შემოგვიერთდი

ლაშა ქავთარაძე

ისევ „ლიბერალი“ და „ტაბულა“

09.01.2012 08:02

ჟურნალი „ლიბერალი“ აღარ მომწონს. ალბათ, ამით არაფერი აკლდება არც ამ ჟურნალს და არც მის ჟურნალისტებს, თუმცა ერთი რიგითი, დაინტერესებული მკითხველის აზრს გეტყვით. ეგოისტური სიმპატიები მქონდა „ლიბერალისადმი“ და ამიტომ შემტკივა გული. სექტემბრიდან მოყოლებული „ლიბერალის“ წაკითხვისას ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ ეს ჟურნალი სულს ღაფავს. თუკი წინა სეზონში Facebook-ზე შესულს მათი ვებგვერდიდან რამდენიმე სტატია ან ბლოგ-პოსტი აუცილებლად უნდა წამეკითხა, იმიტომ რომ მეგობრების უმეტესობა მათ აშეარებდა, სიმართლე გითხრათ, ახლა ასე აღარაა. აღარც მისი გამოსვლის დღეს ველი ხოლმე დიდად.

მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ „ლიბერალი“ ერთადერთი ჟურნალია, რომლის გვერდებიდანაც შეიძლება ადამიანმა რეალურ პრობლემებზე მიიღოს ხარისხიანი ანალიზი. ჟანრობრივი სპეციფიკის გამო მისი ინფორმაციული ღირებულება ჩემს თვალში არც ისე დიდია, თუმცა ვფიქრობ, ბოლო დროს ანალიზშიც მოიკოჭლებს. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მან ვერა და ვერ მოახერხა გახდეს მომგებიანი და საკუთარი მყარი სეგმენტი მკითხველთა წრეში იპოვოს. თუმცა ამ საკითხში პრობლემას არაჯანსაღ მედია, სარეკლამო ბიზნესგარემოსა და საზოგადოებაში უფრო ვხედავ, ვიდრე თავად ჟურნალში.

გარდა ამისა, ბოლო ნომრების წაკითხვისას საშინლად თვალში საცემი გახდა, რომ გაშუქების არეალიდან თითქმის გაქრა კულტურა, ე.წ. „მსუბუქი საკითხავი“ და მხოლოდ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ანუ „მძიმე“ თემები გვხვდება. რაც არ უნდა „მაღალი დონის“ სეგმენტზე გასვლას ცდილობდეს მედიასაშუალება მგონია, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მსუბუქ თემებს - ლიტერატურას, კინოს, ტექნოლოგიებს, სპორტს და ა.შ. მარტივი მიზეზის გამო - გარდა იმისა რომ ჩვენ ინფორმაციულ ერაში ვართ, „ინფოტეიტმენტის“ ხანაშიც ვცხოვრობთ, რაც აუცილებლად გულისხმობს მედიასაშუალებებში გართობის ელემენტების კონცენტრირებას.

თუმცა ვერაფრით დავუკარგავ „ლიბერალს“ ერთ რამეს  - პრობლემების დანახვისა და აქტუალიზაციის უნარს. თითოეულ ნომერში წინა პლანზე წამოწეული თემები ყოველთვის რეალობასთან მიახლოებულია. ჟურნალი უმეტესწილად ახერხებს, რომ ჩვენს გარემოში არსებული წინააღმდეგობები მთელი თავისი პარამეტრებით ასახოს.

1971 წელს  აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც „ნიუ-იორკ ტაიმსის“ უფლებებს იცავდა, გამოექვეყნებინა პენტაგონის ქაღალდები, აღნიშნულია, რომ  პრესა მართულთა მსახური უნდა იყოს და არა მმართველთა. ამ მიდგომას დამფუძნებელ მამათა მიერ პრესის თავისუფლებისათვის მიცემული გარანტიები ამართლებდა.  მგონია, რომ „ლიბერალი“ ძირითად შემთხვევაში ახერხებს ამას,  ამავე სტილის მქონე მეორე ჟურნალის „ტაბულსაგან“ განსხვავებით. ჰო, ძირითადად ასეა, სადაც ლიბერალს ახსენებენ იქ „ტაბულაზეც“ ამბობენ ერთი-ორ სიტყვას.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ რომელიმე მედიასაშუალებას შესწევს უნარი იყოს მაქსიმალურად ობიექტური. თუმცა იმ აზრისაგანაც შორს ვარ, რომ რომელიმე გაზეთი, ჟურნალი ან ტელევიზია მხოლოდ სახელისუფლებო გადაწყვეტილებების „გაპრავებით“ უნდა იყოს დაკავებული. ცოტა არადამაჯერებლად და საკუთარ თავთან საუბარივით ჩანს  როდესაც „ტაბულა“ ხელისუფლების „არც ისე მემარჯვენე“ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს ხოლმე.

