შემოგვიერთდი

კავკასიაზე მიჯაჭვული

06.02.2012 07:59

„ტელეკომპანია კავკასია“ 1994 წელს დავით აქუბარდიამ დაარსა: ტელეკომპანია სადაგ დღეებში ამზადებს ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვება „დღეს“, ტოკ- შოუებს „ბარიერს“, "ცხელ ხაზსა" და დავით აქუბარდიას საავტორო გადაცემა „სპექტრს“. ცხადია, ყველა ამ გადაცემას ჰყავს თავისი აუდიტორია, მაგრამ ფლაგმან, ტონის მიმცემ გადაცემად ითვლება დავით აქუბარდიას „სპექტრი“, რომელიც პრაიმ–ტაიმში (შაბათ–კვირის გარდა) ყოველდღე გადის და ორი საათის განმავლობაში რამდენიმე სტუმარს მასპინძლობს.

თბილისელებს დავით აქუბარდიას წარდგენა არ სჭირდებათ. სულ მალე 20 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელი და ყველაზე ცნობილი წამყვანი სატელევიზიო ეთერს მიეჯაჭვა. დავით აქუბარდია პირდაპირ ეთერში გატარებული საათების მიხედვით საქართველოს მასშტაბით უდაო რეკორდსმენია. თუმცა, ტელეწამყვანის ამ გმირობას, კავკასიის მთებზე მიჯაჭვული პრომეთესაგან განსხვავებით, ხალხისთვის მნიშვნელოვანი სიკეთე არ მოუტანია. „სპექტრი“ ვერ ქმნის ისეთი ხარისხის მედიაპროდუქტს, რომელიც გავლენას მოახდენდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.

თუ ე.წ. სახელისუფლებო არხებს შეიძლება ვუსაყვედუროთ იმის გამო, რომ ახალ ამბებს აკეთებენ – ლამაზად ფუთავენ პროპაგანდას, „სპექტრის“ წამყვანი საერთოდ არ ფიქრობს თავისი პროდუქტისათვის მიმზიდველი სასაქონლე იერის მიცემაზე. წამყვანისა და მისი სტუმრების ქცევა იმდენად თავისუფალია (ხშირ შემთხვევაში ვულგარული და ექსცენტრიკულიც კი), რომ გადაცემას ფარული კამერით ჩაწერილი პრივატული საუბრის ელფერი უფრო დაკრავს, ვიდრე საჯარო სივრცით დაღდასმული აკადემიურობისა. ფრივოლური საუბრის დროს მიწვეული სტუმრების ნაწილს ავიწყდება სტუდიაში, მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე რომ იმყოფება და, ხშირ შემთხვევაში, პოლიტკორექტულობის თვალსაზრისითაც სცოდავს: თავს უფლებას აძლევს თქვას ის, რასაც სხვაგან (უფრო მოწესრიგებულსა და ორგანიზებულ სივრცეში) ვერ იტყოდა.

„სპექტრის“ წამყვანისა და მისი სტუმრებისათვის ასევე არ არსებობს არანაირი წესი, რომელიც შეზღუდავდა ერთ ჯერზე განსახილველ საკითხთა რაოდენობას, ლექსიკასა და დროს.  გადაცემა, როგორც წესი, წინასწარ მოფიქრებული კომპოზიციური სქემის გარეშე (წამყვანის ინტუიციის მიხედვით) მიმდინარეობს და ყველაფერი დამოკიდებულია არა მკაცრად განსაზღვრულ ფორმატზე, არამედ წამყვანის იმპროვიზაციასა და მიწვეული სტუმრის შინაგან კულტურაზე. წამყვანი არ აკონტროლებს საკუთარ მეტყველებას, ქცევას, რაც, ხშირ შემთხვევაში, გადამდებია მიწვეული სტუმრისთვისაც, რომელმაც იმდენად შინაურ გარემოში შეიძლება იგრძნოს თავი, რომ ჩანთიდან რძის პაკეტი ამოიღოს და პირდაპირ ეთერში დალიოს, ანდა ისე გაერთოს წამყვანთან კინკლაობაში, რომ გადაცემას ყველანაირი აზრი დაუკარგოს.    

„სპექტრში“ მიწვეული კვალიფიციური სპეციალისტიც კი, იმის გამო, რომ მისთვის გამოყოფილი დრო და სალაპარაკო საკითხთა რაოდენობა შეუზღუდავია, ვერ ახერხებს ფოკუსირებას ძირითად სათქმელზე, პრობლემის (და მისი გადაჭრის გზების) გამოკვეთას და ამის გამო არადამაჯერებლად გამოიყურება. შესაბამისად, ადგილი აქვს აქტუალური, საზოგადოებისათვის მტკივნეული თემების გაუბრალოებას: კი ითქმება, რომ რაღაც არის ცუდი (კარგი), მაგრამ გადაცემის მსვლელობისას, ეს სიცუდე (სიკარგე) დევალვაციას განიცდის და აღქმის სიმძაფრეს აჩლუნგებს. ასეთი მედიაპროდუქტით მაყურებელთა ნაწილმა შეიძლება გული მოიფხანოს, მაგარამ შეუძლებელია საზოგადოებრივ აზრზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა.

თუ პროსახელისუფლო მედია საუფლო პროპაგანდაა, აქ საქმე გროტესკთან გვაქვს. მაშინ, როცა სახელისუფლებო მედია რეალობის შელამაზებითაა დაკავებული, „კავკასიის“ „სპექტრში“ გატარებულ ინფორმაციას ტრაგიკომიკურობის ელფერი დაკრავს. არადა, სანდოობის თვალსაზრისით, საინფორმაციო პროპაგანდაც და გროტესკიც, საზოგადოებისთვის პრობლემაა. ალბათ, ამის გამოა, რომ ე.წ. პროსახელისუფლებო მედიის მაყურებელთა რაოდენობა არ მცირდება ნდობის მაჩვენებლის დაცემის პროპორციულად. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საინფორმაციო გადაცემებს „რუსთავი 2“-სა  და „იმედზე“ მაყურებელთა 88% და 85% ადევნებს თვალს, მაშინ როცა მათ მიმართ ნდობა მხოლოდ 33 პროცენტს აქვს. რა შეიძლება იყოს ამგვარი დისპროპორციის მიზეზი? ალბათ, სულ ცოტა ის, რომ საზოგადოება არც ე.წ. არასახელისუფლებო მედიას ენდობა.

ზემოთ კავკასიის მთებში კლდეზე მიჯაჭვული პრომეთე ვახსენეთ. დავით აქუბარდიას, როგორც პრომეთეს ცეცხლი, ისე არ ენანება ხალხისთვის თავისუფალი სიტყვა, თუმცა შედეგი, ოლიმპოდან გაძევებელი ღმერთისგან განსხვავებით, მოკრძალებული აქვს.

კავკასიის მთებზეა მიჯაჭვული ქართული ეპოსის გმირი ამირანიც. რა გასაკვირია და ტელეწამყვანი უფრო ამირანია, ვიდრე პრომეთე. დავით აქუბარდიას, როგორც ამირანს მამა ღმერთთან, ისე უწევს ხელისუფლებასთან ჭიდილი, რისი სასჯელი თუ საფასურიც  „კავკასიაზე“ სამარადჟამო მიჯაჭვულობა უნდა იყოს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test