შემოგვიერთდი

თარგმანში დაკარგულნი

01.02.2012 08:55

„იყო მესამესა წელსა პრეზიდენტობისასა ბარაკ ჰუსეინისასა კარად თეთრის სახლისად წარემართა მიხეილ სააკას შვილი...“

ალბათ ასე დაიწყება 3012 წელს ქართული საჯარო სკოლის მეცხრე კლასის ქართული ლიტერატურის ქრესტომათია.

არ ვიცი, იქნება თუ არა საუბარი იმაზე, „თავსა თვისსა ძღვნად რომ შესწირვიდა“ მომავლის ჰაგიოგრაფიის პერსონაჟი მასპინძელს, მაგრამ ერთი კი ვიცი - მომავლის ფილოლოგები ათასობით და ათიათასობით ჰალოგენს დახარჯავენ კამათში, რა უთხრა ობამამ სააკაშვილს: ხელისუფლება ფორმალურად გადააბარეო? თუ ოფიციალურადაო?

ისე, მართლა რა ჭირი გვეცა, ჰა?

ნუთუ, ისე დავძაბუნდით ქართველი ჟურნალისტები, ისე გამოგვაშტერა ამ ნინო ჩხეიძის სიმღერებმა და მაია ასათიანის „პროფილმა“, რომ ერთი სიტყვა, ობამას მიერ ნათქვამი ერთადერთი სიტყვა Formal სწორად ვეღარ გვითარგმნია?

ნუთუ ამაოდ ჩაიარა ამდენმა მცდელობამ? ამდენმა უცხოელმა მასწავლებელმა? ამდენმა სუბტიტრებით გაშვებულმა ფილმებმა და დათხრილმა თვალებმა?

მოდი, ავდგეთ და გუგლის თარჯიმანს ვკითხოთ, რა მნიშვნელობა შეიძლება, ჰქონდეს სიტყვას Formal?

იმედია, რუსეთის აგენტობას არ დამწამებთ, თუ გეტყვით, რომ გუგლის თარჯიმანს ქართულ ენაზე თარგმნის ფუნქცია ახლა დაემატა და სიტყვათა მარაგი მეტისმეტად მწირი აქვს, ამიტომ ინგლისურიდან რუსულ ენაზე ვათარგმნინე და აი, შედეგიც:

„Formal - формальный, официальный, оформленный, номинальный, церемонный, внешний, симметричный, надлежаще оформленный, соответствующий правилам, выполненный по установленной форме, относящийся к форме, пр `авильный“ (http://translate.google.com/#en|ru|formal).

ინფორმაციის გადასამოწმებლად ვიკიპედიასაც მივმართე, სადაც ამ სიტყვის კიდევ უფრო მეტი და უცნაური განმარტება ვიპოვე, რომლის აქ მოტანასაც არ დავიწყებ (თემას არ უკავშირდება), თუ დაგაინტერესებთ, ნახეთ http://en.wikipedia.org/wiki/Formal

ჰოდა, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - საიდან დაასკვნეს ჩვენმა ნაცტელევიზიებმა, რომ ობამამ მაინცდამაინც „ძალაუფლების ფორმალური გადაცემა“ იგულისხმა და არა „ძალაუფლების წესების დაცვით გადაცემა“?

საიდან და საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან!

ჰო, ჰო, ზუსტად მანდედან!

ა, ბატონო, ლინკი: http://president.gov.ge/ge/PressOffice/News?p=7308&i=1

და ამის მერე ვინმე მეტყვის, რომ „რუსთავი-2“, „იმედი“ და საზმაუ მიკერძოებულები არ არიან?

არ მესმის, რატომ უნდა მისცე უფლება საკუთარ თავს, რომ სახელმწიფოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ამბავი ისე გააშუქო, რომ ალტერნატიული თარგმანიც კი არ დაუშვა?

მით უმეტეს, რომ შეხვედრის გამშუქებელ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს (მაგალითად ვებ-გვერდი civil.ge, რადიო „თავისუფლება“) უკვე ჰქონდათ გამოქვეყნებული ობამას ამ ფრაზის სხვა თარგმანი, სადაც სიტყვა „Formal“ თარგმნილი იყო, როგორც „ოფიციალური“.

ამას ინფორმაცია არ ჰქვია, ამას ჰქვია წინასაარჩევნო კამპანია, თანაც წესების დარღვევით.

მთავარი კი ისაა, რომ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ამ ყველაფერს ისე „ყლაპავს“, ვერც კი ხვდება, რომ მოატყუეს...

მსგავსი სიტუაცია იყო რამდენიმე წლის წინ, როცა NATO-ს პრეს-სპიკერმა, ჯეიმს აპატურაიმ ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ამბობდა, რომ ქართულმა სამთავრობო არხებმა მისი ტექსტი არასწორად თარგმნეს.

სირცხვილია, სხვა თუ არაფერი...

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test