შემოგვიერთდი

ლაშა ქავთარაძე

კიდევ ერთხელ არაეთიკური ჟურნალისტიკის ბოროტების შესახებ

17.02.2012 08:59

ჩემს უნივერსიტეტში (თსუ) ჟურნალისტიკის მიმართულებაზე პროფესიული ეთიკის სტანდარტები შეიძლება ითქვას „ცალყბად ისწავლება“. სამი წლის განამვლობაში მხოლოდ სამი ლექცია მახსენდება, როცა ლექტორი ამ თემას მეტნაკლებად შეეხო. არც ლიტერატურა ყოფილა დამაკმაყოფილებელი დონის, სადაც ეთიკის საკითხი სიღრმისეულად იქნებოდა განხილული. რამდენიმე ლექტორთანაც მქონდა ამ თემაზე საუბარი და დამეთანხმნენ, რომ ჟურნალისტური ეთიკის სწავლებას ყურადღება თითქმის არ ექცევა. არადა, ეს უნივერსიტეტი ყოველწლიურად ასამდე ჟურნალისტს “უშვებს”.

ეთიკური ჟურნალიზმის აუცილებლობაზე არამგონია ვინმე, საღად მოაზროვნე ადამიანი კიდევ დაობდეს. სხვა საკითხია ეთიკის სტანდარტების დაცვის მექანიზმები. ამ თემაზე დავა, სავარაუდოდ, ჟურნალისტიკის როგორც პროფესიის არსებობის განმავლობაში მუდმივად იქნება.

შეიძლება, ზოგიერთს პრობლემის გაზვიადებად მოეჩვენოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტიკის დაწყებით სკოლებში პროფესიული სტანდარტების სწავლება ცალკე საგნად ერთი სემესტრი მაინც უნდა მიმდინარეობდეს. თუ რატომ, ამას ქვემოთ ავხსნი:

გასულ კვირას "რუსთავი 2"-ზე, გადაცემა „P.S.”-ში, სიუჟეტი გავიდა კინტოებსა და მათ ჰომოსექსუალობაზე. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტმა ლამის ბოდიში მოიხადა, რომ დაშვების დონეზე მაინც ისაუბრა კინტოების „არატრადიციულ ორიენტაციაზე“ და განაცხადა, რომ ამ სიუჟეტით არავის დაკნინებას არ ცდილობდა. ანუ, ჰომოსექსუალობა აპრიორი დამაკნინებელი/შეურაცხმყოფელია.

მერე რა, რომ „რუსთავი 2“-შიც შეიძლება მუშაობდნენ გეები; მერე რა, რომ მაგ გადაცემის მომზდებაშიც შეიძლება იღებდეს მონაწილეობას რამდენიმე მათგანი; მერე რა, რომ შეიძლება ტელევიზორის ეკრანს ახლა რამდენიმე ასეული გეი, ლესბოსელი ან ბისექსუალი უყურებს და ამ სიუჟეტიში გაჟღერებული ზიზღისა და, მსუბუქად რომ ვთქვათ, ჟურნალისტის სიბნელის გამო რამდენიმე მათგანი საშინლად იგრძნობს თავს; მერე რა, რომ ყოველწლიურად ათეულობით ბავშვი (დაახლოებით იმ ასაკის, რა ასაკის შვილებიც შეიძლება ჰყავდეთ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს)  იკლავს თავს მაგ სტერეოტიპების და ე.წ. ბულინგის გამო. სამაგიეროდ, სისხლში გამჯდარ ტრადიციას ხომ არ უღალატა P.S.-ის ჟურნალისტმა და თავისი მაჩოურ-მასკულინური ეგოც დაიკმაყოფილა.

