შემოგვიერთდი

რუსეთი სტრიქონებს შორის

24.12.2010 21:23

ორ კვირაზე მეტია, მოსკოვი შფოთავს. დემონსტრაციებს, დემონსტრაციები ცვლის, ადამიანებს კლავენ ("სპარტაკის" გულშემატკივირის მკვლელობას მოჰყვა კიდევ ერთი მსხვერპლი - 11 დეკემბერს, ახალგაზრდების ხუთკაციანმა ჯგუფმა ყირგიზეთის მოქალაქე მოკლა), სცემენ, რუსეთის მილიცია და საგანგებო დანიშნულების რაზმები საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენენ. მოსკოვი დიდია, რუსეთი - კიდევ უფრო დიდი და მისი უდიდესი წილი, მაქსიმალური უმრავლესობა, მომხდარის შესახებ მედიის საშუალებით იგებს.

რუსული მედია, ერთი შეხედვით, მოვლენების მშრალი აღწერით იფარგლება, თუმცა, ამ აღწერებში, სტრიქონებსა და სტრიქონებს შორის, სხლტება სიტყვები, რომელიც, თავისუფლად შეიძლება, ხვალ ან ზეგ, ახალი დემონსტრაციებისა და წინააღმდეგობების საფუძველი გახდეს. საყურადღებოა, რომ ასეთი ქვეტექსტები ობიექტური იმიჯის მქონე გამოცემების პუბლიკაციებში გვხვდება. მაგალითად, გაზეთში "Аргументы и Факты" მრავლად შეხვდებით სიტყვებს: "კავკასიელები", "სამხრეთელები", "მთიელები", "თანატომელები" და "მოსკოველები".

ეს სიტყვები, თავისთავად, ცალკე აღებული, საფრთხეს არ შეიცავს, გეოგრაფიულ კუთვნილებას აღნიშნავს, მაგრამ ამ კონტექსტში, როცა "მოსკოველები" და ყველა დანარჩენი ("Коммерсантъ" ამ ჩამონათვალს ამატებს "დაღესტნელებს") პუბლიკაციების მიხედვით, ერთმანეთის პირისპირ დგანან, ზოგადად, "კავკასიელების", "სამხრეთელების", "მთიელების" მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, შეიძლება, შეიცვალოს. "მოსკოველებისთვის" ისინი, სულ მცირე, მოწინააღმდეგეები ხდებიან. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა მედია გაფრთხილებს:

"ახლახან, ქსელში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, მოსკოვში სამხრეთიდან - ჩეჩნეთიდან, ადიღედან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან და სხვა ნაციონალური რესპუბლიკებიდან, მოემართება ათობით მანქანა სავსე კავკასიელებით, რომლებსაც განზრახული აქვთ სამაგიერო გადაუხადონ რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს" (სტატია სათაურით - "ჩვენ მივდივართ მოსკოვში, რომ ჩვენი ძმები დავიცვათ", "Аргументы и Факты", 14 დეკემბერი).

სტატიაში ისიცაა ნათქვამი, რომ დიასპორების წარმომადგენლები მოუწოდებენ ახალგაზრდებს, არ აყვნენ პროვოკაციებს, თუმცა, სტატიის ბოლო აბზაცში ასეთ წინანდადებას ვაწყდებით: დამნაშავეების დაპატიმრება "ვერ დაამშვიდებს მოსკოველებს, რომელთაგან ბევრი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეჯახებია ეთნიკურ დანაშაულს". ამის წაკითხვისას, პირადად მე გამიჩნდა სურვილი გამერკვია, რა განმარტებას უძებნიან რუსეთში "ეთნიკურ დანაშაულს"?

რითი განსხვავდება რუსი ეროვნების მკვლელი, მაგალითად, ჩეჩენი ეროვნების მკვლელისგან? მკვლელობის მეთოდებით? იმის შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ ჩეჩნეთში გააკეთა, როცა მიზანში ბავშვები იყვნენ ამოღებულები, საეჭვოა, მკვლელობის მეთოდებში პირველობა რუსმა ჯარისკაცმა ჩეჩენ კრიმინალს დაუთმოს. ასეც რომ არ იყოს, ჯერ არ შემხვედრია რაიმე მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ კრიმინალს ეთნიკური საფუძველი აქვს. ერებს არ ყოფენ კრიმინალებად და ინტელიგენტებად, თუმცა, "მოსკოველები", როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობენ.

