შემოგვიერთდი

Save Our Star!

22.11.2010 16:49

ხომ ხედავთ, მეც სუბტიტრებით დავიწყე წერა.

სათაურის მიუხედავად, ჩემი წერილი არც მიხეილ ცაგარელს ეძღვნება, არც ცხონებულ ევგენი ხარაძესა და, მით უმეტეს, არც "ბითლების" დრამერს.

ერთს ჩვეულებრივს ქვეყანაზედ მოგითხრობთ, თვითონ გადასარჩენი რომ იყო, მისი მოქალაქეები გადარჩენას სხვა ქვეყნებს რომ ეხვეწებოდნენ, თვითონ კი თავიანთი ოფლითა და ჯაფით მოკოწიწებულ კაპიკებს მავანთა და მავანთა გადასარჩენად რომ ხარჯავდნენ, აქაოდა, ვარსკვლავი ხდება და როგორ არ დავუმესიჯოთო, იქნება და ჩვენი ხმა აკლდება ზუსტადო!

შეიძლება, ახლა ზოგიერთმა თქვენგანმა არქაულად, არათანამედროვედ და ჩამორჩენილად მიმიჩნიოს და, პროტესტის ნიშნად, აქვე გაწყვიტოს ჩემი ნაცოდვილარის კითხვა, მაგრამ ეს მაინც უნდა ვთქვო.

ვიმეორებ, კი არ უნდა ვთქვა, უნდა ვთქო! იმიტომ, რომ მედიადივერსიას ქართველი მომხმარებლის ჯიბის წინააღმდეგ, რასაც ქართული ინტერაქტიული კონკურსები (აი, მესიჯებზე რომაა და გამარჯვებული მარტო სატელეფონო კომპანია რომ გამოდის ხოლმე, იმას ვგულისხმობ) და მათი ორგანიზატორები მიმართავენ, ნამდვილად ვერ გამოვთქვამ და აღვწერ თანამედროვე ლექსიკით.

მოდი, ამას შევხედოთ სხვა თვალით: ადამიანი ნიჭიერია, მიდის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გადის რამდენიმე საშინელ კასტინგს, რომელშიც, რამე ლაფსუსის ქმნის შემთხვევაში, აუცილებლად გახდება მთელი თუ არა, 19 წლის ქვემოთ ინტერნეტ-სამყაროს დასაცინი, ამის მერე, თუ ფინალურ ეტაპზე გააღწია, იწყება თავდავიწყება - ახლობლების სახლების გაყიდვა და მესიჯებზე დახარჯვა, ფანების კივილი დარბაზიდან და გაუთავებელი დავა ინტერნეტ-ფორუმებზე, რომელ კონკურსანტს სწყალობს ჟიური და რატომ.

საქართველო ისეთი ქვეყანაა და, მით უმეტეს, ქართულ მედიაში ისეთი სიტუაციაა, ასეთ კონკურსებში მიკერძოება ნულის ტოლი კი არა, სულ რომ მინუსებში იყოს, ხალხი მაინც არ დაიჯერებს. მით უმეტეს, რომ არც რეალურად აკლებენ მავანნი და მავანნი.

მაგრამ, იცით, რა არის მთავარი? ავიღოთ მუსიკალური კონკურსი... პრინციპში, ავიღოთ რა, თითქმის ყველა ქართული კონკურსი საბოლოო ჯამში მუსიკალური ხდება ხოლმე.

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ავიღოთ ნებისმიერი კონკურსი. რა უნდა გახდეს მისი გამარჯვებული? რა თქმა უნდა, ვარსკვლავი.

ერთხელ ბუბამ თქვა, კიკაბიძემ: ვარსკვლავი თუ ხარ, უნდა ანათებდე კიდეცო. ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ვარსკვლავი მე არ გამიგიაო და ლილოში ნაყიდი ფეხსაცმლით სცენაზე გამოსვლაც არ მესმისო.

არ დაგვიწყოთ ახლა  მე და ბატონ ბუბას, ყველა ფულიანი ხომ ვერ იქნებაო - ჯერ ერთი, SMS-კონკურსები სწორედ ფულიანებზე, ან ფულიანების ახლობლებზეა გათვლილი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ SMS-ები უფასო არაა.

არც ის არგუმენტი მიმაჩნია მართებულად: იქნებ მხარდამჭერი ჰყავს ბევრიო - რაც არ უნდა მხარდამჭერი ჰყავდეს, იმდენს მაინც ვერ დაამესიჯებს, რამდენიც გამარჯვებისთვისაა საჭირო (ხუმრობა ხომ არაა 12 კვირის მანძილზე მესიჯების გზავნა). თანაც, შეგახსენებთ, ეს საქართველოა - თუ ბევრი მეგობარი და ახლობელი გყავს, ესე იგი, ფული გაქვს, ხოლო თუ ფული გაქვს, სხვების მხარდაჭერა აღარ გჭირდება.

მაგრამ ასეც რომ არ იყოს, მთავარი მაინც სხვაა: ამ კონკურსანტებს, მათ მხარდამჭერებსა და მესიჯის მგზავნელებს არავინ ეუბნება, რომ ვარსკვლავად გახდომისთვის კიდევ უფრო მეტია საჭირო: მინიმუმ გვარის გადაკეთება მაინც.

ცნობისათვის: ვარსკვლავი რომ გამხდარიყო, ნორმა ჯინ ბეიკერი მერილინ მონროდ გადაიქცა, სოფია შიკოლონე - სოფი ლორენად, ხოლო მარია ლუიზა ჩიკონე საერთოდაც მადონა გახდა.

ჰოდა, ახლა ვინმე დამარწმუნებს, რომ ელდარ უხურგუნაშვილი, ჯიმშერ გარდაფხაძე და ჟენია უთურგაული გვარისა და სახელის გადაუკეთებლად გახდებიან ვარსკვლავები?

თანაც, რაც არ უნდა იყოს, როცა მოსახლეობა და მსმენელი, სულ რომ 100% გისმენდეს, სამ მილიონ ნახევარს არ აღემატება, ვარსკვლავობაზე საუბარი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ხმამაღალია.

ამ ყველაფრიდან გამოდის, რომ ჩვენც, კონკურსანტებსაც, მათ ახლობლებსაც, მდიდრებსაც და ღარიბებსაც ერთი და იგივე ხალხი - ტელეკომპანიის მესვეურები და სატელეფონო კომპანიები/მობილური ოპერატორები გვაბითურებენ.

ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა - ისევ მომხმარებლის უფლებებამდე მივდივართ.

მაყურებელი კი ისევ ზის და ამესიჯებს, თანაც ახლა უკვე საზღვარგარეთიდანაც შეიძლება მხარდაჭერა მომავალი ვარსკვლავებისთვის, უკვე 5 მესიჯის გაგზავნა შეგვიძლია ერთდროულად და უკვე 2011 წელი ახლოვდება, ჩვენთან კი არაფერი იცვლება...

ბოლოს, მათთვის, ვინც აქამდე ვერ მიხვდა - სათაურის აბრევიატურა ჟღერს, როგორც SOS! დაუმესიჯეთ და გადაარჩინეთ "ტიტანიკი" ჩაძირვას!

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test