შემოგვიერთდი

სასამართლო – ჟურნალისტებისათვის წართმეული ტერიტორია

23.01.2012 08:01

ვაღიარებ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ გამიჭირდა იქაურობის ცნობა. სადღაა ნახევრად დანგრეული შენობა ჩაშავებული კედლებითა და ჭუჭყიანი ფანჯრებით?!

ცვლილები, როგორც იტყვიან, სახეზეა. თანაც ფასადთან ერთად, გარემონტებულია ინტერიერიც, რომელიც ლითონის დეტექტორის, მოსარკული იატაკისა და ელექტროდაფებთან გაჩენილი რიგებით აეროპორტის მოსაცდელ დარბაზს უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე სასამართლოს. შთამბეჭდავია შენობის ფასადიც: თემიდის საუფლოს გარედან ქვის მძვინვარე ლომები იცავენ. ლომი, მოგეხსენებათ, ძლევამოსილების, ხელისუფლებისა და კეთილშობილების სიმბოლოა, თუმცა სასამართლო რეფორმის წყალობით, მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ქალღმერთი მხოლოდ ქვის ლომების იმედად როდია. სასამართლოს შენობასა და შენობის მიმდებარე ტერიტორიას კარგად გაწვრთნილ და აღჭურვილ მანდატურთა ჯგუფი იცავს. მათ მახივლ მზერას არ გამოეპარება არც ერთი კანონდარღვევა, იქნება ეს სასამართლო დარბაზში, შენობის უკიდეგანო დერეფნებსა თუ სასამართლოს უზარმაზარ ეზოში. მოკლედ, ყველაფერი კარგადაა, რომ არა ერთი გარემოება: ამ სამოთხეში ჟურნალისტიკის ადგილი არაა! ცხადია, შესაბამის ფირნიშს ვერსად წააწყდებით, მაგრამ ამას მიხვდებით სასამართლოს ტერიტორიაზე მოხვედრისთანავე და, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო დარწმუნდებით, რომ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა შინ ან რედაქციაში რომ დარჩენილიყავით! 

არა, ცხადია, იმის გამო, რომ ჟურნალისტი ხართ სასამართლოს კარს ცხვირწინ არავინ მიგიჯახუნებთ, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, თუ მიკროფონს ამოიღებთ, დიქტოფონს ჩართავთ ან ფოტოაპარატს გააჩხაკუნებთ, თქვენთან იმწამსვე გაჩნდება მანდატურთა ჯგუფი (თუნდაც იდგეთ სასამართლოს ეზოს უკიდურესად შორეულ წერტილში), რომელიც კანონის შესაბამისად, ხელს შეგიშლით ჟურნალისტურ საქმიანობაში და მკაცრი ტონით შეგახსენებთ, რომ:  

„სასამართლოს შენობაში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დაიშვება სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული გადაწყვეტილებით.“ – ასეთია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კაონონის 14 მუხლის 4–ე პუნქტი, რომლის მიღებიდან სულ მალე ხუთი წელი შესრულდება და, რომლის წყალობითაც „სასამართლო ჟურნალისტიკა“ როგორც ჟანრი, საქართველოში ფაქტობრივად აღარ არსებობს.

ხუთი წელია საზოგადოებას არ უნახავს მოსამართლე, რომელიც განაჩენს (გადაწყვეტილებას) კითხულობს, არ უნახვს პროკურორი, რომელიც ბრალდების არგმუნეტებს ასაბუთებს, არ უნახავს განსასჯელი, რომელიც დანაშაულს აღიარებს, ან საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს... არანაირი ემოცია და პირველწყარო, მხოლოდ ტექნიკური საშუალებებისგან (კმერა, დიქტოფონი, ფოტოაპარატი) გაძარცული ჟურნალისტის საეჭვო სიზუსტის მონაყოლი! ხუთი წელია, საინფორმაციო ველში სასამართლო იქცა მორიგ შავ ხვრელად, საიდანაც, პერიოდულად, მხოლოდ კანცელარიზმებით გაჯერებული ტექსტი და სპიკერ–მოსამართლის მონოტონური ხმა თუ გამოაღწევს ხოლმე! ხუთი წელია, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო პროცესის საქვეყნოობაა უსარგებლო ფორმალობად აქცია. არადა, ხუთი წლის წინ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სამართალწარმოების მონაწილეებსა და სხვა პირებს, (თუ ისინი ხელს არ უშლიდნენ სასამართლო განხილვას) პროცესის დროს სტენოგრაფირების, ხმის ჩაწერისა და სხვა ჩამწერი საშუალებების გამოყენების უფლებას აძლევდა. მეტიც, პროცესის ფოტო–, კინო–, ვიდეოგადაღება და აუდიოჩეწერა, აგრეთვე რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაციის აკრძალვა შეიძლებოდა მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით!

