შემოგვიერთდი

კიბერომი და მშვიდობა

19.12.2010 15:12

ბოლო რამდენიმე კვირაა, საინფორმაციო საშუალებები წალეკა ინფორმაციებმა WikiLeaks-ის შესახებ.

საიტმა, რომელსაც მანამდე ცოტა თუ იცნობდა, სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა მედიის გაგება - ასე იხსენიებდა WikiLeaks-ს ერთი საერთაშორისო ექსპერტი.

რა თქმა უნდა, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ საქმე გვაქვს პირველ მსოფლიო კიბერომთან, რომელიც გამოცხადების გარეშე დაიწყო და როგორ და რითი დასრულდება, ამაზე ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდები არსებობს - ჯულიან ასანჟს თუ დავუჯერებთ : ციხეში კი ვიჯექი და შინაპატიმრობა კი მაქვს მოსჯილი, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია!-ო - უთქვამს, როცა თავდებით გამოშვებული მანქანაში ჯდებოდა.

ხუმრობა იქით იყოს, და კიბერომს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სახეობის ომს, თავისი კანონები და განმასხვავებელი ნიშნები აქვს. ვეცდები, რამდენიმე მათგანის დახმარებით, მოკლედ მოგახსენოთ ჩემი ვერსია ამასთან დაკავშირებით:

1.      "იგი იმ სარდლების რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც იციან, როდის უნდა იბრძოლონ და როდის - გაიმარჯვონ!" - სუნ ძი;

ომის წარმოებისათვის გადამწყვეტი ფაქტორია დრო. ასანჟმა რამდენად იცის სუნ ძის პოსტულატები, ამის შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ აშკარაა - ეს ადამიანი (და/ან მისი გარემოცვა) უზუსტესად ასრულებს დიდი ჩინელი სტრატეგის ანდერძს.

WikiLeaks-მა შეარჩია დრო, როდესაც მსოფლიოს ყურადღება სხვა არაფერზე იყო გადატანილი. ანუ მის მიერ გამომზეურებული ინფორმაციის სხვა რამით გადაფარვა თითქმის შეუძლებელი იყო. მკითხველის ყურადღებას არაფერი მიიპყრობდა, გარდა საიტზე გამოქვეყნებული სტატიებისა. მით უმეტეს, რომ აშშ-ს მთავრობა, რომელიც WikiLeaks-მა ყველაზე მეტად დააზარალა, ამისათვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.

2.      "მტერს მაშინ უნდა შეუტიო, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდება და დაარტყა იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდება. ომის ხელოვნება მოტყუების ხელოვნებაა" - ისევ სუნ ძი;

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მ ყველა სფეროში გააძლიერა უსაფრთხოება. თავდაცვის სისტემებზე რომ არაფერი ვთქვათ, არ დარჩენილა სახელმწიფო სეგმენტი, რომელსაც აშშ-ს უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ხელი არ შეხებოდა და ყოვლისმხილხველ თვალს არ ჩაეხედა მის ე. წ. "დაცულ არქივებში".

და როდესაც აშშ დარწმუნდა, რომ მისი ყველაზე დიდი პრობლემა ავღანეთის ომის წარმატება გახლდათ, სწორედ მაშინ ამოქმედდა ჯულიან ასანჟის "ყოვლად მზაკვრული" გეგმა. თანაც შტატებმა დარტყმა იგემა აბსოლუტურად ყველა სფეროში, განსაკუთრებით საგარეო ურთიერთობებში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში პრობლემების გარეშე მუშაობდა.

3.      "მოაჩვენე მტერს, თითქოს გეშინია, მაშინ როცა საბრძოლველად მიგიწევს გული. როცა შორს ხარ, მოაჩვენე ისე, თითქოს ახლოს ხარ. თუ ახლოს ხარ, მოიქეცი ისე, თითქოს შორს ხარ." - ისევ სუნ ძი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს.

