპირდნენ, სხვა ქვეყანას ვაშენებთ, დემოკრატიულს, სადაც პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ, ჟურნალისტებს, გვესმის, რომ პრესსამსახურს, თავისი, ამ შემთხვევაში, უწყებრივი ინტერესი ამოძრავებს და ყველაფერი, რასაც გეუბნება, კარგად უნდა გააანალიზო იქამდე, ვიდრე საზოგადოებამდე მიიტან. აქ მთავრდება ყველა "გადახვევა", რომელიც შეიძლება პრესსამსახურსგან დაუშვა.

სხვა დანარჩენი - უპასუხოდ დატოვებული ზარები თუ წერილები, კანონით დამოუკიდებელი სტრუქტურების საქმიანობაში ჩარევა, უხეშობა და ა.შ. მისი წარმომადგენლების არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, რაც ისეთ სფეროში, როგორიც მედიასთან ურთიერთობაა, დაუშვებელია. ახირებული ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარესაც მოიძებნებიან, მაგრამ საბოლოო სურათს მაინც, ამგვარ ურთიერთობებში, ერთ ადამიანთან ურთიერთობის გამოცდილება არ ქმნის.

პოზა, რომელიც დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კიდევ სხვა საჯარო უწყებების პრესამსახურების წარმომადგენლებს უჭირავთ, ძალიან შორსაა პოზიციისგან - "ვემსახუროთ ხალხს" და, იქამდე, ვიდრე ისინი ამ პოზას შეინარჩუნებენ, მედია, მთლიანად საზოგადოება ღრმად იქნება დარწმუნებული, რომ ეს არა მხოლოდ მათი, შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკების ახირება ან არაპროფესიონალიზმი კი არა, მათი ხელმძღვანელების, მაღალი და კიდევ უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკების დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნისადმი, ადამიანებისადმი, ვინც მათ სახელმწიფოს მართვა ჩააბარა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test