დიმიტრი ლეკაი, "Коммерсантъ", სტატიაში "საპროტესტო აქციებმა უფროს კლასებში გადაინაცვლა", წერს, რომ ნაციონალისტურ აქციებში სულ უფრო მეტი სკოლის მოსწავლე იღებს მონაწილეობას, "საყოფაცხოვრებო ნაციზმი" (ძალიან საინტერესო დეფინიციაა) კი, რუსეთის სკოლებში ლამის ჩვეულებრივი მოვლენაა. ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასელი ჟურნალისტს ეუბნება, რომ არ ჰგონია, უმაღლეს სასწავლებელში მოწყობას თუ შეძლებს, რადგან "იქ მხოლოდ კავკასიელები არიან".

არის თუ არა (მორალური) დანაშაული, როცა კავკასიაში მცხოვრები რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს? თუ იგი ამას საკუთარი ცოდნის საშუალებით აღწევს, რა თქმა უნდა - არა; თუკი ქრთამის საშუალებით - დამნაშავე მარტო იგი ვერ იქნება, დამნაშავეები არიან ქრთამის ამღებებიც. შესაბამისად, საკუთარი რისხვა მე-11 კლასელმა იმათკენ უფრო უნდა მიატრიალოს, ვინც მათ ადგილებს ჰყიდის -მისი თანამოქალაქე ლექტორებისკენ, დეკანებისკენ, რექტორებისკენ, განათლების სამინისტროს მუშაკებისკენ, სხვა უფრო მაღალი თანამდებობის პირებისკენ.

მე-11 კლასელმა ამის ანალიზი, შეიძლება, ვერ გააკეთოს და, თანატოლებთან ერთად (რომელთა დიდი ნაწილი, იმავე რუსული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ნაციონალისტური ორგანიზაციების რიგებშიაა), ამიტომაც მიადგა ოსტანკინოს ლოზუნგით "Е...ть Кавказ!". ეს უფროსებს უნდა ესმოდეთ მათ ვისაც სწორი ანალიზის გაკეთება და ახალგაზრდების აღზრდა ევალება. როგორც ჩანს, მათი, მინიმუმ, უმრავლესობის ანალიზი ვერ წყდება იმპერიალისტური იდეოლოგიის ჩარჩოებს და ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს. 20 დეკემბრის "Независимая Газета"-ში გამოქვეყნებული წერილი "თუკი ნაციონალისტების ვარსკვლავები სულ უფრო კაშკაშებს, ესე იგი ეს ვიღაცას სჭირდება", რომლის ავტორი კარნეგის მოსკოვის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი ალექსეი მალაშენკო გახლავთ, ამის ერთი-ერთი დადასტურებაა.

სათაურში გაჟღერებული იდეა ამ ვრცელი სტატიის ბოლო აბზაცში იშლება შემდეგი ფორმულირებით: "თუკი რუსეთის ქალაქებში "შიდა საზღვარგარეთიდან" ჩამოსული სტუმრები სულ უფრო თავხედდებიან, ნაციონალისტების ვარსკვლავები კი სულ უფრო კაშკაშებენ, ე.ი. ეს ვიღაცას სჭირდება? ჩვენ ხომ გვახსოვს, ბესლანის ტრაგედიის შემდეგ, ტერორიზმთან ბრძოლის გამო, როგორ გააუქმეს გუბერნატორების არჩევნები. რატომ არ შეიძლება, საფეხბურთო-კავკასიური არეულობის შემდეგ, ყველაფერი იმის აკრძალვა და გაუქმება, რაც აკრძალული ჯერაც არ არის?"

აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა, თუმცა, ჩვენი ამოცანის კონტექსტში გაცილებით საინტერესოა ფორმულირება "შიდა საზღვარგარეთიდან" ჩამოსული და  სულ უფრო "გათავხედებული" სტუმრების შესახებ და ყველაფერი ის, რაც მათთან დაკავშირებით, სტატიაში, მისი სათაურიდან, ვიდრე ბოლო აბზაცამდე იკითხება. მაგალითად: "რატომ ემალება ფედერალური  "სტრაუსი" ქვიშაში რეალობას და იგნორირებას უკეთებს პრობლემების მთელ თაიგულს - მზარდ ქსენოფობიას, ნაციონალისტების სოციალური ბაზის გაფართოებას, კავკასიელი მიგრანტების არაადეკვატურ საქციელს, კავკასიური ბიზნესის ეკონომიკურ შეღწევას რუსეთში?"

სხვა მაგალითი: "ხელისუფლება, თითქოს, ვერ ხედავს, რომ კავკასიიდან მასობრივი მიგრაცია საერთოდ, "კავკასიური ენერგია", ხანდახან, მართლაც აღიზიანებს და პროვოცირებას უკეთებს ადამიანებს - დედაქალაქებში, ქვეყნის სამხრეთში, სხვა ქალაქებში. ჩვენთან მიღებულია მილიციის ლანძღვა ქრთამის აღებისთვის, მაგრამ, პირველ ყოვლისა, ჩამოსულები უკვე მიეჩვივნენ ქრთამის მიცემას და მათსა და სამართალდამცავებს შორის ამაღელვებელი კონსენსუსი დამყარდა. მეორე - ობივატელს უჩნდება ეჭვი: საიდან აქვს ზოგიერთ კავკასიელ ბელადს ფედერალური ხელისუფლების ასეთი ნაზი სიყვარული, რომ მზად არიან, ხმების 120% "Единная Россия"-ს მისცენ? ტყუილად ხომ არა?"

სხვა მაგალითი: "რა ვუყოთ კავკასიელებს?.. ამ ხალხმა უნდა შეითვისოს, რომ ისინი აულში არ არიან, რომ მთელი მათი ერთიანობისა და სოლიდარობის მიუხედავად, რაც ნებისმიერი უმცირესობისთვისაა დამახასიათებელი... უფრო ჭკვიანურად უნდა მოიქცნენ... ჯიგიტები უნდა მიეჩვივნონ აზრს, რომ მრავალეროვან საზოგადოებაში დაცული უნდა იყოს უმრავლესობის უფლებები, ჩვევები, მათი ცხოვრების წესი. ეს მათ უნდა ვასწავლოთ. არ არის საჭირო ღამ-ღამობით ლეზგინკას ცეკვა, არ არის საჭირო სროლა მოსკოველი ტროლეიბუსის მძღოლისთვის და რუსული დროშის დაწვა. ადრე თუ გვიან, ეს მიუბრუნდებათ."

როგორია სურათი, რომელიც ალექსეი მალაშენკომ დახატა? უბირი და კრიმინალური უმცირესობა, რომელიც ველურივით იქცევა ცივილიზებულ ქვეყანაში; შეიძლება, ხელისუფლების ხელშეწყობითაც, თუმცა, ეს ის ხელუსფლებაა, რომელსაც ისინი 120%-ით უწყობენ ხელს. ისინი და მათი "თანატომელები". ამ სიტყვას ალექსეი მალაშენკოც იყენებს, თითქოს, პირველყოფილ თემურ წყობილებაში მცხოვრებლებზე საუბრობდეს. "კავკასიელები" მან ერთ ქვაბში ჩაყარა და ისეთი რამეებით "შეაზავა", გულს მხოლოდ პირტიტველა მე-11 კლასელს რომ არ აუფორიაქებს.

არ დაგვავიწყდეს: ისინი საუბრობენ ადამიანებზე, რომლებსაც მრავალწლიანი ომების შედეგად წაართვეს სამშობლო, არ მისცეს ბუნებრივი განვითარების საშუალება, დღემდე იბრძვიან მათი სრული ასიმილირებისთვის და "კავკასიელებს" უწოდებენ მხოლოდ მაშინ, როცა ცუდ კონტექსტში უნდათ მოიხსენიონ, გამარჯვების ნებისმიერ პიედესტალზე შემდგარი ყველა კავკასიელი კი, მათთვის უკვე "რუსია".

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test