თუმცა, როგორც ვთქვით, ხუთი წლის წინ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, რასაც ხელისუფლებამ ასეთი ახსნა მოუძებნა: სასამართლო სხდომაზე ტელეკამერების ყოფნა ხელს უწყობდა პროცესის ანგაჟირებას და მხარეთა მიერ შეგნებული პროვოკაციების მოწყობას. ხელისუფლებას, ცხადია, არაფერი უთქვამს, მოსამართლეთა კვალიფიკაციასა და მიკერძოებაზე, ისევე როგორც არ განუხილავს პროვოკატორთა მოთოკვის სხვა საშუალება, გარდა კამერების (დიქტოფონების და სხვა სახის ჩამწერი ტექნიკის) დარბაზიდან გაძევებისა. შედეგად მივიღეთ, სასამართლო ჟურნალისტიკის არნახული დაკნინება: რეპორტაჟები ან არ (ვერ) კეთდება, ან კეთდება დაბალი ხარისხისა და უზუსტო, თუმცა თავად სასამართლო ხელისუფლების მესვეურები მიიჩნევენ, რომ ცვლილებამ გაამართლა და, რომ სწორედ ცვლილების წყალობით გაიზარდა სასამართლოებისადმი ნდობა.  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სიამაყით მოაქვს 2011 წლის მაისში საქართველოს სასამართლოებში მომხმარებელთა შორის ჩატარებული კვლევის შედეგები: თურმე, გამოკითხული სასამართლო მომხმარებლების 75 პროცენტი აცხადებს, რომ ენდობა სასამართლოს, ხოლო ნაწილობრივ ნდობას სასამართლოს მიმართ 16 პროცენტი აფიქსირებს.

გამოდის, ყოველი ათი მოქალაქიდან რვა ენდობა სასამართლოს, თუმცა, რატომღაც სასამართლო რეფორმის ამ შედეგით დადად არ ამაყობს პრეზიდენტი სააკაშვილი, ვინც რეფორმის სათავეებთან იდგა და ვისაც, რბილად რომ ვთქვათ, წარმატებებით თავის მოწონება ჩვევია. საქარველოს პრეზიდენტი ამაყობს პოლიციით, განახლებული გზებით, ჯანდაცვის რეფორმით, ბრძოლისუნარიუნი არმიით, კორუფიცასთან წარმატებული ბრძოლით და იუსტიციის სახლებით ისე, რომ მართლმსაჯულების რეფორმა არც კი ახსენდება. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეები იღებენ ქრთამს ან მოუწესრიგებელია სასამართლოების ინფრასტრუქტურა. ეს უფრო იმის ნიშანია, რომ მოსამართლეთა მიუკერძოებლობის თვალსაზრისით სატრაბახო არც არაფერია და, ალბათ, ამის გამოა, რომ სასამართლო ჟურნალისტიკისათვის დახურულ სივრცედ იქცა! არადა, ათი წლის წინ, როცა სასამართლო რეფორმა იწყებოდა, ჟურნალისტები ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ და მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზაციის საქმეში მნიშვნელოვან როლსაც ასრულებდნენ. 2002 წელს  სამართლებრივი განათლების ასოციაცია ALPE–სა და ჟურნალალისტთა საერთაშორისო ცენტრის ICFJ–ს მიერ გამოცემულ „სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოს“ შესავალში ვკითხულობთ:

„საზოგადოება საჭიროებს ისეთ სასამართლო სისტემას, რომელიც არამხოლოდ დაფასებული და მისაღები იყოს მისთვის, არამედ – გამჭვირვალე და სამართლიანი. ჟურნალისტებს შეუძლიათ სწორედ ამგვარი სისტემის ჩამოყალიბებას და შენარჩუნებას შეუწყონ ხელი სასამართლო და საკანონმდებლო საკითხების სისტემატური გაშუქებით. როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა, როდის აკეთებს ის თავის საქმეს და როდის – არა – აი, ის საკითხები, რომელთა გაშუქებითაც ჟურნალისტები დახმარებას გაუწევენ მოქალაქეებს გაერკვნენ ამ სისტემაში.“

ეს ტექსტი, როგორც უკვე ვთქვით, ათი წლის წინ დაიწერა, ამ ხნის განმავლობაში კი ბევრი რამ შეიცვალა. საქართველოს უახლოესი ისტორია გადატვირთულია ტრაგიკული თარიღებითა და მოვლენებით, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, ტერიტორიების დაკარგვას უკავშირდება. ცხადია, საქართველოს პარლამენტის მიერ  2007 წლის ივლისში მიღებული გადაწყვეტილება (რომლის „წყალობითაც“ სასამართლოს ტერიტორიაზე ჟურნალისტური საქმიანობა აიკრძალა) ამ რიგის ტრაგიკულ მოლენათა რიცხვს არ განეკუთნება, მაგრამ საზოგადოებამ მის საფუძველზეც (სასამართლოების სახით) მნიშვნელოვანი ტერიტორია დაკარგა. სპერატისტული რეგიონების დაბრუნებას არაერთი გარეფაქტორი აფერხებს, მაგრამ საკითხავია, რა უშლის ხელს  რეგულაციის უფრო მოქნილი სისტემის მოფიქრებას, სასამართლოებში ჟურნალისტური საქმიანობის დაშვებას და ამით  საზოგადოებისათვის სასამართლოების დაბრუნებას? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა უხვევდნენ მედიას თემიდისათვის განკუთვლინით ხილაბანდით თვალებს? 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test