შემოგვიერთდი

„ქრონიკა“, „ქრონიკა“, პაპიროსი პირში

26.01.2012 08:01
Rustavi - Automarket - Imedi TV (photo: )

„ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა შენებას!" - გალაკტიონ ტაბიძე

„მითხარი! კიდევ მითხარი!“ - აჩი მეფარიძე

 

„იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ტელევიზია, რომელსაც „იმედი“ ერქვა.

ამ ტელევიზიას დედა არ ჰყავდა. მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა და მას მერე თვითონაც ვერ გაეგო, ვინ იყო მისი პატრონი.
რა უნდა ექნა „იმედს“? საბოლოოდ რომ დაკარგა ყველაფრის იმედი, ადგა და პანელზე გავიდა...“

რა? ბლოგში ზღაპარს რა უნდა?

მაშინ თქვენ მიპასუხეთ: „ქრონიკაში“ აღმშენებლობის ამსახველ რუბრიკას რა უნდა?

სადმე, ოდესმე, ვინმესგან გსმენიათ, რომ საინფორმაციო გამოშვებაში რომელიმე ქვეყნის აშენებული ქალაქების შესახებ სიუჟეტების გასაშვებად, რუბრიკა შექმნილიყო?
ვინც არ იცის - 24 იანვარს, ტელეკომპანია „იმედმა“ თავის „საინფორმაციო“ გადაცემაში ჩაამატა სპეციალური რუბრიკა, სადაც ყოველდღე გააშუქებენ, როგორი ცხოვრებაა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, იმ ქალაქებში, სადაც მოქმედი ხელისუფლების მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

[swf file="http://www.media.ge/sites/www.media.ge/files/axali_rubrika_qronikashi_-_myvideo.ge_georgian_video_portal.mp4"]

მოკლედ, არ გვეშველა არაფერი, რა!

დაიწყება ახლა ჩვენება, რა ბედნიერია ხალხი რეგიონებში, რა ლამაზად გარემონტდა ყველაფერი, რა საოცარია სამყარო და რა უმადურობა იქნება ამ ყველაფრის არდანახვა.

ერთხელ ერთმა რუსმა პოლიტიკოსმა იხუმრა: რუსები დაწყევლილი ხალხი ვართ - რა გაერთიანებაც არ უნდა გავაკეთოთ, ბოლოს მაინც კომპარტია გამოგვდისო.

ჩვენ ვინღა დაგვწყევლა, რომ რა გადაცემაც არ უნდა გავაკეთოთ, ბოლოს მაინც ბრეჟნევის დროინდელი „მოამბე“ გამოგვდის?

კოლმეურნეობიდან ჩართვა, გარდამავალი დროშა და სოციალისტური შეჯიბრებები აკლია, თორემ დანარჩენი ეგაა რა!

ეს ყველაფერი რას ემსახურება, ამის ახსნა-განმარტება, მგონი, საჭირო არაა.

მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ რუბრიკას არსად აწერია, ფასიანი პოლიტიკური რეკლამაა, თუ უფასო.

საქმეც ამაშია, რომ პოლიტიკური რეკლამის გაკეთება სიუჟეტად, შემდეგ ამ სიუჟეტის ჩასმა საინფორმაციო გამოშვებაში და მისი გაშვება სპეციალური ტიტრის გარეშე - მაუწყებლობის ყველა არსებულ კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ ვინაა პატრონი...

ან მარეგულირებელი რას აკეთებს, ან ეთიკის ქარტია, ან დანარჩენი მაუწყებლები?

და რას გააკეთებენ ეს ორგანიზაციები, რომელიმე სხვა, თუნდაც ნაკლებ რეიტინგულმა მაუწყებელმა მსგავსი სიუჟეტები  სხვა პოლიტიკური ძალის მიერ ჩატარებულ აღმშენებლობაზე რომ მოამზადოს?

მე არ ვამბობ, რომ, რაც გადაიცემა, ტყუილია, ან არასწორად შუქდება, ან რამე მსგავსი.

მაგრამ საერთოდ, მსგავსი რუბრიკის არსებობა უკვე მოწმობს, როგორ პროგრესსაც განიცდის ჩვენი მედია და რა აღმშენებლობასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში.

არადა, რომ გვკითხო, წინსვლაა ქვეყანაში.

დროებით!

P. S. 2010 წელს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის ნაკრებმა 2:1 წააგო ბრაზილიის ნაკრებთან.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელეარხმა ტელემაყურებელს უჩვენა მხოლოდ კორეელი ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლი და სიხარულით ამცნო, რომ ჩრდილოეთ კორეის უძლეველმა გუნდმა მრისხანე ბრაზილია დაამარცხა!

როგორ ფიქრობთ, შორია გურჯისტანამდე?

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test