შემოგვიერთდი

დიდი ძმა გვიყურებს!

05.10.2011 17:24

გასულ კვირაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

გააუქმეთ კანონი, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავ ორგანოებს ინტერნეტში დახურული საუბრების მონიტორინგი შეუძლიათ სასამართლოს ნებართვის გარეშე-ო - ასეთია საია-ს მოთხოვნა - ეს კანონი კონსტიტუციის მე-19 და მე-20 მუხლებს ეწინააღმდეგება და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურიაო.

საქმე ისაა, რომ 2010 წელს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, სამართალდამცავებს დახურული მიმოწერის კითხვისა და საუბარში ჩართვის(!) უფლება აქვთ.

მოკლედ, როგორც დიდი მარო შენგელიძე იტყოდა: ერთი ინტერნეტშიღა ვლაპარაკობდით თავისუფლად და ეგეც აღარ დაგვანებოთ, აბა, თქვენ იცით!

არა, რომ გვისმენდნენ და გვაკონტროლებდნენ, ვიცოდი, მაგრამ ეს საუბარში ჩართვა რაღა უბედურებაა?

ე. ი. მოგვიწევს, გავითვალისწინოთ, რომ არამც და არამც ქალს შებმა არ დავუწყოთ სოციალური ქსელების მეშვეობით - ემანდ სამართალდამცავის დაიკო არ აღმოჩნდეს და შარში არ გავეხვეთ.

ასევე არ შეიძლება სოციალურ ქსელში დაბადების დღეზე ხალხის დაპატიჟება - ვაითუ თქვენი მიპატიჟება რომელიმე მოშიებულმა სამართალდამცავმა წაიკითხოს და მეწყვილესთან ერთად დაგადგეთ?

ან, წარმოიდგინეთ, რა საინტერესო სიტუაცია იქნება, როცა სკაიპში ბიზნესკონფერენციას აწყობთ. გარიგება თითქმის შემდგარია და ამ დროს ამოჭყვიტინდება ვინმე „baraKUDa"-ს შეტყობინება: „მაგდენს რატომ აფასებ... ბიჭო!"

ეს საკანონმდებლო ცვლილება, რა თქმა უნდა, სასტიკად უარყო იურიდიული კომიტეტის წევრმა, კახა ანჯაფარიძემ: არაო, კაცო, ჩვენა ელ.ფოსტის კითხვასა და პერსონალური შეტყობინებების ჩხრეკას კი არ ვაპირებთო. აი, ორი-სამი კაცი რომ შეიკრიბება ხოლმე ფეისბუქზე და ფორუმებზე და რაღაცეებზე მსჯელობენო, იმაში ჩართვის, ანუ ჩანერგვის უფლებას ვაძლევთ, მეტი არაფერიო.

მოიცა, ეს ნიშნავს, რომ 2010 წლამდე სამართალდამცავს ფორუმზე დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოს ნებართვა სჭირდებოდა? სწორად გავიგე?

დიდი ბოდიში, მაგრამ ვის ეკაიფებით თქვენა?

სოციალურ ქსელებში კი, ბატონო, არ გედავებით, ვიცი, რომ დარეგისტრირება იკრძალება, ინტერვიუს მიცემა რომ ეკრძალებათ ეგეც ვიცი...

მაგრამ ფორუმი?

ფორუმი ხომ ის ადგილია, სადაც ჯემალა  ქეთიდ შეიძლება დარეგისტრირდეს? და ვინ უკრძალავდა სამართალდამცავებს სხვისი სახელით რეგისტრაციას, რომ ამ აკრძალვის მოსახსნელად საკანონმდებლო ცვლილება გახდა საჭირო?

და გინდათ დამაჯეროთ, რომ აქამდე არცერთი სამართალდამცავი სასამართლოს ნებართვის გარეშე ფორუმებსა და სოცქსელებში არ რეგისტრირდებოდა?

ნეტა თქვენ თვითონ თუ გჯერათ ამ ყველაფრის?

მოკლედ, არ დაგვანებეს თავი რა! ტელემედიას რომ აკონტროლებენ, ეგ კიდევ არაფერი. ბეჭდური მედია რომ მოსპეს და დაასამარეს, ეგეც გადავყლაპეთ... ახლა სოციალურ მედიას მიადგნენ...

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test