შემოგვიერთდი

„პრაიმ ტაიმში"

02.12.2010 17:27

ჭორი საუკეთესო საშუალებაა სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად. არის ჭორი, რომელსაც, რესპექტაბელურობის გამო, ამბავს უწოდებენ. დახვეწილი ჭორის ანუ ამბის ტექნოლოგია, ისეთისა, მსჯელობას რომ გამოიწვევს და ფაქტად ქცევის პრეტენზია ექნება, სხვაა, რიგითისა, ძირითადად, ენის  მოსაქავებლად რომ იყენებენ, ისიც, საყველპურო საუბრებში - სხვა.

როდესაც Prime Time იწყებდა გამოსვლას, იმ განაცხადის მიხედვით, რომელიც მისმა დამფუძნებლებმა გააკეთეს (და, იმ ამბების დამსახურებითაც, რომელიც ამ გამოცემასთან დაკავშირებით ისმოდა), დავასკვენი, რომ, მავანი და მავანი ქართულ მედიაბაზარზე სერიოზულ და კარგად გააზრებულ ნაბიჯს დგამდა.

იმ დროს, თითქმის ორი წლის წინათ, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ გავრცელებითა და ფინანსური თვალსაზირისით ყველაზე დიდმა ტელევიზიებმა საზოგადოების ნდობის სერიოზული ნაწილი დაკარგეს. ადამიანები გაზეთებისკენ მიტრიალდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი შეძენის სახსარი ყველას არ გააჩნდა, ხალხის ეს რაქცია გამოიწვია ბუნებრივმა სურვილმა, გაეგოთ, ხედავდა თუ არა ვინმე კიდევ, მათ გარდა, იმას, რაც ქვეყანაში, მინით მოპირკეთებულ შენობებზე შებმული წითელი ლენტების გაჭრისა და ზამთარშიც კი მოჩუხჩუხე შადრევნების მიღმა ხდებოდა.

გაჭირვების გამო, ახალ ქართულ რეალობაში გაჩნდა და დღემდე მოქმედებს გაზეთის 10-15 თეთრად წაკითხვის წესი იქვე, მის რეალიზატორთან. კითხვას: რა უფრო საყურადღებოა აქ - გაზეთის გამყიდველის მოგება თუ ის, რომ ინფორმაცია ადამიანამდე მიდის, პირადად მე, ერთი პასუხი მაქვს - ის, რომ ინფორმაცია ადამიანამდე მიდის. მესმის, არაკომერციული განცხადებაა, მაგრამ ეს ყველაფერი დაახლოებით იმას ჰგავს, რასაც ბალახი აკეთებს, როცა გზას იკვალავს - ქვასაც კი ხვრეტს და სინათლეზე გამოდის.

ის, რომ ხალხმა ინფორმაციის მიღების ასეთი გზა იპოვა, ინფორმაციის მართვით დაინტერესებული ფიგურებისთვის გააქტიურებული ბაზრის ათვისების ნიშანი უნდა ყოფილიყო. როგორ უნდა დააინტერესო ადამიანი ახალი გაზეთით იქ, სადაც გაზეთების ნაკლებობა არ არის? დაახლოვებით მაინც უნდა იცოდე, რითი შეიძლება მისი მიზიდვა. მაგალითად, ჭორით. ჭორი ხომ ყველას აინტერესებს. კარგია თუ ცუდი, ერთხელ ყურს ყველა მიუგდებს, შეიძლება, აბსოლუტურად გაუმიზნავად გაავრცელოს კიდეც, მიუხედავად იმისა, დაიჯერა თუ არა იგი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ინტერესში სწორედ ეს არის - შესაძლებლობა, ადამიანები აალაპარაკო იმაზე, რაც შენთვისაა მნიშვნელოვანი. თუ დახვეწილ ჭორს მიაწვდი, მეტია შანსი, იგი ბევრმა დაიჯეროს. მით უმეტეს - საქართველოში, სადაც, წესით, ყველაზე გამჭვირვალე თემის - საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებაც კი, მნიშვნელოვანწილად, ამბის დონეზე გვიწევს საუბარი.

ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია ხალხი აალაპარაკო. ვინ დაიჯერებს, ვინ - არა, მეორეხარისხოვანია. ის უკვე გარანტირებულია, რომ, ვიღაცაზე თუ რაღაცაზე საუბრისას, ჭორი, რომელიც მიმოქცევაში გაუშვი, ქვეცნობიერში ამოყოფს თავს. თუ შენი პირიდან ისეთი ამბებიც გასულა, რაც მოგვიანებით დადასტურებდა, მთლად უკეთესი. ამ შემთხვევაში, ადამიანს აუცილებლად გააწველებს აზრი, ის ჭორი თუ მართალი გამოდგა, რატომ არ შეიძლება ესეც მართალი აღმოჩნდესო.

