შემოგვიერთდი

უმცირესობის სამართალი?

01.02.2011 14:55

"გამოხმაურებების უმრავლეოსობა ჩემ ბლოგზე მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებრივი დაკვეთა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის უფლებამოსილებების გაზრდაზე, ჯერჯერობით, არ არსებობს," -  ასეთი განცხადება გააკეთა ჟურნალისტმა ია ანთაძემ ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების ბოლო საერთო კრებაზე. წერილი, სახელწოდებით "ნარმა... მიტკალი... რა გინდა - მითხარი...", მის ბლოგზე გასული წლის ბოლოს, 28 დეკემბერს გამოქვეყნდა და ქარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანას, ზოგადად, ქარტიისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას, მოლოდინებს ეხებოდა. კომენტარი ბევრი დაიდო, 20 გვერდი. ყველაზე გავრცელებული დამოკიდებულებები საკითხისადმი, შეიძლება, სამი ავტორის ქვემოთ მოყვანილ შეხედულებებში გამოიხატოს.

GERMANE: "...ნებისმიერ ჟურნალისტს და არაჟურნალისტსაც კი შეუძლია სხვა მისი კოლეგის სტატიის გაკრიტიკება გათახსირებამდე - რა საჭიროა ამისთვის ორგანიზაცია?.. ორგანიზაცია არა მარტო აზრის თავისუფლებას, არამედ თავად ჟურნალისტებსაც ინდა იცავდეს სწორედაც ამგვარი გათახსირებისაგან. აი სწორედ მაშინ ექნება აზრი "ქარტიას". ახლა კი ქარტია არის ერთი მიკერძოებული ანტი-მიშისტური ჯგუფის რუპორი. არავითარი კრიტიკა სხვა მხარეზე გამყალბებლების მიმართ არ იწერება. მე აქ ერთხელ ვთქვი და ვიმეორებ - თუკი "ქარტიას" მიუკერძოებლობის დამტკიცება სურს - მაშინ ერთხელ მაინც "საკუთარ კუდს" უკბინოს."

bladi: "როგორ მათ აქვთ უფლება სასამართლოს გარეშე მიუსაჯონ ადამიანებს სიკვდილი, გამოაცხადონ დამნაშავედ, დაუძახონ სკოლის მოსწავლეებს ოროსნები, საზოგადოების ნაწილი მარგინალად გამოაცხადონ, თქვან ტყუილი, შეაშინონ ხალხი მოდელირებული ქრონიკით და ჟურნალისტებს არ აქვთ უფლება თქვან, რომ ამა თუ იმ ჟურნალისტმა ტყუილი თქვა? სიმართლის გამოაშკარავებაა ძალადობა და ზემოთ ჩამოთვლილი თავისუფლება და დემოკრატია? რაღაცას ურეეეევთ ბატონებო და ქალბატონებო!"

კაცი ვარ და ქუდი მხურავს: "ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ერთ მეტად არაპოპულარულ დასკვნამდე მივედი. ფიქრის საგანი ჟურნალისტები და ჟურნალისტიკაა. მთელი ჟურნალისტიკა და მისი მსახურნი, რასაც მე ვუყურებ და ვაკვირდები ამდენი ხანია, "პაპარაცობანას" თამაშობს. ზოგი უფრო დახვეწილად და ზოგი ნაკლებად. ვთვლი და მიმაჩნია, რომ ეს პროფესია განეკუთვნება ამორალურ პროფესიათა რიცხვს. როგორებიცაა მებაჟეობა (სხვის ბინძურ ნიფხვებში ძრომიალი), პროსტიტუცია, ციხის ზედამხედველი, დაზვერვის აგენტი და ა.შ. აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას. არიან ალბათ მეტნაკლებად წესიერი ხალხი აქაც, მაგრამ მთლიანი სურათის ფონზე ისინი ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ, იმიტომ რომ არსი თავად ჟურნალისტიკისა არის ამორალური.... ვისაც წესიერებაზე აქვს პრეტენზია ამ სამსახურში, უბრალოდ ვერ ათვითცნობიერებს, რომ იქ არ მოხვდა, მისამართი შეეშალა და დროს ტყუილად კარგავს... ჟურნალისტობა - ამორალური პროფესიაა!"

