შემოგვიერთდი

ლაშა ქავთარაძე

ორმხრივი „ტკბობა“

27.12.2011 09:13

ბოლო ხანია, რამდენიმე მედიასაშუალებისა და მათი მკითხველების ურთიერთობა სადისტისა და მაზოხისტის ურთიერთობას დაემსგავსა. ისინი გვაწვალებენ და ჩვენც თავს ვიწვალებთ.
სიამოვნებასაც ალბათ თანაბრად ვიღებთ, ისინი საიტის ვიზიტორების რაოდენობით, ჩვენ - დაგროვილი აგრესიისგან გათავისუფლებით.

საქმე ისაა, რომ ჩვენს მედიასივრცეში ჟურნალისტიკის ახალი ჟანრი გაჩნდა, მთავრობასთან არსებული აგრესიულ-მარაზმატული ჟურნალისტიკა. ამ მიმდინარეობით ძირითადად ერთი ჰოლდინგის ვებ-გვერდები არიან დაკავებული. საუბარია “კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფზე”. საკმარისია დადასტურდეს რომელიმე პოლიტიკოსის ან საჯარო ფიგურის ოპოზიციური პოლიტიკური გადახრა, მათ საიტებზე, შეიძლება ითქვას, დღესასწაული დგება. უმალვე ჩნდება ამ პიროვნების რუსეთთან კავშირის “დამადასტურებელი” მასალები, გაფორმებული ცოტაოდენი უხამსი სიტყვებით, მარტივი ასოციაციური შედარებებითა და წარსულში ჩადენილი ცოდვებით, რომლებიც შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ ჟურნალისტების ფანტაზია და მარჯვე კლვიატურა ამ სიცარიელესაც ავსებს. ხოლო თუ პოლიტიკურად მშვიდი პერიოდია, მაშინ სექსუალურ სკანდალებს, ბიოლოგიურ ანომალიებსა და სასტიკ მკვლელობებს სათვალავი აღარ აქვს. სამაგიეროდ, სახელისუფლებო გუნდის შესახებ დაწერილ ყოველ წინადადებაში იგრძნობა „გულწრფელი სიყვარული“.

თუმცა მთავარი უცნაურობა ისაა, რომ არავის სჯერა ამ მედიაჰოლდინგის საიტებით გავრცელებული ინფორმაციის. მიუხედავად ამისა მათზე, შეიძლება ითქვას, ვიზიტორების წყვეტაა.

დღე არ გავა, რომ “ფეისბუკზე” შესულს რამდენიმე ათეული მეგობრის „დაშეარებული“ სტატიები არ დამხვდეს presa.ge / droni.ge-დან. რა თქმა უნდა, წინ წამძღვარებული ტექსტით - “ეს ჟურნალისტები ადამიანები არიან საერთოდ?” , “აღშფოთებული ვარ,” “რა საშინელებაა” და ა.შ. მერე მიდის გმობის, ლანძღვის გამომხატველი „სმაილებისა“ და კომენტარების ჩამომწკრივება და შეჯიბრი, ვინ უფრო კრეატიული აღმოჩნდება საშინელების საშინელებად შეფასებაში.

და ასე გრძელდება დაუსრულებლად. საბოლოოდ კი ჩვენ, მკითხველები, ვრჩებით აღშფოთებულნი, ზემოხსენებულ ოდიოზურ საიტებს კი ვიზიტორები ემატებიან. მათი რაოდენობის ზრდა ნიშნავს ბევრ რეკლამას, ბევრი რეკლამა კი ბევრ ფულს (თუმცა არა მგონია, ამ მედიასაშუალებებს ფინანსურად უჭირდეთ).

მიკერძოებული მედიაც მინახავს და ყვითელზეც მსმენია რაღაც, მაგრამ ზემოთ ნახსენები მედიასაშუალებები რა კატეგორიაში გავიყვანო - არ ვიცი. რაღაც ახალი ფენომენია პოსტრევოლუციურ საქართველოში. ჯერჯერობით, არ შემხვედრია ადამიანი (თავად ამ საიტებზე მომუშავე რამდენიმე “პატრიოტის” გარდა), რომელიც იტყოდა, რომ ერთგან ან მეორეგან ოდესმე რამე ღირებული წაუკითხავთ. მიუხედავად ამისა, ქართული საიტების რეიტინგში ისინი ოცეულში შედიან. presa.ge-ს დღეში, საშუალოდ, 30 000-მდე ვიზიტორი ჰყავს, droni.ge-ს კი - 18 000-მდე. მიუხედავად საყოველთაო ნეგატიური დამოკიდებულებისა, ამ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულ სტატიებს იმდენი კომენტარი ახლავს, რომ ნებისმიერ მედიასაშუალებას შეშურდება. კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია - შედარებით ნეიტრალური ტონის სტატიებს, თითქმის არავინ კითხულობს და, შესაბამისად, ამას მცირე კომენტარებც არ ახლავს. ამიტომ, სრულიად გულწრფელად მიჩნდება კითხვა: რატომ შედიან ადამიანები presa.ge-ზე და droni.ge-ზე, თუკი მათი სტატიები ნერვებს უწყვიტავთ? რატომ „აშეარებენ“ ისინი სოციალურ ქსელებში სტატიებს, რომლებსაც ინფორმაციული ღირებულება არ აქვს?

პ.ს. ჟურნალისტურ წრეებში საკმაოდ ბანალური ქეისია პოლონეთში მომხდარი შემთხვევა, როდესაც მოსახლეობამ ტელევიზორები ეკრანით ფანჯრისკენ შეატრიალეს, მედიისადმი უნდობლობის ნიშნად. დაახლოებით მსგავსი აქცია მოაწყვეს რამდენიმე დღის წინ, ისრაელში, ადგილობრივი მაუწყებლობებით აღშფოთებულმა ულტრა-ორთოდოქსებმა, მათ ათასობით ტელევიზორი ყველას თვალწინ დაამტვრიეს. სამწუხაროა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ აღშფოთებით ტკბობის ხანა გვიდგას და არ შეგვიძლია უარი ვთქვათ ინფორმაციულ ნაგავზე, რომელიც ინტერნეტში კომპიუტერული ვირუსებივით ვრცელდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test