შემოგვიერთდი

ნიუსოკრატია, როგორც ხელისუფლების ნაწილი

31.12.2011 10:42

ფორმალობა დაცულია, ოფშორულ ზონებს ამოფარებულმა ტელევიზიების მფლობელებმა,  2011 წლის აპრილში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების სრული დაცვით, საკუთარი ვინაობა გაამხილეს. „რუსთავი 2“–ის, „იმედის“, „საქართველოსა“ და „ევრიკის“ მფლობელთა შორის არიან ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის ძმა და ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მრავალგზის გამარჯვებული კომპანიების მფლობელები. კანონში შეტანილი ამ ცვლილების წყალობით ვიცით, რომ „რუსთავი 2“–ისა და „იმედის“  ნიუსოკრატიაში ლომის წილი უდევთ არა ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ რაღაც აბსტრაქტულ „დენალ იუნიონსა“ და პანამაში რეგისტრირებულ „რააქ ჯორჯია ჰოლდინგს“, არამედ კონკრეტულ პირებს სახელებითა და გვარებით: გიორგი არველაძეს, იაგო ჩოჩელს, გიორგი კორახაშვილს, ლევან ყარამანიშვილს, გიორგი გეგეშიძესა და სხვებს, თუმცა საეჭვოა, ამ ცოდნის საფუძველზე საზოგადოებამ რამე სახის სარგებელი მიიღოს. უკეთეს შემთხვევაში მეტი სიზუსტით გამოვკვეთავთ კრიტიკის ობიექტს, რომელმაც, თუ საჭიროდ ჩათვალა, შესაძლოა, გვიპასუხოს კიდეც, მაგრამ პასუხის ღირსად კვლავ არ ჩაგვთვლიან ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ, მართავენ ყველაზე დიდი არხების ნიუსოკრატიას და, როგორც წესი, ყოველთვის ჩუმად არიან. არადა, ერთ  ფრანგ მოაზროვნეს თუ დავესესხებით, საზოგადოების ნამდვილი მტრები სწორედაც რომ ჩუმად არიან!

ცხადია, კანონში შეტანილი ეს ცვლილებები არსებითად ვერაფერს შეცვლის. მითუფრო, რომ პროპაგანდასა და ცუდ ჟურნალისტიკას თავად ჟურნალისტები არ ეწინააღმდეგებიან. დამქირავებლის (ტელევიზიის მფლობელის) ნების წინააღმდეგ მოქმედება არც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშია იოლი. აი, რას ამბობს მსგავს ვითარებაზე კლოდ–ჟან ბერტრანი, პარიზის უნივერსიტეტის ფრანგული პრესის უნივერსიტეტის პროფესორი, ავტორი წიგნისა  „მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები“, რომელიც „თავისუფლების ინსტიტუტმა“ 2004 წელს გამოსცა:

„იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალისტები დაქირავებულებს წარმოადგენენ, ცხადია ისინი ღიად ვერ დაუპირისპირდებიან თავიანთ დამქირავებლებს. როგორ უნდა დააღწიონ მათ თავი ამ დამოკიდებულ მდგომარეობას? ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი საკუთარი საქმისადმი პროფესიული მიდგომაა. ეს კი ნიშნავს, საუკეთესო იყო: მოვლენებისა და ტენდენციების გაშუქებაში, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ინტერვიუირებაში, მონაცემთა მოგროვებაში, ფაქტებისა და იდეების განმარტებაში, მასალის მიწოდებაში.“

ანუ, ფრანგი პროფესორის სიტყვებით, სულ ცოტა, ტელევიზიებში მომუშავე ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ სურვილი „თავი დააღწიონ  დამოკიდებულ მდგომარეობას“. ცხადია, ამგვარი სურვილი დამოუკიდებლობის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა, მაგრამ აქვთ კი ასეთი სურვილი ჟურნალისტებს?

„რუსთავი 2“–ისა და „იმედის“ სიუჟეტებში ხელისუფლება ყოველთვის კარგია (პროტაგონისტი), ოპოზიცია კი – ცუდი (ანტაგონისტი). ხელისუფლება ებრძვის მტერს, აშენებს (საავადმყოფოებს, გზებს...) და ხალხზე ზრუნავს, ოპოზიცია კი მტრის მითითებით მოქმედებს, აშენებულის დანგრევას ცდილობს და ხალხის მტერია. ასეთია ზოგადი სქემა და მას ვერ გადაუხვევს ვერც დამწყები და ვერც გამოცდილი ჟურნალისტი. მეტიც, სწორედ გამოცდილი ჟურნალისტები არ უტოვებენ ახალბედებს თავისუფალი მოქმედებისთვის საჭირო სივრცეს. სწორედ გამოცდილმა და ცნობილმა ჟურნალისტმა შექმნა ჟურნალისტიკის მთელი მიმართულება (გნებავთ ჟანრი), რომელსაც, პირველგამკვალავის პატივსაცემად, გოგოტისტიკა შეიძლება ვუწოდოთ. ამ ჟანრის ტიპური სიუჟეტის მოსამზადებლად უნდა იცოდეთ რამდენიმე ანდაზა ან სენტენცია, კალამბურის შედგენისას გღალატობდეთ გემოვნება, ზომიერების გრძნობა და სამყაროს ყოფდეთ ორ ნაწილად – ჩვენიანებად და სხვისიანებად! ამასთან „ჩვენიანი“ ყოველთვის ჭკვიანი და პატრიოტი უნდა იყოს, „სხვისიანი“ კი – სულელი და მოღალატე!

