შემოგვიერთდი

ღირსების საკითხი

20.01.2011 18:16

რამდენიმე დღეში, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია საერთო კრებაზე ქარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანის საკითხს განიხილავს. პროექტის მიხედვით, მედია საშუალებამ, რომლის რედატორიც საქართველოს ჟურნალისუტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერია, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვალდებულება უნდა აიღოს. გარდა ამისა, ქარტიის საბჭო მიიღებს საჩივრებს იმ ჟურნალისტებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერები.

ეს ის ცვლილებებია, რომელმაც ქართულ მედიას ერთგვარი რეაბილიტაციის საშუალება უნდა მისცეს, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე შინ. ამის აუცილებლობა ნამდვილად არსებობს. გასული წლის ივნისში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოსახლეობისთვის ეროვნული გუნდის დამარცხება დაემალა და ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც გუნდმა, პირიქით, გამარჯვება მოიპოვა.

ეს ამბავი "იმედმა" გვამცნო. წამყვანმა დამამუნათებელი მზერითა და მკაცრი დიქციით განგვიცხადა, ჩრდილო კორეის ტელევიზიამ მაყურებელი მოატყუაო. პირადად ჩემზე, ამან წარუშლელი შთაბეჭდილებ მოახდინა. მარტო იმიტომ არა, რომ კორეაში საკუთარ ხალხს ასე მოეპყრნენ, იმის გამოც, რომ კრიტიკულ სიუჟეტს ამ თემაზე ვისმენდი არხიდან, რომელმაც სამი თვის წინათ ფსიქოლოგიური ტერორი მოგვიწყო. იმის პარალელურად, რა აზრიც  ჩრდილო კორეულ მედიაზე შემექმნა, წარმოვიდგინე, რა შთაბეჭდილება უნდა ჰქონოდა მსოფლიოს ქართულ მედიაზე.

ქართული მედიის "შედევრი", 2010 წლის 13 მარტის "მოდელირებული ქრონიკა" ამერიკულმა ჟურნალმა "ტაიმმა" "შოკისმომგვრელ სიცრუეთა ტოპ ათეულის" სათავეში მოაქცია. მეტიც, ჟურნალის სარედაქციო მინაწერის მიხედვით, ამგვარი ათეულის შედგენა სწორედ ქართული გადაცემის შემდეგ გაჩნდა. ამ ათეულში შესული ტყუილები სათავეს ნაპოლეონის ეპოქიდან იღებს, 1814 წლიდან, როცა კოლინ დე ბორგმა ინგლისში ბონაპარტის სიკვდილის შესახებ ცნობა გაავრცელა, მაშინ ეს ომის დასრულებას ნიშნავდა. "იმედმა" ომი "დაიწყო" და პირველიც გახდა.

დანარჩენი რვა ამბავი - 1999 წელს ცენტრალური ორეგონას შტატის რადიოეთერით გავრცელებული ინფორმაცია კაშხლის დანგრევისა და წარმოუდგენელი წყალდიდობის შესახებ; ორსონ უელსის რადიოადაპტაცია, სახელწოდებით "სამყაროთა ომები", რამაც 1938 წელს დედამიწაზე უცხოპლანეტელების გამოჩენის ილუზია შექმნა; ეშლი ტოდის ტყუილი აშშ-ს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, თითქოს მას ჯონ მაკკეინისთვის ხმის მიცემას აიძულებდნენ; თვითმარქვია ანასტასია რომანოვები; კოლორადოელი 6 წლის ბიჭუნას ჰელიუმით სავსე საჰაერო ბურთით გაპარვის თვალის დევნება "ეი-ბი-სის" ეთერით, როცა ბავშვი საკუთარი სახლის სხვენში იყო დამალული - ჩვენ "მიგნებასთან" არაფერია.

ტყუილი ჟურნალისტიკაში საპატიო მხოლოდ 1 აპრილსაა, ისიც - უმტკივნეულო. მატყუარა მედიას ყველგან ისე უყურებენ, როგორც ჩრდილოეთ კორეის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და სხვა, მსგავსი ტიპის მედიას. "იმედის" წყალობით, ახლა ამ რიცხვში ქართული მედიაც შევიდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ  "პრესის ქართულ ჯარისკაცებს" სახელი "მოდელირებულ რეალობამდეც" გაუტყდათ. იმავე "იმედმა", "რუსთავი 2"-მა, "პირველმა არხმა" ისე საინტერესოდ თარგმნეს ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის კომენტარები, რომ ამ უკანასკნელს სპეციალური განცხადების გაკეთებაც მოუხდა.

