შემოგვიერთდი

თითქმის უკომენტაროდ

11.12.2010 07:59

პირდაპირ დავიწყებ: ამ დილით ნაცემი ჟურნალისტის სანახავად ვიყავი, მორიგი ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგიულად აღადგინეს, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ჟურნალისტის სახე. აქამდე იგი ფედერალური ეთერისთვის არ არსებობდა, რადიკალურ ოპოზიციაზე წერდა, საპროტესტო გამოსვლებზე, ახალგაზრდულ მოძრაობებზე, მათ მეთაურებზე, ეს თემები და მათი გმირები კი, ამ ტელევიზიებისთვის საინტერესო არაა.

ჯერ - მედია ოლიგარქების, შემდეგ კი - კონტრტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანობისთვის, ფედერალური ტელევიზიები თანდათან განსახელმწიფოვდა. ჟურნალისტური თემები და მათთან ერთად მთელი ცხოვრება საბოლოოდ გაიყო ტელევიზიაში გამსვლელ და აკრძალულ ნაწილებად. პოლიტიკურად მნიშვნელოვან ყველა ეთერში იგრძნობა ხელისუფლების მიზნები და ამოცანები, მისი განწყობა, დამოკიდებულება, მისი მეგობრები და მოწინააღმდეგეები. ინსტიტუციურად, ის, რასაც ეს ტელევიზიები გვთავაზობენ, ინფორმაციაც არაა, ხელისუფლების "პიარია" ან "ანტიპიარი".

ფედერალური ტელეარხების კორესპონდენტისთვის უმაღლესი თანამდებობის პირები "ნიუსმეიკერები" კი არა, მათი ხელმძღვანელების ხელმძღვანელები არიან. ინსტიტუციურად, ამ დროს კორესპონდენტი ჟურნალისტიც არაა, ჩინოვნიკია, რომელიც მსახურებისა და მორჩილების ლოგიკას მიყვება. ხელმძღვანელის ხელმძღვანელთან არ შეიძლება, მაგალითად, ინტერვიუს ჩაწერა, ამ ჟანრის ნამდვილი გაგებით: გახნა ის, ვისაც, შეიძლება, არც უნდა, რომ გახსნან.

ჩნდება შთაბეჭდილება, რომ წამყვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთები და ფედერალური ტელევიზიები ერთზე კი არა, სხვა და სხვა ქვეყნებზე ყვებიან. ხელისუფლების შესახებ, ფედერალურ ტელევიზიებში, არ ისმის კრიტიკული, სკეპტიკური ან ირონიული განსჯები. უმაღლესი ხელისუფლება წარმოდგენილია ძვირფას მიცვალებულად - მასზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი. ეს მაშინ, როცა აუდიტორიაში აშკარად არსებობს სხვა განწყობებიც.

მომრავლდა მარადმწვანე მიღებები, ნაცნობი ყველასთვის, ვინც საბჭოთა ტელევიზიას მოესწრო, როცა რეპორტაჟს ოფიციალური შეხვედრების პროტოკოლური გადაღება ცვლის, ტექსტი ინტონაციურ მხარდაჭერას შეიცავს, პირველი პირი იღებს მინისტრს, ან რეგიონის თავს, გადის ხალხში, ატარებს სამმიტს უცხოელ კოლეგებთან. ეს არ არის ახალი ამბები, ძველი ამბებია, გამეორება იმისა, თუ რას ნიშნავს ასეთ დროს მაუწყებლობა. ბევრია ჩვენება საინფორმაციო მიზეზის გარეშე. ასე კი, ეკრანზე რეგულური გამოჩენის გზით, ფიგურა ნებისმიერი გახდება.

ჩვენი ტელევიზია სულ უფრ მეტად გვართობს, გვაცინებს, გვახსენებს თავს, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ინსტიტუტს მას ვერ უწოდებ. დარწმუნებული ვარ: ეს, მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილის მხრიდან ტელევიზორის ყურების დონის დაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. რისთვის ჩავრთო, ამ გადაცემებს ხომ ჩემთვის არ აკეთებენ - ასე ფიქრობენ დამიანები.

უფრო უარესი ისაა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ჟურნალისტიკა უკვე აღარ ესაჭიროება. იმასაც ამბობენ: "კარგი, სცემეს ჟურნალისტი, დიდი ამბავი, ცოტას სცემენ ჩვენთან, მის გამო რატომ უნდა ავტეხოთ ამბავი?". ადამიანებს არ ესმით, რომ პროფესიულ რისკზე ჟურნალისტი თავისი აუდიტორიის გამო მიდის. ჟურნალისტს არ სცემენ იმის გამო, რაც დაწერა, თქვა ან გადაიღო, სცემენ იმისთვის, რომ ეს სხვებმა წაიკითხეს, გაიგონეს ან ნახეს.

ყველაფერი, რაც ახლა წაიკითხეთ, ნაცემი ჟურნალისტის ამბიდან დაწყებული, ტელეკომპანია НТВ-ს ყოფილმა წამყვანმა, რუსული Newsweek-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ლეონიდ პარფიონოვმა, 26 ნოემბერს, ვლად ლისტევის პრემიის მინიჭების ცერემონიალზე, თავის გამოსვლაში თქვა.

ჩვენ უკვე ვიცით, ვისზე აუღია სწორება საქართველოს.

სულ ეს არის, რაც დღეს მინდოდა მეთქვა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test