შემოგვიერთდი

რა? სად? ვისთვის?

02.12.2010 17:06

იქამდე მივედით, რომ ყველაზე  რეიტინგულ ინტელექტუალურ თამაშში წესები ირღვევა -   კითხვის სწორ პასუხს არასწორით ცვლიან მხოლოდ იმიტომ, რომ მოთამაშემ მოიგოს.

ვინც ვერ გაიგო - 28 ნოემბერს, კვირას, "რუსთავი-2"-ის საღამოს ეთერში გასულ გადაცემაში "რა? სად? როდის?", სადაც "ტელესახეების" გუნდი (კაპიტანი - ზაალ უდუმაშვილი) თამაშობდა, გაუგონარი  და გამაოგნებელი რაღაც მოხდა - თამაშის მსვლელობისას გადაცემის წამყვანმა (ნებსით თუ უნებლიედ, არ ვიცი, მაგრამ მაინც) დაუშვა შეცდომა, რომელმაც მოაზროვნეებს ერთი, შეიძლება ითქვას, დამატებითი ქულა მოუტანა.

კერძოდ, დაისვა  კითხვა:

-         უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: ძაღლები ადამიანებს გვიყურებენ ქვემოდან ზემოთ, კატები - ზემოდან ქვემოთ, მხოლოდ ეს ცხოველი გვიყურებს, როგორც თანაბარი - თანაბარსო! რომელი ცხოველი ჰყავდა მხედველობაში გურმან უინსტონ ჩერჩილს?

ამ კითხვაზე ერთ-ერთმა მოთამაშემ, მიშა მშვილდაძემ, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, უპასუხა, რომ ჩერჩილს მხედველობაში ჰყავდა ძროხა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ეს სწორი პასუხი იყო და გუნდმა ქულა აიღო.

სინამდვილეში სწორი პასუხი იყო "ღორი".

ახლა არ დამიწყოთ შემოდავება: შარზე ხარ და იგონებ რაღაცეებსო - http://www.quotationspage.com/quote/772.html აი, ამ ბმულს მიჰყევით, ვისაც დაგაინტერესებთ და ნახავთ, და საერთოდ, ნებისმიერ საძიებო სისტემაში ჩაწერეთ უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამები და ნახეთ, თუ არსებობს ვერსია, სადაც ძროხაზეა საუბარი?

წესით, დიდი არაფერი მომხდარა და თუ არ დავაკვირდებით, ვერც ვერავინ გაიგო ეს სამწუხარო ამბავი, მაგრამ... არსებობს ერთი "მაგრამ" - რატომ მოხდა ეს კაზუსი მაინცდამაინც იმ დღეს, როცა სტუდიაში ტელეწამყვანების გუნდი თამაშობდა? და რატომ დაუშვა შეცდომა გადაცემის ხელმძღვანელობამ კითხვის რედაქტირებისას?

სწორედ ხელმძღვანელობამ დაუშვა შეცდომა და არა კითხვის გამომგზავნმა - ცნობილია, რომ თუ მაგ გადაცემაში კითხვას გააგზავნი, ეს კითხვა აუცილებლად გაივლის შემოწმება-გადამოწმების რამდენიმე ეტაპს (იმიტომ, რომ ფულზეა თამაში და წარმატებული კითხვის ავტორი ფულს მიიღებს) და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაისმება გადაცემაში, თუ იქ მითითებული ფაქტები, წყარო და მონაცემები უტყუარია.

აქედან გამომდინარე, გამორიცხულია, რომ სათამაშო მაგიდაზე მოხვდეს შეუმოწმებელი და ფაქტობრივი შეცდომის შემცველი კითხვა.

ფაქტი კი ისევ ჯიუტია - შეცდომით გაცემულმა პასუხმა მოთამაშეებს მოუტანა ქულა, ხოლო კითხვის ავტორს საკმაოდ სოლიდური თანხა დააკარგვინა.

თუ შეცდომა გამორიცხული იყო, ხოლო წამყვანი - ფხიზელი, მაშ რას შეეძლო, გამოეწვია ეს ფაქტი?

ჩემი ვარაუდით, წამყვანმა უბრალოდ დაინდო  თავისი კოლეგები, სამწუხაროდ, ტრადიციულად, ტელემაყურებლის უფლებების ხარჯზე.

და თუ ეს ასე არ არის, მაშინ მიზეზად, სრულიად წარმატებით,  შეიძლება დავასახელოთ გლობალური დათბობა.

არადა,  ეგ ერთადერთი გადაცემა იყო, სადაც ჯერ არ ჰქონდათ ტელესახეებს ყველაფერი უზურპირებული. მხოლოდ მაგ შოუში შეეძლო მისვლა და მონაწილეობის მიღება ჩვეულებრივ მოკვდავს.

მაგ თამაშის ძირითადი პრინციპი თანასწორობაა - იქ, სადაც "რა? სად? როდის?" შეიქმნა, ხალხი ნამდვილად ერუდიციის  მიხედვით განსხვავდება და არა შინაურობის, კოლეგიალობისა და პოპულარობის  მიხედვით.

სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ამ თამაშში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სწორედ საქართველოს ნაკრები გახლავთ - ჰოდა, მით უმეტეს, უცნაურია ასეთი საქციელი!

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test