შემოგვიერთდი

პრო-ტესტი

19.01.2012 13:04
wikipedia (photo: )

ტესტი მრავალგვარი არსებობს.

არსებობს ტესტი ერუდიციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, „წითელი და შავი“ შენთვის სტენდალის რომანია თუ ხიზილალის ფერები.

არსებობს ტესტი ფსიქოლოგიური, რომლის დახმარებითაც ფსიქოთერაპევტი ადგენს, თუ რატომ გგონია ხანდახან საკუთარი თავი სტენდალი.

არსებობს ტესტი ალკოჰოლზე - უცნაურმილაკიანი ხელსაწყო, რომლითაც პატრული არკვევს, მანქანას ნორმალური ადამიანი მართავს, თუ „სტენდალის სიყვარულის ჩახუტების ამბავში მეობის გაგების მქონე“ პერსონაჟი.

არსებობს ტესტი ფეხმძიმობაზე, რომლითაც დგინდება, ემუქრება თუ არა კაცობრიობას ახალი სტენდალის დაბადების საფრთხე.

არსებობს ტესტი პროფესიონალიზმზე, ანუ პრო-ტესტი.

მე ამ უკანასკნელს (მტრისთვის იყოს უკანასკნელი) ასევე დავარქმევდი „ტესტს ღირსებაზე“, იმიტომ, რომ პროფესიონალიზმი ღირსების გარეშე, ჩვეულებრივ, მანქანების თვისებაა და არა ადამიანების.

18 იანვარს ეს ტესტი ვიკიპედიამ ჩააბარა.

ვინც არ იცის: Wikipedia-ს პროტესტი გამოიწვია აშშ-ს კონგრესში შემუშავებულმა ორმა კანონპროექტმა, SOPA-მ და PIPA-მ, რომელთა ამოქმედებაც ვიკიპედიას, მის მსგავს საიტებსა და მათ მომხმარებლებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

SOPA  (Stop Online Piracy Act) პროვაიდერებსა და სხვა ინტერნეტ-საქმიანობის პატრონებს დაავალდებულებს, კავშირი გაწყვიტონ ნებისმიერ ვებ-გვერდთან, რომელიც მეკობრეობაში იქნება დადანაშაულებული.

PIPA (Protect IP Act) შეზღუდავს წვდომას გვერდებზე, რომელიც არალიცენზირებულ, უნებართვო მასალას აქვეყნებენ, რაც ავტომატურად გულისხმობს Wiki საიტების ბლოკირებას, სადაც კონტენტის შეცვლა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს.

ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით 18 იანვარს ინგლისურენოვანი ვიკიპედია, პროტესტის ნიშნად, 24 საათით ჩაბნელდა.

ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ამ დღეს ვიკიპედიას გახსნიდა, შეეძლო, მხოლოდ მხარდაჭერის გამოხატვა ვიკიპედიის პროექტისადმი და ინფორმაციის მოძიება ზემოხსენებულ კანონპროექტებზე, მეტი არაფერი.

ამიტომაც ვთვლი, რომ ეს პროტესტი იყო პრო-ტესტი, ანუ ტესტი პროფესიონალიზმსა და ღირსებაზე.

როცა შენს პროფესიულ საქმიანობას ვინმე ეხება, ვინც არ უნდა იყოს: ხელისუფლება, რელიგიური ორგანიზაცია, პოლიცია, დაზვერვა თუ სხვა ვინმე - ვალდებული ხარ, პროტესტი გამოხატო, თანაც ისე, რომ ამ პროტესტით ვინმეს დისკომფორტი შეექმნას. მაშინ ექნება ამ პროტესტს აზრი.

რაც შეეხება პროტესტის გამოხატვის ფორმას, ეს უკვე შინაგან თავისუფლებაზე, კრეატივსა და ინტელექტის კოეფიციენტზეა დამოკიდებული.

არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ გული მწყდება, რომ ვერცერთი ჩვენი გამოცემა, თუ საერთოდ გაბედა პროტესტის გამოხატვა, ფეისბუქზე გადახაზული ლოგოების გამოქვეყნების იქით ვერ მიდის.

მაგალითისთვის, თუნდაც ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები იკმარებს - იგივე საგაზეთო ჯიხურების ტერიტორიის გასხვისება ნებისმიერ ქვეყანაში დიდ საპროტესტო ტალღას ააგორებდა.

საქართველოშიც გამოთქვეს პროტესტი, ოღონდ მშვიდად, წყნარად, არცერთ ჟურნალსა და გაზეთს გამოცემა არ შეუჩერებია, პირიქით, ზოგიერთმა მოიწონა კიდეც ეს ფაქტი. მერე შექმნეს პრესის გამავრცელებელი ორგანიზაცია და გააგრძელეს ცხოვრება ჩვეულ ტემპში.

გავიხსენოთ თუნდაც ფოტორეპორტიორების საქმე - გადახაზული ფოტოაპარატის გამოსახულებიანი მაისურებიც დაარიგეს, პირველ გვერდებზეც დაბეჭდეს, რკინის ქალამნები ჩაიცვეს, რკინის ჯოხი დაიჭირეს და თვით ვანო მერაბიშვილამდინ იარეს - მაგრამ უშედეგოდ. ელემენტარულად, საქმის განსაჯაროებასაც კი ვერ მიაღწიეს.

ვიცი, მესმის, რომ ყველა ისე გამოხატავს პროტესტს, როგორც შეუძლია, მაგრამ როცა ხედავ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა პროტესტი ამ სახით გამოიხატება და მათგან არცერთს მოუტანია რეალური შედეგი (და საერთოდ, ნახევარი საქართველო ვერცკი იგებს ხოლმე, რომ პროტესტი გამოიხატა), უნდა მიხვდე და შეუშვა კონსერვატიულ თავში, რომ რაღაცეების ცვლილების დროა!

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test