შემოგვიერთდი

პროფესიიდან წასულები

16.02.2012 08:24

ლაკონურობის მიზნით, შემეძლო ერთი სიტყვით შემოვფარგლულიყავი და სათაურად უბრალოდ „წასულები“  გამომეტანა. თუმცა, როგორც ხედავათ, ასე არ მოვიქეცი. პირველ რიგში, არ მსურდა ხარკი გადამეხადა სამამულო ნეკროფილიისათვის და მეორეც, არ მიმაჩნია, რომ ჟურნალისტის პოლიტიკაში წასვლით რაღაც ისეთი, განსაკუთრუბალად ტრაგიკული ხდება, რომ ძველი ლათინების მსგავსად ჩვენც გავიმეოროთ De mortuis aut bene aut nihil - წასულებზე ან კარგი, ან არაფერიო.

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადგილე პირველი არაა, ვინც პროფესია შეიცვლა და ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წავიდა. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მითუფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ერთ-ერთი საპარლამენტო პარტიის გამგეობა თითქმის 100 პროცენტით ჟურნალისტებისაგან შედგება, რომ არაფერი ვთქვათ - ჟურნალისტების ბითუმად გაწვევაზე ხელისუფლებაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემდეგ. არც იმის დავიწყება ეგების, რომ ერთ–ორ ჟურნალისტს თავგზა  თავდაცის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმაც აუბნია...

მაინც რატომ იცვლიან ჟურნალისტები პროფესიას?

ვიღაც იტყვის, რომ  ხელისუფლების გადამკიდე ჟურნალისტიკას აზრი დაეკარგა, რომ რაც უნდა დაწერო, არაფერი შეიცვლება და ასე შემდეგ... ნაწილობრივ შეიძლება ასეც იყოს, მგარამ ცხადია, ეს არაა პროფესიიდან წასვლის არც ერთადერთი და არც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. „წერე და იკითხე“, – ასეთი მიმართება პოლიტიკურ კლასსა და მედიას შორის არა ერთი და ორი წლის წინ ჩამოყალიბდა.

მთავარი მაინც ისაა, რომ საქართველოში მედია, განსაკუთრებით ბეჭდური მედია, ვერ იქცა წარმატებულ ბიზნესად, რომელიც მასში დაკავებულ ადამიანებს მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანდა. რასაკვირველია, ცალკეულმა გაზეთებმა მოახერხეს გაზრდა, საგამომცემლო სახლებად და მედია–ჰოლდინგებად გაფართოება (ზოგიერთმა მათგანმა სადისტრიბუციო ქსელი, სტამბა, წიგნის მაღაზიები შეიძინა და, შესაბამისად, მოგებაც მნიშვნელოვნად გაზარდა),  თუმცა ამ გარემოებას ჟურნალისტების მატერიალური მდგომარეობა (განსხვავებით, მედიაორგანიზაციების მფლობელებისაგან) დიდად არ შეუცვლია.

საიდუმლო არაა, რომ ბეჭდურ მედიაში მომუშავე იშვიათი ჟურნალისტის ხელფასი აღემატება სამნიშნა რიცხვს. ჟურნალისტთა ხელფასი, ხშირ შემთხვევაში, სიმბოლურია. ჟურნალისტებისათვის ასევე კარგად ნაცნობია რამდენიმეთვიანი დავალიანების გაყინვისა და მიმდინარე ხელფასის ნაწილ–ნაწილ აღების პრაქტიკაც... ანუ, ქართულ ჟურნალისტიკაში შექმნილია მახინჯი მოცემულობა: გაქვს კვალიფიკაცია, მაგრამ არ გაქვს შემოსავალი, რომელიც თანამედროვე მერიტოკრატიულ საზოგადოებაში სტატუსის ძირითადი განმსაზღვრელიცაა.

ლოგიკურად დაისმის შეკითხვა, თუ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხარ, რატომ ვერ იღებ ღირსეული არსებობისათვის საჭირო შემოსავალს? ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში ბევრი ჟურნალისტი იღებს გადაწყვეტილებას შეიცვალოს საქამიანობის სფერო, ანუ „წავიდეს პროფესიიდან“: ნაწილი მიდის სახელმწიფო დაწესებულებების, პოლიტიკური პარტიებისა და წარმატებული კომერციული ორგანიზაციების პერსსამსახურებში, ნაწილი კი რადიკალურად იცვლის პროფესიას. ცხადია, არავინ დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ნაკლებ მატერიალურ შემოსავალსა და სტატუსს მოუტანდა!  ჟურნალისტების პროფესიიდან წასვლით კი პირველ რიგში ზარალდებიან თავად მედიაორგანიზაციები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ვერ ახერხებენ ცოდნისა და გამოცდილების აკუმულირებას, ასევე კარგავენ მედიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეპუტაციას. ცხადია, ზარალდება საზოგადოებაც, რომელიც კიდევ უფრო დაბალი ხარისხის მედიაპროდუქტს მოიხმარს და, რომელსაც მიმდინარე პოლიტიკურ, თუ სხვა სახის პროცესებში ნაკლებადგაცნობიერებულს უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება.

რა თქმა უნდა, პროფესიის გამოცვლას  ჟურნალისტებს ვერავინ დაუშლის. თუმცა, უკანასკნელი წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარი ნაბიჯის ეფექტიანობა მაღალი არაა. პოლიტიკაში წასული ჟურნალისტები პარტიებში ერთგვარი გარნირის ფუნქციას ასრულებენ და მათზე არსებითად არც არაფერია დამოკიდებული. არადა, უკან დასაბრუნებელი გზაც მოჭრილია. ავიღოთ თუნდაც ინგა გრიგოლია  – წარსულში ყველაზე რეიტინგული გადაცემების წამყვანი და ერთი არაფრით გამორჩეული მოქმედი პოლიტიკოსი, რომელიც  უკან დაბრუნებას ცდილობს, ანუ ერთ მდინარეში მეორედ შესვლას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test