დღევანდელ დღეს დამალვა, თანაც ისე, რომ FBI და CIA დაგეძებდნენ და ვერ გპოულობდნენ, უკვე შეუძლებლად ითვლებოდა, სანამ ბრძოლის ველზე ასანჟი და მისი WikiLeaks გამოვიდოდნენ. დღემდე ვერავინ გაიგო, როგორ მოახერხა ჩვეულებრივი ადამიანების, თუნდაც, ჰაკერების ჯგუფმა, ისე ეწარმოებინა კიბერომი სხვადასხვა ფრონტზე, რომ ვერავის აღმოეჩინა ისინი.

4.      "არსებობს ქალაქები, რომელთაც ვერასდროს აიღებ. არსებობს მხედართმთავრები, რომელთაც ვერასოდეს დაამარცხებ. არსებობს ომები, რომელსაც ვერასდროს მოიგებ." - გაგეცინებათ და, ისევ სუნ ძი.

სწორედ ასე ეგონა ყველას და სწორედ ეს მითი დაამსხვრია ასანჟმა და მისმა რაზმმა. დაარტყა მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოს, ხელშეუხებლობის გარანტიის გარეშე.  დამეთანხმებით, ვერცერთი იარაღი და სამხედრო ტექნოლოგია მოახერხებდა აშშ-სთვის ისეთი ზარალის მიყენებას, როგორიც ინფორმაციის გაჟონვას მოჰყვა.

5.      "თუ გამარჯვება გინდა, ეცადე, შენი მტრის სისუსტე მისსავე წინააღმდეგ გამოიყენო, გახსოვდეს, რომ ნამდვილი მხედართმთავრები მხოლოდ მაშინ ერთვებიან ომში, როცა ბრძოლა უკვე მოგებულია" - ისევ, ამჯერად უკვე საბოლოოდ, სუნ ძი.

ინფორმაციული ომი ახალი ნამდვილად არაა. იგი ასანჟის მოვლენებზე დიდი ხნით ადრე დაიწყო, როცა ერთმა დისიდენტმა ორ ახალგაზრდას, ქალ-ვაჟს, ერთი ხის ნაყოფის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

ის ომი როგორც დამთავრდა, ვიცით, მაგრამ როგორ დასრულდება ეს მოვლენები, რომელსაც უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ პირველი მსოფლიო კიბერომი, არავინ იცის და არც შეიძლება, იცოდეს. მსგავსი მასშტაბების თავდასხმა აქამდე არ განხორციელებულა. საქმეს ისიც ართულებს, რომ ამ თავდასხმის უკან არა რომელიმე სახელმწიფო, არამედ ადამიანთა გარკვეული თუ გაურკვეველი ჯგუფი დგას, რომელთა შესახებაც ინფორმაცია თითქმის არსად მოიპოვება.

დადებითია ეს მოვლენა თუ უარყოფითი, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია. ფაქტი სახეზეა - აშშ დაუცველი აღმოჩნდა მსგავსი საინფორმაციო შეტევების წინაშე. მისი უსაფრთხოების სამსახურიდან ისევე ადვილად გააღწია ინფორმაციამ, როგორც თბილისის აეროპორტის სახურავში - გაზაფხულის წვიმამ. ტექნოლოგიური პროგრესი და ინფორმაცია - ეს ორი ფაქტორი წყვეტდა ისტორიულად ომის ბედს და კანონზომიერება არც ამჯერად დარღვეულა.

ხოლო თუ ცოცხალ ძალაზე მიდგება საქმე, სახელმწიფოთა მხრიდან რამდენიმე ასეული პროფესიონალი ჰაკერი მოიაზრება, მაშინ როცა WikiLeaks-ის მხარდამჭერების რიცხვი მილიონებს აღწევს და რამდენი ჰაკერია მათ შორის, ერთმა ღმერთმა იცის.

მსოფლიო ომი დაწყებულია და მის სახელწოდებაშივე იგულისხმება, რომ WikiLeaks მხოლოდ აშშ-ზე არ გაჩერდება. ვნახოთ, კიდევ ვის შეეხება ჭეშმარიტების მახვილი.

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test