როგორ ასახავენ ჩვენი მედიის წარმომადგენლები ქართულ რეალობას აქ, შიგნით, ცალკე საუბრის თემაა. შალვა ნათელაშვილის ფრაზა, - ჰიტლერს "რუსთავი 2" რომ ჰყოლოდა, გერმანიას დღესაც არ ეცოდინებოდა ომი რომ წააგოო, - სამწუხაროდ, სიმართლესთან ახლოსაა. ამასთან, ნათელაშვილის პერიფრაზი ორი დანარჩენი ნაციონალური არხის მიმართაც წარმატებით გამოიყენება. საოცარი დამთხვევების შედეგად, "პირველი არხი", "რუსთავი 2" და"იმედი", მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები არიან, ერთსა და იმავე ამბებს ერთი და იგივე თანმიმდევრობით გადასცემენ საინფორმაციო გამოცემებში და ერთმანეთის სახეებსაც "აპიარებენ".

ერთსულოვანი იყო ეს სამი არხი და, ხელისუფლებისადმი ლოიალური სხვა მედია საშუალებები, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჯონ როდნი ბასის მიმართ. ის შეხვედრები, რომელიც ახალმა ელჩმა ხელისუფლებისათვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახიფათო ადგილებში გააკეთა, ამ არხებმა ან საერთოდ გამოტოვეს, ან მხოლოდ ნაწილობრივ გააშუქეს. განსაკუთრებით უყურადღებოები ისინი იმ განცხადებების მიმართ აღმოჩნდნენ, რომელიც ჯონ ბასმა ქართულ მედიასთან დაკავშირებით გააკეთა. ამ საკითხს კი, ელჩი არაერთგზის შეეხო.

აშშ-ს ელჩი, რომელმაც კარიერა პატარა რეგიონულ გაზეთში ჟურნალისტად დაიწყო, ქართველ ჟურნლისტებს, ფაქტობირვად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუმრობდა. აჭარელ ჟურნალისტებთან მან მრგვალი მაგიდა გამართა; ეწვია ტელეკომპანია "თრიალეთს" და გორელ ჟურნალისტებს ესაუბრა; მრგვალი მაგიდა გამართა ჟურნალისტებთან ტელეკომპანია "გურიაში"; სტუმრობდა რეგიონული მედიის ასოციაციას, სადაც რეგიონულ ჟურნლისტებს მოუსმინა; პირადად გაეცნო საგამომცემლო სახლ "პალიტრას". ყველაზე საყურადღებო სწორედ ის განცხადებებია, რომელიც ამ შეხვედრების შემდეგ გაკეთდა.

ჯონ ბასის შეფასებით, ქართული მედიის მთავარი პრობლემა დაუბალანსებელი რეპორტაჟები და ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობაა. აშშ-ს ელჩმა ეს დმეოკრატიისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებად დაასახელა. შედეგად, ქართული მედია, მისი სიტყვებით "სამუშაო პროექტის სტადიაზე რჩება". "ვფიქრობ, არის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ნაკლებობა, რომელიც გააშუქებდა მთავრობის ქმედებებს, ან მთავრობისა და ბინზესის ისეთ კავშირებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე შეიძლება ცუდად აისახოს", - ეს მან "თრიალეთში" სტუმრობისას განაცხადა.

ქართული მედიის მნიშვნელოვან ნაწილად აშშ-ს ელჩმა დაასახელა რეგიონული მედია. მედიის ეს ნაწილი კი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულია. ამ კონტექსტში საინტერესოდ ჟღერს ჯონ ბასის კიდევ ერთი განცხადება: "ხშირად კრიტიკა გახლავთ ძალიან ძლიერი ფორმა პატრიოტიზმისა". ელჩმა, ასევე, გამოყო ნაციონალური მედია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ზოგადად, ჯონ როდნი ბასი სტოვებს მეტად აქტიური ადამიანის შთაბეჭდილებას და, უპირობოდ, მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს.

ამ აქტიურობის სიღრმეებში იკითხება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის სრულიად ახლებური დამოკიდებულება საქართველოსადმი, ინტერესი ჩვენ ქვეყანაში რეალურად დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისადმი. თავის მხრივ, ამ ფონზე, ნაციონალური არხების მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობა, შეიძლება ხელისუფლების დამოკიდებულებად წავიკითხოთ. გაღიზიანებას დავარქმევთ მას, თუ სხვა სახელს, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ სტრატეგიული მოკავშირის სურვილმა, ღრმად გაცნობოდა ვითარებას, მოწონება ყველაში ვერ დაიმსახურა.

რაოდენ სასიამოვნოდაც უნდა ჟღერდეს აშშ-ს ელჩის განცხადებები, დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენის - მედიის ღირსებაზე, ჩვენ, მედიის წარმომადგენლებმა, საზოგადოებამ, თავად უნდა ვიზრუნოთ. სწორედ ამიტომ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის შეტანაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდებაში იგეგმება. ეს ყველას მისცემს საშუალებას, აქტიურად გამოხატოს დამოკიდებულება ეროვნული მედიის საქმიანობისადმი, მიუთითოს ხარვეზებზე, რომელიც ამ საქმიანობას ახლავს და ამ გზით, ორგანიზებულად დაადასტუროს, რომ რეალობის მოდელირება, როგორი ფორმითაც უნდა იყოს იგი მოწოდებული, ქართული მედიის სახე არ არის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test