შემოგვიერთდი

წიკილიკსი

11.12.2010 08:19

ასე განმიმარტა ჩემმა მეგობარმა, თუ სად  ინატრებდა მუშაობას. ალბათ ახსნა არ უნდა დაგჭირდეთ, რომ "წიკილიკსი" საიტ WikiLeaks-ის ქართული შრიფტით აკრეფილი სახელწოდება იყო, მაგრამ  თუ დააკვირდებით, არც მთლად შეცდომა უნდა იყოს ასეთი ფორმულირება საოცნებო სამუშაო ადგილისა.

ჩავეძიოთ ბოლო დროს ქართულ ენაში დამკვიდრებული  დამახინჯებული ბარბარიზმის - "წიკის" განმარტებას და ვნახოთ, საიდან მოდის ეს სიტყვა:

ტიკი

(ფრანგ.) ნერვული ტოკვა,  კრუნჩხვა -  ჰიპერკინეზის  ერთ-ერთი სახე, ახასიათებს  კუნთების უნებლიე,  სწრაფი სტერეოტიპული  კლონური შეკუმშვა, რომელიც გარეგნულად  ძალიან წააგავს  მიზანდასახულ  მოძრაობას. (http://lexicon.psp.ge/?lang=geo&word=3437&name=%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98)

ტიკი  - განმეორებადი, სწრაფი, უნებლიე  არატიტმული მოძრაობა, რომელიც მოიცავს  კუნთების შემოფარგლულ  ჯგუფს; განსაკუთრებით  ხშირია ბავშვობის  ასაკში. (სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი, http://medgeo.net/2009/12/25/ტიკი/ )

მერე ისე მოხდა, როგორც წესია - ქართველებმა  ეს სიტყვა გავიგეთ რუსულად, ახლა ძებნას ხომ არ დავიწყებდით: ქართულად როგორ იქნებაო? პირდაპირ დავამკვიდრეთ და ქართულ მართლმეტყველებაში "ვოშონგთონის", "პუწინის", "ძიმა შაშკინისა" და "შვეციის" გვერდით მშვენიერი ნეოლოგიზმი "წიკი" მივიღეთ. თანაც, უკვე შეცვლილი მნიშველობით - თანამედროვე  საუბარში "წიკი" აკვიატებულ ჩვევებს, შიშებს, გადამეტებულ სინაზესა და საჭმელების სიძულვილს აღნიშნავს.

მესმის, რომ  ძალიან გამიგრძელდა "წიკის"  ეტიმოლოგიის კვლევა-ძიება, მაგრამ ისე კარგად ჩაჯდა ჩემი მეგობრის მიერ მოწერილი ზემოხსენებული სტატიის სათაურში ეს მადლიანი სიტყვა, რომ არ დამეწერა, არ გამოდიოდა.

დიახაც, ჩვენი  ჟურნალისტების წიკია სკანდალების  ძიება იქ, სადაც ისინი  არ არის და, არც შეიძლება, იყოს. WikiLeaks-ისგან განსხვავებით, ჩვენი მედია პოლიტიკურ სკანდალებს ვერ სწყალობს.

განა არ სწყალობს - ვერ სწყალობს.

ვერ სწყალობს იმიტომ, რომ

ა) საქართველო პატარა ქვეყანაა, შესაბამისად, მედიაც პატარაა. ყველა ერთმანეთს იცნობს, ამიტომ, ძირითადად, ინფორმაციის წყაროს კონფიდენციურობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ ინფორმაციამ გაჟონა (Leaks - გაჟონვა), უბრალოდ შეხვალთ კონკრეტული ჟურნალისტის პროფაილზე Facebook-ში და თუ გონებაც გიწყობთ ხელს, უმალ აღმოაჩენთ გაჟონვის წყაროს. დანარჩენი თქვენზეა.

ბ) აქ ჟურნალისტებს არ აქვთ გარანტიები. გარანტიები არც ასანჟს (WikiLeaks-ის შეფია) ჰქონდა - Amazon-მა ჰოსტინგი გაუთიშა, PayPal-მა ანგარიშები გაუყინა - მაგრამ ადგნენ საიტის მფლობელები და თავიანთი საიტი გადაიტანეს შვეიცარიაში, შვეიცარულ დომენზე. შემდეგ სხვაგან, კიდევ სხვაგან და ასე შემდეგ. საქართველოში მსგავსი მიზეზით საიტი რომ გათიშო, მისი მფლობელი, მაქსიმუმ, რუსეთში გაიქცეს - სხვაგან სად წავა, ან ვინ გაუშვებს, ჩვენებს რომც გაექცეს, რუსები ასეთ შანსს არ დაკარგავენ. ეს მაქსიმუმ, თორემ მინიმუმ გალოთდება და მოკვდება.

გ და ყველაზე  მთავარი) საქართველოში სტატიებს ძირითადად არ კითხულობენ. ლეგენდარული "გამყრელიძის დასკვნიდან"  (კ/ფ "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" მაქვს მხედველობაში, სხვა ყველა მსგავსება შემთხვევითია) მოყოლებული ჩვენი ელიტა, მოაზროვნეები და საზოგადოების სხვა ფენები (რომელნიც ძირითადად თავის არსებობას მალავენ და წინა ორ კატეგორიას მიაკუთვნებენ საკუთარ თავს - წიკი აქვთ ასეთი) კითხულობენ არა სტატიებს, არამედ რეცენზიებს. ახლა, ტექნოლოგიების შესაბამისად, კითხულობენ არა პოსტებს, არამედ კომენტარებს და ასე გრძელდება გაუთავებლად.

შესაბამისად, საქართველოში რომ რამე ასეთი დაწერილიყო, ამის შესახებ გაიგებდნენ ძალიან გვიან, იმიტომ რომ "ჯეოსტარის," "პროფილის" ან "PrimeTime"-ს ბოლო, ჯერაც დასაბეჭდი ნომრის განხილვით იქნებოდნენ დაკავებულნი (აქ ყველამ ყველაფერი იცის, მათ შორის, რა დაიბეჭდება გაზეთის მომავალ ნომერში, იმიტომ რომ ყველა ჟურნალისტი ყველას ახლობელია).

საქართველოში  WikiLeaks მანამ არ გახდებოდა პოპულარული, სანამ მისი სატელევიზიო ვერსია არ შეიქმნებოდა, რომელსაც სავარაუდოდ, ცნობილი ტელესახეები გაუძღვებოდნენ.

ეს, რაც ახლა გითხარით, წიკი არ გეგონოთ, ეს ქართული წარმატების რეცეპტია. ასე, რომ კიდევ კარგი, პატარა ქვეყანა ვართ და ასანჟმა ჩვენი არსებობის შესახებ, სავარაუდოდ, არაფერი იცის, თორემ თავის წიკილიკსს ქართულ სერვერებზე გადმოიტანდა, ქართულ ფორმატს მოარგებდა და საბოლოოდ გაგვიფუჭებდა ურთიერთობას ჩვენს ერთადერთ მოკავშირე აშშ-სთან.

სხვათა შორის, ჩემი მეგობარი, რომელმაც წიკილიკსში მუშაობის სურვილი გამოთქვა, სულაც არაა ჟურნალისტი და არც კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან აქვს შეხება - ფსიქიატრი გახლავთ პროფესიით და ამჟამად მუშაობს თემაზე: "ჯაშუშები და ფსიქოლოგია: პოლიტიკური ვუაიერიზმის თავისებურებანი"

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test