ცხადია, ჟურნალისტებს საზოგადოების მხარდაჭერის იმედიც უნდა ჰქონდეთ. იმავე ფრანგი პროფესორის თქმით, „თუ საზოგადოებას უნაკლო ჟურნალისტურ მომსახურებას შესთავაზებენ, ჟურნალისტები საზოგადოების მხარდაჭერას მოუპოვებენ მედიას, როგორც ინდუსტრიას, მეოთხე ხელისუფლებას  – როგორც ინსტიტუტს და საკუთარ თავს, როგორც ინფორმაციის შემგროვებლებსა და დამმუშავებლებს. თუკი ოდესმე ჟურნალისტებზე უსამართლო ზეწოლა განხორციელებულა, ისინი წინააღმდეგობის გაწევას სწორედ პროფესიონალიზმის საშუალებით ახერხებდნენ.“

თუმცა, ქართულ ტელევიზიებში ჟურნალისტების, რედაქტორებისა და მესაკუთრეების ქცევა ძალიან ჰგავს იერარქიულად დახარისხებული პარტიული ამხანაგების ერთობას, რომლის უმთავრესი მიზანი არა ინფორმაციის (სტანდარტების შესაბამისად) მოპოვება და გავრცელებაა, არამედ პოლიტიკური ოპონენტისათვის ანგარიშის გასწორება. შემთხვევით არაა, რომ არც „რუსთავი 2“–სა და არც „იმედს“ არ აქვს პოლიტიკური ტოქშოუ ან დებატების ფორმატის გადაცემა, რომელშიც განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის ძალები, თუ საზოგადოებრივი ჯგუფები საჯაროდ იმსჯელებდნენ და იკამათებდნენ. საქართველო, როგორც სოციალურად დუხჭირი და უამრავი გადაუჭრელი პრობლემით დახუნძლული ქვეყანა, მუდმივად გამოსავლის ძებნაში უნდა იყოს, თუმცა ტელევიზიები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გამოკვეთის, დისკუსიის ან კვალიფიციური ანალიზის ნაცვლად, მაყურებელს გასართობ გადაცემებს სთავაზობენ.

„რუსთავი 2“ თავს იწონებს „ნიჭიერით“, „პროფილით“, „კომედი შოუ“ – თი და  „ჯეოსტარით“, „იმედი“ კი – „ნანუკას შოუთი“ და „100 C”–ით. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ამ ვითარებას ვერანაირად ვერ ცვლის 2011 წლის აპრილში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები. რა მნიშვნელობა აქვს გიორგი არველაძე „რააქ ჯორჯია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი იქნება თუ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ აქციათა 45%–ის მფლობელი? ეს ხომ შესაკრებთა გადანაცვლებაც არაა!  აკი, გიორგი არველაძემ ნაახალწლევს განაცხადა კიდეც, რომ 2012 წელს „იმედი“ მორიგი გასართობი გადაცემის – „ვარსკვლავებთან ცეკვის“ გაკეთებას აპირებს! რა შეიძლება ითქვას, ყველაფერი ეს ძალიან ჰგავს ფილმ „ლაზარედან“ აღებულ ფორმულას: გშია? (თავისუფლება, კულტურა და ა.შ.) იცეკვე!

P.S. არაფერი გვითქვამს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, რომელსაც მეპატრონე საერთოდ არ ჰყავს და განა იმის გამო, რომ მოუხელთებელი ჯოსავითაა და არავის სჭირდება?! უბრალოდ, განსხვავებული სტატუსის გამო, ფორმალური მესაკუთრის შუალედური რგოლი გამოტოვებულია, ნაღდი, ანუ ჩუმად მყოფი კი, ცხადია, აქაც იგივეა, თუმცა, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ორი–სამი საავტორო გადაცემის წყალობით, სუნთქვის საშუალებას მაინც იძლევა, რაც ინფორმაციული ასფიქსიის მდგომარეობაში მყოფი ტელეაუდიტორიისათვის, უმნიშვნელო სულაც არ არის!

ტრენინგები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test