შემოგვიერთდი

მედია „не для всех“

31.10.2011 16:10

უძველეს დროს, როცა საქართველო დსთ-ს წევრი იყო, როცა ხალხი ჯერ კიდევ ცაში იყურებოდა მფრინავი თეფშების მოლოდინში, ხოლო მე ჯერ ისევ სკოლაში დავდიოდი, პირველი არხის ეთერში ხშირად ჩანდა წვერებიანი კაცი - ზურაბ მურვანიძე, რომელიც დემოკრატიის შესახებ საუბრობდა ხოლმე.

ამ კაცის ნალაპარაკევიდან ერთი ფრაზა შემორჩა ჩემს მეხსიერებას მხოლოდ: საქართველოში „პრივატიზაცია“ და „დემოკრატია“ კი არა, „პრიხვატიზაცია“ და „ჩემოკრატია“ არისო.

...ახალი სატელევიზიო სეზონი საბჭოური მატარებელივით ნელა, ხრიგინითა და კვამლის ფურთხებით, მაგრამ მაინც განუხრელად კრეფს სიჩქარეს. მზადდება ახალი გადაცემები, იკვრება საეთერო ბადეები, იცვლებიან წამყვანები...

უცვლელი რჩება მხოლოდ ერთი - გადაცემათა 90%-ის მიზნობრივი ჯგუფი ისევ საკუთარი თავი და პოპულარული ადამიანებია.

2011 წლის გაზაფხულზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, მომავალი წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტად „მეტი გართობა და ნაკლები ინფორმაცია“ დაასახელა.

არადა, წინა სეზონზეც და ახლაც ყველა ტელეარხზე მიმდინარე გასართობი შოუების უმეტესობა გათვლილია მხოლოდ „ელიტაზე“ და ცნობილ „ფეისებზე“.

როცა ახალი სეზონის გადაცემების ანონსი გავიდა ეთერში, დავჯექი და ისე, უბრალოდ, ჩემთვის ჩამოვწერე, რამდენი გადაცემა შეცვალეს, გადააკეთეს და თავის თავზე მოირგეს პრივილეგირებულმა ხალხმა.

პირველი, რა თქმა უნდა, იყო შოუ „ვის უნდა 20 000?“, რომელიც, იდეაში, გათვლილია ჩვეულებრივი ტელემაყურებლის მონაწილეობაზე შოუში და მათ მიერ ფულის მოგებაზე.

ამ შოუს საქველმოქმედო გადაცემად ქცევა, თავისთავად, ცუდი არ არის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ქველმოქმედებისა და, შესაბამისად, შოუში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ცნობილ ადამიანებს დარჩათ.

ცნობილი ადამიანი, განსაკუთრებით, პოლიტიკოსი რომ ქველმოქმედებას ეწევა, ეს გასაგები და მისასალმებელია, მაგრამ იქნებ მეც მინდა ქველმოქმედება? ინტელექტით, გარწმუნებთ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის 80%-ს თუ არ ვჯობნი, ნამდვილად არ ჩამოვრჩები, გაჭირვებულების დახმარების სურვილიც ყოველთვის მქონდა, მაგრამ...

ეს გადაცემა წინა სეზონის ბოლოს დაიხურა.

მეორე, რომელიც შეცვალეს და გადააკეთეს - საბავშვო ინტელექტუალური შოუ „ყველაზე ჭკვიანი“ გახლავთ. ამ შოუს ძირითადი პრინციპია, რომ ყველა გადაცემაში უნდა მონაწილეობდნენ სხვადასხვა ბავშვები, ხოლო სეზონის ბოლოს გამარჯვებულთაგან ერთი დაეუფლება „ყველაზე ჭკვიანის“ ტიტულს.

რა ქნეს საქართველოში? შეცვალეს წესები და შედეგად ყველა გადაცემაში ერთი და იგივე ბავშვები თამაშობდნენ! თანაც შოუს პირვანდელ ვერსიაში, ობიექტურობის მაქსიმალური დაცვისთვის, შოუდან ამოღებული იყო მაყურებლის ინტერაქტიულობის ყველა ელემენტი, ანუ, გამარჯვებულს ავლენდა კომპიუტერი სწორი პასუხების მიხედვით. ჩვენთან გავარდნისგან მოთამაშეს ტელემაყურებლის ზარები და მესიჯები იცავს!

ერთადერთი, რაც ამ თამაშში ხელუხლებელი დატოვეს, სტუდიის დიზაინი, წამყვანის მშვენება და მოთამაშეების შერჩევის პრინციპია - ამ მუდმივ მოთამაშეებსაც ჩვეულებრივი ბავშვებიდან არჩევენ.

მესამე გადაცემა, რომელიც ამ დროისთვისაც გადის რუსთავი-2-ის ეთერში და რომელიც მხოლოდ ცნობილებზეა გათვლილი - „მელომანიაა“. ეს გახლავთ ცნობილი „Угадай Мелодию“-ს ქართული ვერსია, სადაც მონაწილეობენ მხოლოდ პოპულარული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან.

მარტო ეს სამი გასართობი შოუც საკმარისია, რათა საერთო სურათი თვალსაჩინო გახდეს. აღარაფერს ვამბობ „მუსიკალურ ლიგაზე“, „თბილისი-LIVE“-ზე, „ღამის შოუზე“ და მსგავს გადაცემებზე.

კი, გასაგებია, რომ „თბილისი-LIVE“ კლუბურ-ქალაქურ-ღამის-შარდენის ცხოვრებას მიმოიხილავს, მაგრამ როცა ყველა არხზე ყველა გადაცემა, მათ შორის, საინფორმაციო გამოშვებები, ძირითადად ამავე საქმით არიან დაკავებულნი, ამ შოუს დანიშნულება ბუნდოვანი ხდება.

არც ის იუმორი ესმის ყველას, რასაც ოთარ ტატიშვილის შოუში ვხვდებით - ესეც რაღაც „ელიტურ-ვაკურ-ვერული“ სტილითაა გაჯერებული და „ჯააან საკალელი“ ტიპებისთვის არის განკუთვნილი.

თითქმის ყველა არხზე ასეა - თითქმის ყველა გასართობი გადაცემა, შეიძლება ითქვას, უზურპირებულია ერთი კონკრეტული „სასტავის“ მიერ, რომელნიც ჩანან ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დროს.

რამდენიმე გადაცემის - „პროფილის“ (რომელსაც მარად და ყველგან დასცინიან), „ნიჭიერისა“ (რომელიც წელიწადში ერთხელ კეთდება) და „იღბლიანი ბორბლის“  (რომელიც, როგორც ჩანს, პროექტის ავტორებმა არ შეაცვლევინეს) გარდა ჩვეულებრივი ტელემაყურებლისთვის ყველა გადაცემის კარი დახურულია.

შესაძლოა, მართლებიც არიან - კომერციული არხებია და მათი გადაცემებიც იმათზე უნდა იყოს გათვლილი, ვისაც ფული აქვს.

ისევ ეს ბაზრის უჩინარი და მსახვრალი ხელი...

როგორც ამბობენ ხოლმე: გლეხი კაცითვინ არავინ არ არი!

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test