შემოგვიერთდი

განსხვავებული 2010

29.12.2010 18:08

ჟურნალისტების დაცვის ნიუ იორკის კომიტეტმა, ახლახან, თავისი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წელს მსოფლიოში 44 ჟურნალისტი მოკლეს. ყველაზე მეტი - 8 ჟრუანლისტი პაკისტანში დაიღუპა. კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტების მკვლელობების 90% კვლავ გაუსხნელია. ნუგეშის მომცემი ამ კვლევაში არის ის, რომ, გასულ წელთან შედარებით, ნოკლული ჟურნალისტების რიცხვი შემცირდა. შარშან მსოფლიომ 72 ჟურნალისტი დაკარგა.

ჯოელ საიმონი, ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი, ამაზე პასუხისმგებლობას ნაწილობრივ ხელისუფლებებს აკისრებს, აცხადებს რა, რომ  "ისინი  ხელს უწყობენ დაუსჯელობის განწყობას, რაც  ახალ ძალადობებს იწვევს". ამის წაკითხვისას ლეონიდ პარფიონოვის გამოსვლა გამახსენდა: "ჟურნალისტს არ სცემენ იმის გამო, რაც დაწერა, თქვა ან გადაიღო, სცემენ იმისთვის, რომ ეს სხვებმა წაიკითხეს, გაიგონეს ან ნახეს."

ღვთის წყალობით,  წელს საქართველოში ჟურნალისტი არ დაღუპულა, ოფიციალური სტატისტიკით, არც პროფესიული საქმიანობისთვის დაუკავებიათ ვინმე, თუმცა, ნოემბრის ბოლოს ყაჩაღობის ბრალდებით ხელბორკილები გაზეთ "ყველა სიახლის" ჟურნალისტს დაადეს. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ანგარიშის შესაბამისად, 1 დეკემბრისთვის გისოსებს მიღმა, მსოფლიოში, 145 ჟურნალისტი, რედაქტორი და ფოტჟურნალისტი იყო.

მათი ძირითადი ნაწილი ირანსა და ჩინეთში დააპატიმრეს, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ამ კვლევაში დასკვნაა, რომელსაც კომიტეტი აკეთებს: ღალატი, ძირგამომთხრელი საქმიანობა, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა - ეს წარმოადგენს ჟურნალისტების დატუსაღების საფუძვლებს, დღეისთვის, მინიმუმ 72 ჟურნალისტს მთელ მსოფლიოში ამგვარი ბრალდება აქვს წაყენებული. კომიტეტი ამბობს, რომ "მოტივი ყოველთვის თითქმის ერთი და იგივეა: ჩაახშო ისინი, ვინც ხელისუფლების ავტორიტეტს უკეთებს გამოწვევას."

რაც შეეხება ცემას. ქართველი ჟურნალისტებისთვის წლევანდელი წელი ამ თვალსაზრისით დატვირთული იყო. სცემეს ტელეკომპანია "თანამგზავრის" დირექტორს, ტელეკომპანია "მაესტროს" ოპერატორს და გადაცემა "ყოველდღიური აბების" სცენარისტს, ტელეკომპანია "თრიალეთის" გენერალურ დირექტორს. "თანამგზავრისა" და "თრიალეთის" ხელმძღვანელები, როგორც დაზარალებულები თავად აცხადებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სცემეს. ამასთან, ექიმი, რომელმაც ტელეკომპანია "თრიალეთის" გენერალური დირექტორის ცემის ფაქტი დაადასტურა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ჟურნალისტური საქმიანობისას დაზარალებული ჟურნალისტი საქართველოში უფრო მეტია. ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ჩხუბის დროს სცემეს ტელეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტს და ვიდეოკამერა დაუმტვრიეს ინტერნეტ-ტელევიზიას; სცემეს ჟურნალისტ  გელა მთივლიშვილს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილების გამოსახლებას იღებდა; მასვე წაართვეს და დაუზიანეს ვიდეოკამერა დედოფლისწყაროს გამგეობაში; სტალინის ძეგლის დემონტაჟის გადაღების დროს, კამერა წაართვეს და სცემეს ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტს; დევნილების აქციის გადაღების დროს სცემეს ტელეკომპანია "მაესტოროს" ოპერატორს; შიდა ქართლის ადმინისტრაციაში სცემემს ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს.

ყველა ამ ამბავს ერთი საინტერესო საერთო აქვს - ხელისუფლებისადმი განსაკუთრებული ლოიალობით არც ერთი დაზარალებული არ გამოირჩეოდა. ხელისუფლებისადმი ლოიალობა ის მახასიათებელი არ არის, ჟურნალისტს წონას რომ მატებს. ეს ანბანური ჭეშმარიტება, ქართულ მედიას წელს აშშ-ს ელჩმაც შეახსენა. დეკემბრის ბოლოს ჯონ ბასი გორის რაიონს სტუმრობდა. არბოსა და ტირძნისის მონახულების შემდეგ, იგი ტელეკომპანია "თრიალეთს" ეწვია და მის თანამშრომლებს დახურულ კარის მიღმა ესაუბრა.

"დაუბალანსებელი რეპორტაჟები, ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობა, რომელიც ხელისუფლების და ბიზნესის გადაკვეთის საკითხებს გააშუქებდა, შესაძლოა, დემოკრატიული პროცესების ხელისშემშლელი იყოს", - ეს განცხადება აშშ-ს ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული მედიის შეფასებისას გააკეთა. ნაციონალური არხები ამ განცხადებით არ დაინტერესებულან. ქართული მედიის ამ ნაწილმა, თითქოს, საბოლოოდ ჩაიქნია ხელი საკუთარ თავზე. ეს და სხვა არა ერთი მსგავსი მაგალითი ამას, სამწუხაროდ, აშკარას ხდის.

