შემოგვიერთდი

ლაშა ქავთარაძე

ლოგიკური პარადოქსები

24.01.2012 09:33

თუკი თქვენ გჯერათ ნაციონალური ტელემაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, ან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხართ და სხვა გზა არ გაქვთ, ან ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ხართ, ან თქვენი მეუღლე „წაღვერი და თბილისის“ „უბადლო“ შემსრულებელია, ან ვინმე გია ყარამანაშვილი ბრძანდებით. არის კიდევ ერთი ვარიანტი - თქვენი სახელი და გვარი მიშა თავხელიძეა.  თუმცა არა, მიშა თავხელიძე სხვა შემთხვევაა, როგორც „კავკასიის“ ეთერში განაცხადა, „ნაციონალური ტელემუწყებლები ცალსახად უჭერენ მხარს მთავრობას, მერე რა მოხდა?“

ჰო, აი რა მოხდა, თუ საინფორმაციო გამოშვებაში 40-წუთიანი საპრეზიდენტო გამოსვლები გადის, თან დაუსრულებლად?! მერე რა მოხდა, თუ გვაყურებინებენ როგორ დადის მიშა, როგორ ჭამს მიშა, როგორ სეირნობს ველოსიპედით მიშა, როგორ უმღერიან მიშას, როგორ ჩამოდიან „დახავსებული ვარსკვლავები“ მიშას სანახავად და თან გზად კონცერტსაც მართავენ?! მერე რა ადამიანო, აგერ ჩრდილოეთ კორეაშიც ასე არ დაიწყეს? იმიტომაც ვერ ცხოვრობენ ახლა იქ ბედნიერად და არ დაიტირეს გულით კიმ ჩემ ირი? მოკლედ, წინ ჩრდილოეთ კორეისაკენ! გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, თან სინგაპურიც უფრო ახლოს იქნება.

ვიდრე სანატრელ ჩრდილოეთ კორეამდე მივაღწევთ, მანამდე ქართული ლექსიკონებიდან საერთოდ უნდა ამოვიღოთ სიტყვა „პარადოქსი“.  ყველაფერი ალოგიკური იმდენად ხშირად ხდება ჩვენთან, რომ ადამიანს ეჭვი შეგეპარება ლოგიკის ლოგიკურობაში. გაზეთ „რეზონანსთან“ ტელეკომპანია „იმედის“ 45% წილის მფლობელის გიორგი არველაძის ინტერვიუდან რამდენიმე ასეთ „პარადოქსს“ მოვიტან საილუსტრაციოდ:

ლოგკური პარადოქსი №1

ვერაფრით მივხვდი, როგორ ახერხებს ბატონი გიორგი არველაძე დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებას მაშინ, როდესაც ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტისადმი ოდითგანვე ჰქონდა სიმპათიები და მასთან ახლო ურთიერთობაც აქვს. გარდა ამისა, იყო მინისტრი და ოლიმპიური ცეცხლივით ხელიდან ხელში გარდამავალი, კანონიერი მფლობელისათვის ჩამორთმეული ტელევიზიის გენდირექტორიც მშვიდად და ყოველგვარი პროფესიული გარანტიების გარეშე გახდა.

ლოგიკური პარადოქსი №2

სიმართლე გითხრათ, ვერაფრით გავიხსენე ადამიანი, რომელსაც არ შეუქმნია რაიმე ინოვაციური (მაგალითად Facebook), ან არ მიუღია დიდძალი მემკვიდრეობა და მან მოახერხა 5 წელიწადში გამხდარიყო იმდენი მილიონის მფლობელი, რომ ქვეყნის „ყველაზე რეიტინგული“ ტელევიზიის საკმაოდ დიდი წილის კანონიერ მეპატრონედ მოვლენოდა სამყაროს. ნუთუ შესაძლებელია საკონსულტაციო ფირმებში 5-წლიანი მუშაობით ამდენი ფულის შოვნა? აგერ პასუხიც (ამონარიდი ინტერვიუდან):

„"რ": როგორ მოახერხეთ, რომ მას შემდეგ, რაც წამოხვედით მთავრობიდან და ხართ კერძო პირი, 5 წელიწადში მოგეგროვებინათ იმხელა ფინანსრული რესურსი, რომ ტელეკომპანიის წილის შეგეძინათ?

გ.ა.: სასაცილოა ამაზე საუბარი..“

ნამდვილად სასაცილოა.

ლოგიკური პარადოქსი №3

მათე კირვალიძე - ეს სახელი და გვარი უკვე პარადოქსია, მგონი. ადამიანი, რომელიც მუშაობდა „იმედში“ 2007 წლამდე, დღეს უკვე იმავე ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობს.

ლოგიკური პარადოქსი №4

შეკითხვაზე, თუ რატომ აღარ არის ნაციონალური მაუწყებლების ეთერში პოლიტიკური ტოქ შოუები? ტელევიზიების ხელმძღვანელები და (შეგვიძლია გამოვიყენოთ „ანუ“ კავშირიც) ხელისუფლების მხარდამჭრები უკვე დიდი ხანია მიუთითებენ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის კვლევის შედეგებზე, რომ ხალხს გასართობი გადაცემები ურჩევნია ამ ოხერ ტოქ შოუებს. მოდი, დავიჯეროთ არარსებული და ვიფიქროთ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელია და მისი კვლევაც რეალობას ასახავდა. მიჩნდება კითხვა, თუკი ადამიანებს არ აქვთ სურვილი რომ უყურონ 45-წუთიან პოლიტიკურ შოუებს, იმის სურვილი აქვთ, რომ უყურონ 40-წუთიან საპრეზიდენტო შოუებს? თუ ამ 40 წუთის საინფორმაციო გამოშვებებში ჩაკვეხებით ეს დრო მცირდება ან შინაარსი იცვლება? გასაგებია, რომ მიშაზე უკეთესი პროდიუსერი ვერც ერთ ჟურნალისტს ვერ ეყოლება და ვერც ვერავინ დადგამს უფრო ეფექტურ შოუებს, მაგრამ იქნებ ისიც კითხონ ხალხს, უნდა თუ არა ეს საპრეზიდენტო ტანკლი-ტუნკლები?

მოკლედ, ერთი ინტერვიუს კვალობაზე, მგონია რომ საკმარისზე მეტი ლოგიკური პარადოქსი შემოგვთავაზა ბატონმა არველაძემ. თუმცა, გიორგი წავა და სხვა მოვა, პრობლემა კი პრობლემადვე დარჩება, რადგან საქართველოში ბევრი მიშა თავხელიძეა, რომელსაც სჯერა, რომ ინფორმაციის დამახინჯებული მიწოდებით არაფერი შავდება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ეს მიშა თავხელიძეები ხშირად გადაწყვტილების მიმღები პირები არიან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test