შემოგვიერთდი

რას გვიშვრება ეს მედია?

24.12.2010 21:09

მესმის,  რომ ეს სახუმარო თემა არაა, მაგრამ, მაინც, დასაწყისისთვის, ანეკდოტი: კაცი მიდის ახალთახალი "ლამბორჯინით" ტრასაზე. ტრასა თავისუფალია და მძღოლმაც მიადგა აქსელერატორს. უცებ ხედავს, რომ გადაასწრო ქათამმა. კაცი გაგიჟდა, მიადგა ბოლომდე, მაგრამ ვერ ეწევა. უმატებს მანქანა სიჩქარეს - უმატებს ქათამიც.

ბოლოს ქათამმა ფერმისკენ გადაუხვია. მიჰყვა მძღოლიც. ფერმიდან კაცი გამოვიდა და მძღოლი მივარდა:

-         რა ჯიშის ქათამია ეს, თუ ძმა ხარ, მითხარი, "ლამბორჯინით" მივდევ, ერთი საათია, და ვერ გავასწარი!

-         ეს, ბატონო, ახალი, მეხორცული ჯიშის ქათამია, ჩვენი გამოყვანილი, ერთი თვის წინ გამოვიყვანეთ!

-         მერე როგორია, გემრიელი ხორცი აქვს?

-         რა ვიცი, ბატონო, რაც გამოიჩეკნენ, იმის მერე დავდევთ და თუ დავიჭირეთ, მოგახსენებთ აუცილებლად! - მიუგო მეფრინველემ.

ამ ანეკდოტის მორალი ასეთია: ისეთი რამე არ უნდა შექმნა, რომ მერე ვეღარც დაიმორჩილო და ვეღარც გამოიყენო.

მორალი და ხუმრობა იქით იყოს - ამჯერად გადავწყვიტე, ჩემს თანამემამულეებს მივბაძო და  ჩემი ყოვლისმმუსვრელი მზერა ჩრდილოეთს მივაპყრო.

რუსეთში კრიზისი მწიფდება.

სიტუაცია დღითიდღე მძიმდება. შეტაკებების რიცხვი იზრდება. ლიბერალები ხელისუფლებას აბრალებენ სიტუაციის ჩიხში შეყვანას, ხელისუფლება - თავის საქმეს აკეთებს და იმუქრება. ნაციონალისტები კავკასიელებს აძევებენ - რუსეთი რუსებისააო. კავკასიელები რუსებს ემუქრებიან - ყელში ამოხვედით თქვენი ნეოფაშიზმითო...

ახლა მთლად ხომ არ დავემსგავსები ჩემს თანემემამულეებს - თანამიმდევრული ვიქნები და  აგიხსნით, რატომ გვეხება ეს ყველაფერი ჩვენ და რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად.

პოლიტიკას არ შევეხები - კავკასიელების წინააღმდეგ აგრესია დიდი ხნის წინ დაიწყო და ამაზე ჩემზე უფრო კომპეტენტურები წერდნენ.

მე იმაზე მოგახსენებთ, რომ ამ (და არა მხოლოდ ამ) სიძულვილსა და აგრესიას მხარს ერთი კონკრეტული, კერძოდ, მედია უმაგრებს.

"რკინის ფარდისა" და "ბოროტების იმპერიის" გარდა საბჭოთა კავშირი პროპაგანდის მანქანაც გახლდათ - სიტუაცია ისე იყო, დღეს რომ გვიკვირს ხოლმე ჩრდილო კორეის ამბავი. ერთი დიდი ფილტრი ეყენა საბჭოურ სამაუწყებლო აპარატს და მსმენელ-მკითხველ-მაყურებლამდე მხოლოდ ის ინფორმაცია აღწევდა, რომელიც "ზევით" აწყობდათ. სხვა ყველა საინფორმაციო საშუალების გამოყენება ისჯებოდა კანონით.