BBC-ის ჟურნალისტი მ. გრიგორიანი 2007 წელს გამოცემულ წიგნში „სახელმძღვანელო ჟურნალისტიკაში“ წერს: „ინგლისელ მკითხველს გააკვირვებდა სტატია, რომელიც გამოქვეყნებული იქნებოდა ახალი ამბების განყოფილებაში, სადაც მოთხრობილი იქნებოდა მაგალითად, რომელიმე ფერმის კარგი მუშაობის შესახებ, სადაც მიიღეს რეკორდული მოსავალი“. სამწუხაროდ, ნაციონალურ ტელეარხებთან ერთად მსგავს ტენდენციას „ტაბულაშიც“ ხშირად ვაწყდებით. განსხვავება ისაა, რომ ფერმის ნაცვლად ჟურნალში ძირითადად საქართველოს მთავრობის „გამარჯვებებზეა“ საუბარი. ქართული რეფორმების ექსპორტის შესახებ აღტაცებით დაწერილი სტატიები, ცოტა არ იყოს და ღიმილის მომგვრელია. იმდენად დიდ სახელმწიფოშიც არ ვცხოვრობთ, რომ არ ვიცოდეთ რისთვის იწერება მსგავსი ტექსტები.

ეს ხდება არა მხოლოდ ახალი ამბების განყოფილებაში, არამედ ანალიზურ ტექსტებშიც.  ქართული ანალიტიკა დასავლური ანალიტიკისაგან იმითაც განსხვავდება, რომ ჩვენს შემთხვევაში ხდება არა მოვლენის გარშემო სხვადასხვა თვალსაზრისების შედარება-შეჯერება, არამედ ერთი პოზიციის დამცავი არგუმენტების დახვავება. ძირითადად ემოციური დამოკიდებულებების მიხედვით.

„ტაბულას“ ძლიერ მხარეს საერთაშორისო მოვლენების გაშუქება და კონტენტის მრავალფეროვნება წარმოადგენს (რაც ჩემი აზრით აკლია „ლიბერალს“). როგორც წესი, გაცილებით მეტი კომპეტენტურობით არის დაწერილი სტატიები აშშ-ის საარჩევნო მარათონისა თუ „რევოლუციური გაზაფხულების“ შესახებ, ვიდრე ქართულ პოლიტიკსა და სოციალურ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხშირ შემთხვევაში კი საქართველოში მომხდარი ამბების ინტერპრეტაცია ერთიერთზე ემთხვევა ოფიციალური ორგანოების პოზიცას ანდა საერთოდ გამოტოვებულია.

„ტაბულასადმი“ ანტაგონისტურად განწყობილ ადამიანებში გულისწყრომას ისიც იწვევს, რომ ჟურნალი ერთი ჩაკეტილი ჯგუფის ინტერესების ლობირებით არის დაკავებული და არა საზოგადოების რეალური პრობლემების ასახვით, თუმცა სიტყვის თავისუფლების გარანტია ამის უფლებას და შესაძლებლობას იძლევა და აზრთა მრავალფეროვნებაში ცუდს ვერაფრს ვხედავ.

საერთო ჯამში ალბათ მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ ორმა ჟურნალმა მოახერხა ქართულ ჟურნალისტურ სივრცეში ხარისხიანი, ეთიკური და მეტნაკლებად ნათელი პოზიციების გამომხატველი მედიის პრეცენდენტები შეექმნათ. ორივე ჟურნალს აქვს პრობლემები თუმცა ეს პრობლემები „ლიბერალის“ შემთხვავაში ნაწილობრივ მათდა უნებურად არის წარმოშობილი, „ტაბულა“ კი შეგნებულად ხუჭავს ცალ თვალს პრობლემებზე და თან მეორე თვალს „Silk-TV”-ის უპაჭუნებს, რომ თავისივე შეფასებით ერთადერთი პრობლემა - გაყიდვები (გავრცელება) - მოაგვაროს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test