შემოგვიერთდი

ნატა ძველიშვილი

ჭუბურხინჯელი ჰეკლბერი ფინი

24.11.2010 16:59

შაბათ - კვირას ზუგდიდში ტრენინგის ჩასატარებლად ჩავედი. კონფლიქტოლოგიით დაინტერესებული ადამაინებისთვის უნდა ამეხსნა, როგორ შეიძლება კონფლიქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ბლოგის საშუალებით. ჯგუფში სტუდენტებთან ერთად გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის საჯარო სკოლის 11 მოსწავლე მყავდა -  14-15 წლის მოზარდები. მედიას მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა  ყაჩაღობა, გატაცება ან სხვა  უბედურება  ხდებაო, მითხრა იმ ბიჭმა, ჰეკლბერი ფინს რომ ჰგავდა. არადა, თურმე ეს ბავშვები ათასგვარ ღონისძიებას ატარებენ - დადიან ექსკურსიაზე ახალ ათონში, რიწის ტბაზე, სადაც აფხაზები ხვდებიან და ერთად ათვალიერებებენ იქაურ ჯადოსნურ ბუნებას. კონცერტებს მართავენ, სპორტულ ტურნირებს აწყობენ.

ასეთი ამბები  ქართულ მედიაში არ შუქდება. ადამიანური ისტორიის ამსახველი არც ერთი სიუჟეტი არ გვიხილავს. არ წაგვიკითხავს ამბავი იმის შესახებ,   რომ აფხაზ ახალგაზრდებთან  მეგობრობა შეიძლება, რომ ისინი  ისეთივე წესით ცხოვრობენ, როგორც ენგურსგამოღმა დარჩენილი  მათი თანატოლები. მედიას არც ის მიუჩნევია ყურადსაღებად, ქართველი და აფხაზი სტუდენტები ნეიტრალურ ტერიტორიაზე რომ ხვდებიან ერთმანეთს და,  პოლიტიკის მიმართ გულგრილები,  იმას არკვევენ, რომელი სადღეგრძელო რის შემდეგ ისმევა.

სამაგიეროდ, დიდი მონდომებით და მრავალჯერ  გვახსენებენ ომისდროინდელ საზარელ ისტორიებს.  ვსაუბრობთ იმაზე, ვინ წააგო და ვინ მოიგო ომი. კონფლიქტის ზონაში მომხდარი  ყაჩაღობის, ძარცვისა და სროლის ფაქტებზე   გვიყვებიან მუდმივად.  არ აშუქებენ  კარგ ამბებს.

"როცა რესპონდენტი სჭირდებათ, ჩემი მეზობელი მიჰყავთ, თავშალს შემოახვევენ და გალელი თვითმხილველის როლში გამოჰყავთ", - მითხრა ტრენინგში მონაწილე ზუგდიდელმა გოგომ.

ჭუბურხინჯელი ჰეკლბერი ფინი გაოგნებული მიყვება:  დილით ტელევიზორს ვრთავ და ვიგებ რომ, თურმე, ჩემი კარის მეზობელი დაუყაჩაღებიათ, ამ დროს კი, მე არაფერი მსმენია და არც არაფერი გამიგია.

გსმენიათ რამე თანამდროვე აფხაზი მწერლების, პოეტების, მუსიკოსების, მხატვრების შესახებ? არადა, ბევრნი არიან. შეიძლება მთლად სოხუმელი ვერ ჩაწერო, მაგრამ გალში მცხოვრები ნიჭიერი ადამიანის პოვნა, არც ისე რთულია, მაგრამ არავის უცდია. ჭუბურხინჯელი ბიჭებისა არ იყოს, ვერ გამიგია,  რატომ არის ყაჩაღობის ფაქტი უფრო საინტერესო, ვიდრე ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მეგობრობის ამბავი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test