მერე ქვეყანა გადაბრუნდა, დადგა დრო სანატრელი და დიდი საბჭოური პრესა პატარ-პატარა პოსტსაბჭოურ პრესებად დაიშალა. ჩვენ რაც მივიღეთ და რაც გვაქვს, ამაზე აღარ გავჩერდები, ყველამ ვიცით.

რუსეთის  პრესა რამდენიმე ნაწილად დაიყო, ისევე, როგორც თავად რუსეთის ფედერაცია. შეიქმნა რამდენიმე სამაუწყებლო კომპანია, რომელიც ოპოზიციაში ჩაუდგა არსებულ ხელისუფლებას, რომელსაც, თავის მხრივ, პოზიციებს უმაგრებდა ძლიერი სახელისუფლებო მედიასაშუალებები.

ძირითადი მემკვიდრეობა, რაც რუსულმა მედიამ საბჭოური წინაპრისგან მიიღო, ეს ქსენოფობური სარედაქციო პოლიტიკა გახლდათ, რომელიც, მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ძირითადი პოლიტიკისგან იშვიათად განსხვავდება ხოლმე.

როცა ქვეყანაში რამე იჩენს თავს, თუ ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს და მის სათავეში მყოფთაგან ვინმეს ტვინი უმუშავებს, ამ რაღაცას, რაც უნდა იყოს, თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ხოლმე.

ასე იქცეოდა    კომუნისტური კრემლი - დაუსრულებლად ლანძღავდა, დასცინოდა და კარიკატურებზე "ამათრახებდა ძირგამომპალ კაპიტალისტებს". დანარჩენ თოთხმეტ რესპუბლიკას არ ეკითხებოდა არავინ.

დღესაც  დაიწყეს უკვე გაკვალულ გზაზე სიარული და ისევ მედიის საშუალებით ეს დამოკიდებულება სხვა ქვეყნიდან შიგნით, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართეს. განადგურების სინდრომი გადაიქცა თვითგანადგურების სინდრომად, თანამოქალაქეებს ნაციონალისტური  დროშით დევნიან.  შედეგად მიიღეს ის, რაც დღეს მოსკოვის  ქუჩებში ხდება.

თანაც, პროპაგანდას დიდი გავლენა აქვს. რუსეთში  სჯერათ, რომ ქართველები 40 მლნ ვართ და მათი ქვეყნისთვის სერიოზულ სამხედრო საფრთხეს წარმოვადგენთ. ამ დაჯერებას კი სწორედ ის პოსტსაბჭოური  მედია უზრუნველყოფს.

რუსეთი - რუსებისთვის! მსგავსი ლოზუნგი, შესაბამისი ქვეყნების სახელწოდებებით, არაერთხელ გაჟღერებულა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და სხვადასხვა ეპოქაში.

და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველა მათგანს ერთნაირი დასასრული ჰქონდა. მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი, საკუთარ ისტორიას გადავხედოთ და მივხვდებით.

თუ მოსკოვში რამე მოხდა, ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მედიაზეც უნდა გადანაწილდეს, იმიტომ რომ იმ ურჩხულს, რასაც საკუთარი მოქალაქეების სიძულვილი ჰქვია, სწორედ რომ მედიასაშუალებებმა გაუხსნა გზა, სწორედ მედიამ ახადა პანდორას ყუთს სახურავი. თუ ვისი დავალებით - ეს ცალკე საკითხია.

რაც შეგვეხება ჩვენ - ნათქვამია, მხოლოდ სულელები სწავლობენო საკუთარ შეცდომებზე, ჭკვიანები სხვის შეცდომებს იყენებენო სასწავლებლად. ჩვენ ორივე შემთხვევაში მდიდრები ვართ - იმდენი შეცდომა დავუშვით ჩვენც და ჩვენს გარშემო სხვებმაც, რომ თუ მეხსიერებამ და ლოგიკამ არ გვიღალატა, უნდა მივხვდეთ, რომ მართული და ცუდად მართული მედია ხშირ შემთხვევებში დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს.

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test