შემოგვიერთდი

ცოდნის დედაც, ჯეკ!

06.01.2012 17:10

ყოჩაღ! აი, მალადეც! საღოლ! სგ! სგ! აფერუმ! Great! BRAVO!

მეტი რა ენაზე შევაქო ჩვენი ტელევიზიები, აღარ ვიცი!

მაგათ ვენაცვალე, ისეთი კარგი საახალწლო გადაცემები შემოგვთავაზეს, ისე კარგად შეავსეს საეთერო ბადე რამდენიმე წლის წინანდელი გადაცემებით - სიტყვით ვერ გამოვხატავ მადლიერებას პირდაპირ!

არადა, რა იმედი მქონდა, წელს მაინც მოამზადებენ ნორმალურ გასართობ გადაცემებს-მეთქი... ეგ იმედიც წამართვეს!

მოგეხსენებათ, იმედის წართმევაში ამათ იმხელა გამოცდილება აქვთ, არ გაუჭირდებოდათ.

თვითონ წართმეული „იმედიც“, ახლა რომ ყველაზე რეიტინგულ არხობას იბრალებს - მარჯანიშვილის მოედნიდან ჩართვისა და საახალწლო „100°C“-ს გარდა, ყველა გადაცემა შარშანდელი გაუშვა.

„რუსთავი-2“-ზეც ჩართვა იყო, ოღონდ ბათუმის პიაცადან (ცნობისათვის: „პიაცა“ კონკრეტული მოედნის სახელწოდებაა რომში და მის მახლობელ ქალაქებში, ასე, რომ „ბათუმის პიაცა“ დაახლოებით იგივეა, რაც „წნორის მილანი“ და „მარნეულის ინტერი“), სადაც ხულიო იგლესიასი მღეროდა ქართველი მაყურებლისთვის.

ახლა არ დამიწყოთ, მაგაზე ახალი რა გინდოდა საახალწლოდო! ვისაც ხულიო იგლესიასი ახალი გგონიათ, მაგაზე ახალი არაფერი გენახოთ და მოგესმინოთ ამ წელიწადში!

სამაგიეროდ „გარიგება 2“ გადის უკვე ოცდამეათედ.

და მე ვეღარ გამიგია - რა მნიშვნელობა აქვს, ახალი წელია თუ 25 ივნისი, თუ ეთერში მაინც „გარიგება 2“ იქნება?

„მაესტროს“ დასცინიან: ძველი ჩანაწერები გაუშვაო - დალოცვილებო, „მაესტრომ“ ის გაუშვა, რაც ჰქონდა და რაც შეეძლო! მით უმეტეს, რომ ღობემძვრალას თავდასხმის შემდეგ „მაესტრო“ რადიოს შენობიდან მაუწყებლობს, შესაბამისად, არც აპარატურა აქვთ და არც განწყობა, რომ საახალწლო გადაცემები მოამზადონ!

და ეგეც რომ არ იყოს: „მაესტრო“ საკაბელო არხია, სატელიტიდანაც კი გათიშულია უკვე, რაც ნიშნავს, რომ, დიდი სურვილის მიუხედავად, თბილისის ერთი კონკრეტული საკაბელო კომპანიის კლიენტურის გარდა მას ვერავინ უყურებს!

პირველი არხის საახალწლო ეთერზე ვერაფერს გეტყვით - მთელი საახალწლო ეთერის განმავლობაში ცირკის ფესტივალების გარდა დასამახსოვრებელი არაფერი გასულა... ანუ ტრადიცია არ დარღვეულა...

ისევ „რუსთავი-2“-ს მინდა, დავუბრუნდე - ალბათ, გახსოვთ, ცნობილი ხუმრობები აბეზარ „ბედის ირონიაზე“, რომელსაც ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდეგ ჩვენი ტელევიზიები ყოველ ახალ წელს აჩვენებდნენ.

ახლა დრო შეიცვალა, ყველაფერი რუსული ავკრძალეთ, იმდენად მოვინდომეთ, რომ ცოტა ქართულიც შემოგვეკრძალა, შედეგად მივიღეთ სუბტიტრებიანი ფილმები...

საახალწლო ფილმიც შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა მისი გაშვების რეჟიმი - ტრადიციულად, ყოველ ახალ წელს, „რუსთავი-2“-ზე გადის „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ ორივე ნაწილი, ხოლო „იმედზე“ – „ერთხელ შუა ქალაქში“.

სამთავრობო ტელემედიის სამთავიან დრაკონს არც ამ დრაკონის კუდი - „რეალ-TV“ ჩამორჩა და საახალწლო დღეებში საკმაოზე მეტად გვიჩვენა მსოფლიო ცირკის შედევრები.

ცირკი, თავისთავად, ცუდი არაა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუბარია „რეალ-TV“-ზე, სადაც, ძირითადად, ისედაც მსგავსი სიუჟეტები გადის, ძნელი გასაგები ხდება, როდის იწყება საახალწლო ეთერი...

„რეალ-TV“-ს იმდენი მაინც არ მოეთხოვება, მაინც ახალი გახსნილია სხვებთან შედარებით.

აი, ამ მეგასამეულს რა დაემართა, ვერ ვხვდები.

ფული აქვთ, კადრები ჰყავთ, შიში არაფრისა აქვთ - სადღესასწაულო გადაცემებს მაინც არ აკეთებენ.

როგორც ჩანს, თვლიან, რომ რაც აქამდე გააკეთეს, ეს არის შედევრი და ახლა ცდილობენ, ეს ყველაფერი ხშირად გაიმეორონ, რომ არ დაგვავიწყდეს!

ამბობენ, გამეორება ცოდნის დედააო!

ცოდნის დედაც, ჯეკ!

ახალი გადაცემები მინდა!

ამას კი პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი სჭირდება, რომელიც ქართველ „ტელევიზიონშიკებს“ არ აქვთ!

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test