Prime Time-მა პირდაპირ განაცხადა, რომ ტაბლოიდია. შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ჭორებსა და ჭორებს შორის, მასში გაცილებით მნიშვნელოვანი რამეებიც გაჟონავდა, არსებობდა. იმის გათვალისწინებით, ვის გაზეთადაც მოიზრება ეს გამოცემა, მიზანში ისინი უნდა ამოეღოთ, ვინც ხელისუფლებას, უფრო ზუსტად, ქალაქის მერს არ ეპიტნავებოდა. ეს ყველაფერი - ვარაუდების დონეზე, თუმცა, Prime Time საკუთარ თავზე თავისი ფურცლებიდანვე საუბრობს.

ამ გაზეთის სულ სამი ნომერი მაქვს შეძენილი: პირველი - იმიტომ, რომ ყველა ახალი გამოცემა მაინტერესებს; ის, რომელშიც პრეზიდენტის ინტერვიუ იყო ორ ქსენიასთან და ამ კვირისა - რადგან Prime Time-ზე დაწერა გადავწყვიტე. პირველ ორზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, პირველი გადავათვალიერე, მეორეში მხოლოდ ის ინტერვიუ წავიკითხე. რაც შეეხება მესამეს... ყველა ე.წ. სერიოზული მასალა, რომელშიც მთავარ სათქმელს სტრიქონებს შორის მსუბუქად და დასამახსოვრებლად უნდა გაეჟონა, თავიდან ბოლომდე წავიკითხე.

გაზეთის ამ ნომერში ასეთი ათი, დიდი თუ მცირე მასალაა. აქედან პირველი ლისაბონის სამიტს ეძღვნება. ხმაურიანი სათაური და მასალის პთეტიკა გვეუბნება, რომ ამერიკა საქართველოს არ მიატოვებს, მოსკოვმა კი ვერ მიიღო ის, რისთვისაც მედვედევი ლისაბონში ჩავიდა. სამ ფოტოზე, რომელიც მასალას ახლავს, მხოლოდ ობამა და სააკაშვილი არიან, მეგობრული ფოტოებია და, თითქოს, მასალაც კეთილგანწყობილი უნდა იყოს, მაგრამ არა ყველასთვის. მაგალითად, როგორც ავტორი წერს "კვადრატში ექსპრეზიდენტი" და "დაბოღმილი" ბურჯანაძისთვის.

ნინო ბურჯანაძე ამ ნომრის მთავარი გმირია და ყველაფერი, რაც მასზეა დაწერილი, ამგვარ და უარეს ტონში იკითხება. მეტიც, მის კონტექსტში გალანძღულია ხალხი. "გუშინდელთა დოღი" - ასე ეწოდება მასალას, რომელშიც ვკითხულოთ: "ისე, ძალიან საინტერესოა, "ქალბატონმა "ხორბალოვნამ" რატომ 23 ნოემბერს, ესე იგი "ვარდების რევოლუციის" 7 წლისთავს არ დაამთხვია ე.წ. "სახალხო წარმომადგენლობითი კრება"?" და - ცოტა ქვევით: "ხორბალოსანთა" მქუხარე ტაშის აკომპანიმენტით"... "ის ბრბო, ამ სიტყვებზე იქ ტაშით რომ იტყავებდა ხელის გულებს"... და ა.შ.

"ბურჯანაძის ნამატი" - ასე ეწოდება სხვა მასალას და იგი გვეუბნება: "ნინო ბურჯანაძე "გამდიდრდა". მასა და მის პროექტს, თემურ შაშიაშვილისა და "მწვანეების" გარდა, შედარებით მსუყე სახეები უერთდებიან." Prime Time-ის ამ ნომერში წაიკითხავთ, რომ, ზოგადად, ოპოზიცია "კატათაგვობანას თამაშს ვერ გადაეჩვია", მაგრამ ყველაზე "თბილი" სიტყვები ისევ და ისევ მხოლოდ ნინო ბურჯანაძისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, ასეთი: "იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე კი მხოლოდ საჭირო და სასარგებლო ბუტაფორიის როლს ასრულებდა და მეტს არაფერს".

