შემოგვიერთდი

დამოუკიდებელი მედია სოროსიდან ივანიშვილამდე

11.01.2012 13:15

ქართულ მედიაში აქამდე ფულს მხოლოდ ერთი მილიარდერი – ჯორჯ სოროსი ხარჯავდა, 10 იანვარს კი გაირკვა, რომ მედიისათვის ფულის მიცემა ბიძინა ივანიშვილსაც დაუწყია. სოროსიც და ივანიშვილიც – ორივე მდიდარი ადამიანია და, ცხადია, ორივემ იცის როგორ იშოვნოს ფული, თუმცა, საკითხავია, რა ნიშნით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? პირველი იდეებსა და ფასეულობებს აფინანსებს, მეორე კი – საგნებს, იქნება ეს სულიერი თუ უსულო. სოროსი ალტრუისტია – სარგებლის გარეშე ხარჯავს ფულს, მაშინ როცა ივანიშვილმა, პოლიტიკურ ასპარაზზე გამოსვლამდე, დამოუკიდებელი მედია ახლოს არ გაიკარა. 

ცხადია, ცალკეულ შემთხვევაში, ყველა შეიძლება შეცდეს, მაგრამ, მთლიანობაში აშკარაა, რომ სოროსმა იცის როგორ დახარჯოს ფული, ივანიშვილმა კი – არა! არასახელისუფლებო მედიასთან გაფორმებული „სარეკლამო შეთანხმებაც“ ამის ნათელი დადასტურებაა. თუ ივანიშვილისთვის სარეკლამო დროის (ფართობის) ყიდვა უბრალო კომერციული გარიგებაა და არა „შორსმიმავალი გეგმის“ ნაწილი, მაშინ შეეძლო ამგვარი გარიგება „რუსთავი 2“–თან და „იმედდთანაც“ გაეფორმებინა. მით უფრო, რომ ამ საქციელით ე.წ. არასახელისუფლებო მედიას „ივანიშვილის მედიის“  იარლიყის მიკვრის შესაძლებლობისა და თავის მართლებისაგან დაიცავდა, თუმცა, მოხდა ის, რაც მოხდა.

ურეკლამობით ნამარხულები არასახელისუფლებო მედია ხარბად დაეწაფა ბიძინა ივანიშვილის ფულს. 750 ათასი ლარი გაინაწილეს დამოუკიდებელმა გაზეთებმა, რადიოსადგურებმა და ტელევიზიებმა.  ერთი შეხედვით, ამ ფაქტში უკანონო და არაბუნებრივი არც არაფერია. დამოუკიდებელი მედია ჰყიდის საეთერო დროს (ან გაზეთის ფართობს) და, მიღებული შემოსავლით ინარჩუნებს როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობას, ასევე მიუკერძოებლობას ახალი ამბების გაშუქების დროს. დაახლოებით ასეთი ვითარებაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც მედია მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის მოედანი (ასპარეზი) შეიძლება იყოს და არა – ბრძოლის იარაღი, მაგრამ საქართველოში (ჩვენივე პოლიტიკური კულტურიდან გამოდინარე) მედია მედიაზე მეტია.  აკი, ბიძინა ივანიშვილს პირველ წერილში (მედიის წარმომადგენელთა მიმართ) არც დაუმალავს, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩასაბმელად ტელევიზიის შეძენა სურდა! სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, „სარეკლამო გარიგებაში“ მონაწილე ორი მხარიდან, უფრო საყურადღებოა არა მედიის (რომელმაც შეიძლება შეიცვალოს ან არ შეიცვალოს ზნე), არამედ ივანიშვილის გათვლა.  

ცხადია, რომ ივანიშვილი ცდილობს ერთ მდინარეში მეორედ შესვლას.  „მე-9 არხის“ სახით ის ერთხელ უკვე იყო ქართული მედიის ნაწილი, თუმცა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არხი ისე დახურა, რომ არც საზოგადოებას აუხსნა მიზეზი და არც – ტელევიზიის თანამშრომლებს. ლამის ათი წლის შემდეგ, ივანიშვილი კვლავ ცდილობს მედიით საკუთარი არსენალის გამდიდრებას, თუმცა ხეირიანი არფერი გამოსდის, არადა, ღრმადაა დარწმუნებული, რომ ხელისუფლების პროპაგანდის გასანეიტრალებლად და არჩევნების მოსაგებად, სხვა გზა არ არსებობს. აშკარაა, რომ

მდიდარ ივანიშვილს  არ აქვს მდიდარი ფანტაზია (გნებავთ გეგმა), რომელიც თავსმოუხვეული თამაშიდან გამოსვლის საშუალებას მისცემდა, ანუ არ იფიქრებდა ტელევიზიაზე, რომლითაც, მმართველი პარტიის მსგავსად, არჩევნებს მოიგებდა. თავის დროზე დიდი ფულითა და ტელევიზიით არჩევნების მოგება ბადრი პატარკაციშვილმაც სცადა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა მხოლოდ 7 პროცენტი მიიღო.

ცხადია, რომ საჭიროა პოლიტიკური ბრძოლის თვისებრივად ახალი გზებისა და საშუალებების გამოძებნა. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში თანამედროვეობის უდიდესი მოაზროვნე ალბერტ აინშტაინი ამბობდა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგავართ, არ შეიძლება გადაიჭრას აზროვნების იმავე დონით, რომლითაც ისინი შეიქმნაო. ამის საპირისპიროდ, ივანიშვილი არ ცდილობს (ან არ შეუძლია) შეცვალოს თამაშის წესები, შესაბამისად, ნაკლები შანსია, რომ ამ ბრძოლაში მან წარმატებას მიაღწიოს, თუმცა ასეც რომ არ მოხდეს,  ქვეყნისა და საზოგადოებისათვის თვისებრივად არც არაფერი შეიცვლება.

რადიკალურად განსხვავებული ვითარება იქნებოდა, ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი მაღალი რომ იყოს. ჯერ ერთი, პრეზიდენტს არ მიცემოდა ასპარეზი აპოთეოზისთვის, რისი ტანჯული მოწმეებიც რუსთავი 2-ის, იმედისა და საზოგადოებრივი  მაუწყებლის მაყურებლები არიან და მეორეც, მატერიალურად შეძლებულ, მაგრამ იდეებით ღარიბ ადამიანს არ ექნებოდა წარმატებული პოლიტიკური კარიერის გაკეთების შესაძლებლობა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილი არ იფიქრებდა დარჩენაზე, ივანიშვილი კი – მოსვლაზე...

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test