შემოგვიერთდი

ვმუშაობ - მაშასადამე, ვარსებობ!

11.01.2012 09:14

„სამუშაო წმიდათაწმიდაა! ნუ შეეხები მას!“, - -ზარმაცი კაცის მე-10 მცნება

 

მე 29 წლის ვარ, პროფესიით - ჟურნალისტი.

მაქვს 11-წლიანი სამუშაო გამოცდილება და ამ ხნის განმავლობაში საქართველოში არსებული ჟურნალ-გაზეთებიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში მიმუშავია.

საქმე იმაშია, რომ 6 თვეზე დიდხანს ვერსად ვჩერდებოდი - ან გამოცემა იხურებოდა, ან ხელფასი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ან კიდევ რედაქციასთან მქონდა კონფლიქტი, ძირითადად  ისევ ჰონორარის სიმწირის მიზეზით.

ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ყველა რედაქციასთან ვთანამშრომლობდი მხოლოდ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. Media.ge-ზე მოსვლამდე არასდროს არავისთან მქონია კონტრაქტი, რომლიც მიხედვითაც ჩვენი (ჩემი და დამქირავებლის) ურთიერთობები დარეგულირდებოდა.

ალბათ ამის დამსახურებაც იყო, რომ მუდმივად მოტყუებული ვრჩებოდი.

ურთიერთობა ძალიან ჰგავდა არჩევნებს - იწყებოდა დაპირებებით, რომ მექნებოდა მაღალი ჰონორარი, სტაბილური რუბრიკები ყველა ნომერში, რომ არ შემეხებოდა ცენზურა, რომ იქნებოდა პრემიები და ა. შ.

მუშაობის დაწყების შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ ქაღალდი გაძვირდა, რომ გაყიდვებმა იკლო, რომ გამავრცელებელმა ფასი ასწია, რომ რედაქტორის ბიჭმა ცოლი მოიყვანა და კიდევ ათასი „რომ“.

შედეგი კი იყო ჰონორარის პერმანენტული კლება, შემდეგ კონფლიქტი რედაქციასთან და ჩემი უსამსახურობა, ისევ და ისევ, დაუსრულებლად...

ამ ბლოგპოსტის დაწერაც ამიტომ გადავწყვიტე - ეს პრობლემა მხოლოდ ჩემი უხიაგი ხასიათის ბრალი არ არის.

ქართულ ბეჭდურ მედიაში ყოველთვის ასეა.

არსებობს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რომელიც ჩვენს არასტაბილურ შემოსავალს და, ხშირ შემთხვევაში, უმუშევრობასაც განაპირობებს:

- ქართულ ბეჭდურ მედიას ჰყავს ცოტა მომხმარებელი. ვისაც გაზეთის კითხვა შეუძლია, მას ფული არ აქვს. ვისაც ფული აქვს, საკითხავად არ სცალია;

- ბეჭდური მედიიდან ყველაზე მეტად გაყიდვადია ე. წ. „ყვითელი“ პრესა, რაც იწვევს მოზიდული რეკლამის არათანაბარ გადანაწილებას - რეკლამის შემკვეთი ფულს ძირითადად დებს „ყვითელ“ ჟურნალ-გაზეთებში, რაც სხვა თემატიკის გამოცემების ისედაც გასაცოდავებულ ბიუჯეტს უარესად აზიანებს;

- გაზეთმა დაკარგა რეკრეაციული ფუნქცია. არსებული გამოცემებიდან 90% პოლიტიკური თემატიკისაა, რაც მკითხველებში მისი ყიდვის სურვილს ამცირებს. მსყიდველობითი უნარის მქონე მკითხველს ურჩევნია, ფილმს უყუროს, ან ვიდეოთამაში ითამაშოს, ვიდრე გაზეთი წაიკითხოს.

- გაზეთი ვერ ქირაობს კვალიფიციურ კადრებს. მას ურჩევნია, აიყვანოს სტუდენტი სტაჟიორები და გადაუხადოს ნაკლები, ან საერთოდ არ გადაუხადოს. შესაბამისად, საკონტრაქტო ურთიერთობა უფასო სტაჟიორებთან აუცილებლობას არ წარმოადგენს. და რაკი არსებობს უკონტრაქტო თანამშრომლობის პრეცედენტი, რედაქცია, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ უარს ამბობს ამგვარ თანამშრომლობაზე.

- ხარჯები თითქმის ყოველთვის აჭარბებს შემოსავალს. ოფისის ქირიდან დაწყებული, ვიდრე ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადებამდე, ხშირად რამდენიმეჯერ აჭარბებს გამოცემის ყოველთვიურ შემოსავალს. შესაბამისად, გაზეთს რჩება ორი გამოსავალი - ან შეცვალოს ჟანრი და რეკლამის მოზიდვის მიზნით „გაყვითლდეს“, ან შეასრულოს ვინმეს პოლიტიკური დაკვეთა, გაატაროს ვინმეს აზრი, როგორც სარედაქციო პოლიტიკა.

- ამ ყველაფრიდან, განსაკუთრებით კი, მეხუთე პუნქტიდან გამომდინარე, დაქირავებული ჟურნალისტის უფლებები, როგორც ასეთი, მუდმივად დარღვევის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი რედაქცია, რა თქმა უნდა, არ დაბეჭდავს სტატიას, რომელიც დამფინანსებლის პოლიტიკურ ინტერესებს დააზარალებს. ჟურნალისტს რჩება ორი გზა - ან დაწეროს ის, რაც რედაქციას აწყობს, ან დატოვოს რედაქცია.

მე რასაც ვაკეთებ ამ შემთხვევაში, ზემოთ მოგახსენეთ უკვე.

პრობლემა კი ისაა, რომ ამ ურთიერთობის სასამართლოში გადატანას აზრი არა აქვს. არ არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მხარეების უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება.

შესაბამისად, ქართულ ბეჭდურ მედიაში ჟურნალისტების უფლებები ისევეა დაცული, როგორც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კარი - იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში.

წლების მერე, როცა საქართველო გახდება ინგლისის მსგავსი სახელმწიფო, მართლა წარმატებული ეკონომიკითა და მართლა დემოკრატიით, სადაც ყველა ოჯახი იქნება მდიდარი, ყოველ დილით, ყველა ოჯახის მამა ყოველ დილით, სამსახურში წასვლის წინ, ჩაის დალევს და ახალი ამბების გასაცნობად გაზეთს გადაშლის.

აი, ამ დრომდე საქართველოში ბეჭდური მედიის ფუნქციონირებას არაფერი ეშველება!

ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით!

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test