მასალაში "პუტინის "ენვერი" დასმულია კითხვა: "ვინ არის ბურჯანაძე, რომელიც პუტინს ხელს ართმევს და მის გეგმებს საქართველოში ახორციელებს? რუსეთის გეგმა რომ არ იყოს საქართველოში დესტაბილიზაცია, ნინო ბურჯანაძეს რევოლუციის ფული საიდან ექნებოდა? მხოლოდ ქურდების "ობშიაკის" იმედად ვერ იქნებოდა?" და, ცოტა ქვევით აყოლებენ: "როგორც ჩანს, ქუჩაში დგომის მომხრეები არჩევანში თავისუფლები არ იყვნენ. ასეა ყოველთვის, როცა რუსეთზე ხარ დამოკიდებული და არევა გევალება."

ამ მასალას არ აქვს ჭორაობის მსუბუქი ელფერი, შესაბამისად, იბადება კითხვა: სად არის ბრალდებების დადასტურება? ნინო ბურჯანაძეზე იქნება საუბარი, ირაკლი ალასანიაზე თუ გიგი უგულავაზე, მსგავს შემთხვევებში, ეს კითხვა აუცილებლად გაჩნდება. პასუხი მასალაში არ არის. სამაგიეროდ გაზეთში არის კიდევ ერთი მასალა, სახელწოდებით "ვინ არის "ენვერი" ოპოზიციაში?", რომელიც გაფიქრებინებს, რომ "ენვერი" Prime Time-ის ამ ნომრის კოდური სიტყვაა.

"პუტინის "ენვერის" გვერდით Prime Time ბეჭდავს ინტერვიუს გიგი უგულავასთან. საგაზეთო გვერდი და კიდევ ორი სვეტი ეთმობა მასალას, რომელშიც ქალაქის მერი ბოლო დროს გააქტიურებული ყველა პრობლემის ახსნას ცდილობს. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემცირებისას. გიგი უგულავას განცხადების მიხედვით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გამხდარა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერა ბიუჯეტს 65 მილიონი ლარი უჯდება, აქედან ნაწილი შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის სუბსიდირებაზე იხარჯება.

ქალაქის მერთან ინტერვიუს ბოლოს ვარკვევთ, რომ მერიის ადმინისტრაციული ხარჯი 40 მილიონამდე ყოფილა. მთლიანად ფრაზა უცნაურია, - "ადმინისტრაციული ხარჯი თუ იყო 40 მილინამდე, წარმოდგენილ ბიუჯეტში 22 მილიონი კიდევ შემცირდა", - ამბობს გიგი უგულავა. ინტერიუში არ დაისმის კითხვები: მაინც რამდენია დღეს მერიის ადმინისტრაციული ხარჯები და რამდენი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერისა და როგორ მოხდა, რომ ქალაქის ადმინისტრაციული ხარჯები 40 მილიონს შეადგენდა მაშინ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შენახვაზე, მძღოლების ხელფასებსა და შეღავათით მოსარგებლე მოსახლეობის სუბსიდირებაზე, მთლიანობაში, სულ 65 მილიონი იხარჯებოდა?

დამოკიდებულებას, რომელსაც ეს მომენტები ქმნის, არაფერი აქვს საერთო სიმსუბუქესთან და ადვილად დამახსოვრებასთან. ისინი უფრო გაღიზიანებას იწვევს, ზოგან - გამოტოვებული კთხვებისა და ზოგან - შეურაცხმყოფელი შეფასებების გამო. შესაბამისად, ხელს არ უწყობს იმ შედეგის მიღებას, რომელსაც ჭორების საშუალებით აზრის მანიპულირების მსურველი შეიძლება ელოდეს. ასეთი შედეგი ამ ნომერში დაბეჭდილ ერთი მასალას თუ ექნება, ინტერვიუს ეკა ბესელიასთან.

მასში, სრულიად უბრალო და უმტკივნეული კითხვებზე მიღებულ პასუხებს შორის, ასეთი რამეები შეგიძლიათ ამოიკითხოთ: "შარშან პარლამენტის შენობიდან ავლაბრის რეზიდენციამდე იმდენი ვიარეთ ფეხით, რომ დავიკელი. მინდოდა მიტინგები კიდევ გამეგრძელებინა. მართლა მარტო აქციებზე კი არ ივლი, არადა ისე ფეხით სიარულის საშუალება არ მაქვს. მანქანით ვმოძრაობ და კაბინეტში ვზივარ"; "რთულია თავზე ზრუნვა, როდესაც მიტინგები იწყება. ყოველი დაბადების დღისთვის ვიჭრიდი თმას. მაგრამ ამ წელს  ეს ტრადიცია დავარღვიე და თმა არ შევიჭერი, რადგან გავითვალისწინე, რომ 25 ნოემბრიდან ქუჩაში ყოფნა მომიწევდა, მოკლე თმა კი არაპრაქტიკულია".

რაზე ფიქრობს ეკა ბესელია?

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test