ქართული ჟურნლისტიკისთვის 2010 იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ჟურნალისტმა შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. მიზეზად - ხელისუფლების მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლა დასახელდა. ვახტანგ კომახიძის გადაწყვეტილება ერთგვარი წყალგამყოფია საქართველოს დემოკრატიულ თუ არადემკრატიულ ქვეყნად მიჩნევისთვის მათთვის, ვინც ჩვენს შესახებ ინფორმაციას, ძირითადად, სატელევიზიო რეკლამებიდან იღებს.

ამ კატეგორიის წყალგამყოფად იქცა გაზაფხულის თვითმმართველობის არჩევნებიც, რომლის გამშუქებელ ქართულ მედიას საერთაშორისო ორგანიზციებმა სერიოზული შეცდომები აღმოუჩინეს. ნებით შეცდნენ ისინი, თუ უნებლიედ, ამჯერად ნაკლებად საინტერესოა. ფაქტია ის, რომ ყველაზე "აქტიურები" ამ მხრივ ისევ ნაციონალური ტელეარხები აღმოჩნდნენ. თუმცა, მთავარი სიურპრიზი ქართულმა მედიამ სრულიად მსოფლიო თანამეგობრობას და არა მარტო მას, წელს, ადრიან გაზაფხულზე მოუმზადა, "მოდელირებული რეალობის" სახით.

თავშეკავებულ განცხადებებშიც კი აღშოთებული დიპლომატიური კორპუსი, გაოგნებული საზოგადოება, გულგახეთქილი -ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - მოსახლეობა, წარბშეუხრელი ხელისუფლება - ასეთი იყო შედეგი, რომელიც საქართველომ "მოდელირებული "ქრონიკის" შედეგად მიიღო. ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოა რეალობასთანო, - ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა, ინტერნეტში გადაცემის ავტორების ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა, "იმედმა" დავალებული ბოდიში მოიხადა და საკითხიც დაიხურა.

იქამდე, იყო ჟურნლისტთა ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება მისი ერთ-ერთი პირველი ხელმომწერის, "სპეციალური რეპორტაჟის" წამყვანის მიმართ. საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტმა ქარტიის წესდების ერთ-ერთი პრინციპი დაარღვია. როგორ მოიქცა ჟურნალისტი? საბჭოს შეკრებას არ დაესწრო, მის გადაწყვეტილებას ტენდენციური უწოდა და ჟურნლისტთა ეთიკის ქარტიაზე საკუთარი ხელმოწერა გააუქმა. ფრიად ნიშანდლობლივი საქციელია.

ყველაფერი ამის და კიდევ იმის შემდეგ, რომ საქართველოში სკოლის დირექტორებს ჟურნალისტებთან ურთიერთობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-ცენტრის ინფორმირების გარეშე უკრძალავენ; ჟურნლისტებს ღია შეკრებებზე დასწრებას უზღუდავენ, როგორც ეს სტუდია "მონიტორის" გადამღები ჯგუფის შემთხვევაში იყო; ჟურნალისტზე ზემოქმედების მიზნით, მის მცირეწლოვან შვილზე სისხლის სამართლის საქმეს იწყებენ - დედოფლისწყაროელი თამილა გურაშვილის საქმე, გასაკვირი აღარ უნდა იყოს, რომ საქართველო, პრესის თავისუფლების მხრივ, 18 საფეხურით ჩამოქვეითდა.

ორგანიზაციის, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", ანგარიში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ეს ახალი ინდექსი დაფიქსირდა, შეიძლება, ჩაითვალოს ერთგვარ მიძგად ხელისუფლებისთვის, რომელსაც, ოქტომბრის ბოლოს მედიასთან დაკავშირებით ინიციატივები მოუმწიფდა. ასეთი გახლდათ პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვა მედია მფლობელების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დიდი ენთუზიაზმით ალაპარაკდა მედიის მეტ გამჭვირვალობაზე, მედიის ექსპერტებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ იგი ამაზე დაეყოლიებინათ.

მაგალითად, უმრავლესობამ გაიკვირვა, როცა მედიის მფლობელების გამჭვირვალობასთან ერთად, ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა ინფორმაციის ხელმისწვდომობისა და მედია საშუალებების დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხები წამოსწიეს. იმ საკითხშიც კი, რომელიც მათივე ინიცირებული იყო, უმრავლესობა მედიის ფლობის 10%-ს მაინც ოფშორებისთვის სტოვებდა. საბოლოოდ, მას ამ 10%-ის დათმობაც მოუხდა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზეც - თანხმობის მიცემა, თუმცა, ჯერ მხოლოდ სიტყვიერად.

წელს ქართულ მედიას რამდენიმე ახალი მედია შეემატა, მათ შორის - ახალი მედიის სფეროდან. ეს სფერო, ზოგადად, ქართული და მთელი მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ჟულიენ ასანჟის WikiLeaks-ის წყალობით აღმოჩნდა. ფენომენმა, სახელად WikiLeaks მსოფლიოს დაანახა, რომ იგი სრულიად ახალი რეალობის პირისპირ დგას, რეალობისა, რომელიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აქადე არარსებულ შესაძლებლობებს ქმნის.

ასანჟმა მსოფლიოს დაანახა, რომ  დაფარული დღეს აღარაფერია, საზოგადოებამ კი, რომელიც მის დასაცავად გამოვიდა - ის, რომ არ დათმობს უფლებას, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საუკუნეში, რომელსაც დიდიწილად სწორედ ინფორმაცია მართავს, ეს მნიშვნელოვანი განაცხადი იყო. ამ თვალსაზრისით, 2010 ნამდვილად განსხვავებული წელი გამოდგა მედიის და არა მარტო მის ისტორიაში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test