ათ წელზე მეტია, მედიაში სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა მიჭირავს, მაგრამ ყოველთვის, როცა მეკითხებიან, სად მუშაობო, ვამბობ, რომ ჟურნალისტი ვარ. ჩემთვის ჟურნალისტობა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, პროფესიონალიზმის ყველაზე მკაცრი მოთხოვნებით. ჩემი პროფესია ასპროცენტიან ობიექტურობას გულისხმობს, რადგან ჟურნალისტი ის ადამიანია, რომელიც საზოგადოების, ხალხის თვალსა და ყურს წარმოადგენს იქ, სადაც ისინი იმ წუთში არ იმყოფებიან. ეს მოცემულობა თავისთავად ნიშნავს კავშირს მასსა და აუდიტორიას შორის და ამიტომ ვერ ვიღებ ვერც ერთ არგუმენტს, რომელიც ათანაბრებს ჟურნალისტურ თავისუფლებასა და უპასუხისმგებლობას საზოგადოების, ხალხის წინაშე.

ბევრზე მეტყველებს განსაზღვრება "ანტი-მიშისტური ჯგუფის რუპორი". პირველ ყოვლისა, იგი გულისხმობს რომ არსებობენ, მინიმუმ "მიშისტური" რუპორები. ფაქტობრივად, ამას ადასტურებს ფორმულირება "მათ აქვთ უფლება და ამათ - არა?", რომელიც აქ მოყვანილ მეორე კომენტარში იკითხება. ყველაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში იყოფა, მინიმუმ, სახელისუფლო და არასახელისუფლო ნაწილებად, ე.ი. დარღვეულია ბალანსი, რომელიც საზოგადოებას, ხალხსა და მედიას შორის ბუნებრივ კავშირს უნდა კრავდეს. რომელი კუთხიდანაც უნდა მივუდგეთ ამას, ფაქტი ერთია - ვითარება გაჯანსაღებას ითხოვს.

სწორედ გაჯანსაღებას და არა ვისიმე გათახსირებას ან დასჯას, სწორედ იმისთვის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. არადა, სიმართლე, როგორც განაჩენი ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობას ერთგვარ წითელ ხაზად მიჰყვება. მაგალითად, ნათია ახალაია თავის სვეტში "რა იხარშება ე.წ. ქარტიის ქვაბში", რომელიც "რეზონანსში" ქარტიის კრების გამართვამდე ერთი დღით ადრე დაიბეჭდა, წერს: "ქარტიის საბჭო დაუფარავად ცდილობს, თავს მოახვიოს ჟურნალისტთა მთელ კორპუსს თავისი ამბიციები - გახდეს ერთგვარი სადამსჯელო ორგანო არა მხოლოდ მედიის გარკვეულ სექტორში, არამედ მთელ ამ სივრცეზე"; "როგორც ჩანს, ეთიკის საბჭოს ბოლოდროინდელი "აქტიურობა" ქარტიის არახელმომწერ ჟურნალისტებზე "ნადირობის", შურისძიების მცდელობით უნდა აიხსნას".

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ტექსტი, რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა ევროპელი ექსპერტებისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მონაწილეობით შეიმუშავეს, მედიის ექსპერტების შეფასებით, დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. ევროპული ქვეყნების მსგავსი ორგანიზაციები მხარდაჭერას აქტიურად გამოხატავენ. გასული წლის ბოლოს, გერმანიის ჟურნალისტურმა კავშირმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციაც მიიღო. ამდენად, გაუკვეველია, რა საშიშროება უნდა ემუქრებოდეს ჟურნალისტს, თუკი ხალხი, საზოგადოება მისი ნამუშევრის ეთიკური ნორმების მიხედვით შეფასებას მოითხოვს? იმ მიმართვების მიხედვით, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ქარტიისადმი არსებობს, ამგვარი მოთხოვნა საზოგადოებაში უკვე მომწიფებულია.

მედიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ხელისუფლების კონტროლია. ამგვარი კონტროლი აუცილებელია იმიტომ, რომ უკონტროლობამ შეიძლება ყველაზე მორალური ხელისუფალიც კი გარყვნას. ვინ უნდა აკონტროლოს თავად მედია, სტრუქტურა, რომელსაც ხალხი, საზოგადოება ამოდენა მანდატს ანიჭებს, იმისთვის, რომ ამ ძალაუფლებამ ისიც არ გარყვნას? რა თქმა უნდა, ხალხმა, საზოგადოებამ. რა მექანიზმით? ერთ-ერთი სწორედ იმ ტიპის ორგანიზაციაა, როგორადაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა ჩაფიქრებული. ეთიკური პრინციპები, როგორც ჟურნალისტიკის თვითრეგულირების მექანიზმი (მათ შორის, არაწევრი მედიისა თუ ჟურნალისტების საკითხების განხილვა) მსოფლიოს არა ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს. და ეს სწორია, რადგან ის, ვისაც სხვისი კრიტიკის უფლება ენჭება, საკუთარი თავის კრიტიკაზე უარს არ უნდა ამბობდეს.

ქარტიამ დამტკიცა, რომ საკუთარი წევრების კრიტიკაზე უარს არ ამბობს. ამის მაგალითია, თუნდაც, ფონდ "ინკლუზივის" მიერ ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული საჩივრის დასკვნაა. ამდენად, მისთვის ჯერ "საკუთარი კუდის" "დასჯისკენ" მოწოდება უადგილოა. საზოგადოებაში ეთიკის საბჭოს მიმართ გაჩენილი არაერთგვაროვანი დამოკიდებულების ძირითადი მიზეზი (ამაზე ნათია ახალაია მიუთითებს), არის ის, რომ საბჭო უარს ამბობს იმ ჟურნალისტებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვაზე, რომლებიც ქარტიის ხელმომწერები არ არიან. მთავარი აქ ის კი არ არის, რომ საბჭო უარზეა, მთავარია ის, რომ საზოგადოებას, ხალხს ერთმევა მექანიზმი, რომელიც მას მედიისთვის თავისი დამოკიდებულების ინსტიტუციურად გამოხატვის საშუალებას აძლევს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდების ცვლილებებს ქარტიაშივე ჰყავს მოწინააღმდეგეები. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად ია ანთაძემ კრებას ერთგვარი კომპრომისი შესთავაზა: არახელმომწერი ჟურნალისტის საკითხი საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი ამაზე დასტურს თავად ჟურნალისტი განაცხადებს. შეიძლება, ამ შუალედურმა ვარიანტმა საზოგადოებას დაანახოს, აცნობიერებს თუ არა ჟურნალისტი იმას, რომ ეთიკურ ნორმებს არღვევს. შეიძლება, მისი უარი სწორედ ამის მაჩვენებელი გახდეს. ქარტიის რამდენი წევრი დაეთანხმება კომპრომისულ შეთავაზებას, მომავალი კრება აჩვენებს. ამჯერად, ქარტიამ კვორუმის შეკრება ვერ მოახერხა, რეგიონებში მცხოვრებმა ჟურნალისტების ნაწილმა თბილისში ჩამოსვლა უსახსრობის გამო ვერ შეძლო.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქარტიის მიმართ კითხვების დასმის სურვილს აღძრავს ხელმომწერთა არცთუ ისე დიდი რაოდენობაა. უმცირესობა, რომელსაც უმრავლესობის განსჯის სურვილი ამოძრავებს - დაახლოებით ასეთია ამ კითხვების შინაარსი. საქართველოს ჟურნალისტურ ქარტიას ჯერ 180-მდე ჟურნალისტი აწერს ხელს, მაგრამ იმ პირობებში, როგორშიც დღეს ჩვენი მედია იმყოფება, ხელმომწერთა განსაკუთრებულ სიმრავლეს არც უნდა ველოდოთ. ის, რასაც ქარტია ეთიკური ჟურნალისტიკისთვის აკეთებს და მომავალში გააკეთებს, არ იქნება უმცირესობის სამართალი, თუკი მას სიმართლისთვის საზოგადოების უმრავლესობა მიმართვას.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test