ვინმეს რომ ნორმალურად განემარტა ამ ვითომ უწყინარი, სინამდვილეში კი ზიზღით გადაგლესილი სიუჟეტის ავტორისთვის რას ნიშნავს ჰომოსექსუალობა, რომ ის არ არის დაავადება, არ არის ადამიანების უბრალო აკვიატება, რომ მოსახლეობის 5-7% ჰომოსექსუალია (არც მე მიყვარს რიცხვებით ადამიანებზე საუბარი, თუმცა მასშტაბურ არგუმენტად გამოდგება თუკი ვიტყვით, რომ ეს რიცხვი საქართველოს მასშტაბით  200 000-300 000-ია), რომ შეიძლება მისი უახლოესი ადამიანი (მეგობარი, ნათესავი, შვილი და ა.შ.) ლესბოსელი ან გეი იყოს, რომ მასზე გაცილებით უფრო კომპეტენეტურმა ადამიანებმა ათასობით ექსპერიმენტით დაამტკიცეს ჰომოსექსუალობის ბუნებრიობა, იქნებ აღარ გაეკეთებინა ასეთი სიუჟეტი, იქნებ საზოგადოებასაც დანგრეოდა სტერეოტიპები და გაცილებით მეტ ადამიანს ეცხოვრა ბედნიერად, როგორც მინიმუმ ზიზღისაგან და შიშისაგან თავისუფალს?!

ეჭვი არ მეპარება, რომ P.S.- ის ჟურნალისტებსაც ექნებათ წაკითხული (თვალმოკრული მაინც) პროფესიული ეთიკის საერთაშორისო პრინციპები. თუმცა, ნამდვილად საეჭვოა, რომ მათ ეს პრინციპები გაითავისეს. თუკი ამ არაეთიკური დამოკიდებულების მიზეზებზე ვისაუბრებთ, მგონია რომ ლომის წილი სწორედ ჟურნალისტურ სკოლებზე მოდის.

როდესაც ლექტორი მეუბნება, რომ მე უნდა დავიცვა პროფესიული ეთიკა და არ უნდა დავარღვიო ვინმეს პირადი სივრცე, ბავშვების უფლებები, არ უნდა ვიყო დისკრიმინაციული და ა.შ.  საკმაოდ მარტივი მოსასმენი, თუმცა რთული აღსაქმელი და გასათვითცნობიერებელია. მითუმეტეს, ისეთი საზოგადოებიდან წამოსული სტუდენტისათვის როგორიც ჩვენია - სავსე სტერეოტიპებით, წინასწარგანწყობებითა და ათასგვარი ფობიებით.

მედია პირველ რიგში უნდა იყოს ინსტიტუცია, რომელიც ამ სტერეოტიპებს დაამსხვრევს და პროგრესს ხელს თუ არ შეუწყობს, არ შეაფერხებს მაინც. კარგია, როდესაც სტუდენტს ეუბნები, რომ არ უნდა იყო ქსენოფობი, რასისტი, ჰომოფობი და ეს ყველაფერი შენს საქმიანობაში არ უნდა აისახოს. თუმცა, რა აზრი აქვს ასეთ დიდაქტიკას, როდესაც აზრის განსამტკიცებლად არანაირი არგუმენტი არ მოჰყავთ და იცის მხოლოდ ის, რომ “ეს წესი წესად უნდა დარგოს”.

კონკრეტიკის გზით რომ წავიდეთ - ავიღოთ სტატისტიკური ქართველი სტუდენტი, რომელიც დამეთანხმებით უფრო მეტი შანსია იყოს ჰომოფობი, ვიდრე არ იყოს. ლექტორმა უთხრა, რომ ჰომოსექსუალების დისკრიმინაცია პროფესიულად გაუმართლებელია. მანაც დაიმახსოვრა ეს ყველაფერი და გამოცდაზეც კი დაწერს რომ ჰომოფობია ცუდია, მაგრამ დიდი შანსია პრაქტიკაში მისმა პიროვნულმა განწყობამ დაძლიოს სადღაც, რამდენიმე წლის წინ გაგონილი ფრაზა. ამიტომაც მგონია, რომ სტუდენტებს საკმარისად უნდა განემარტოთ, რას ეფუძნება თითოეული ეთიკური პრინციპი და რომ ის უბრალოდ თანამედროვე ჟურნალიზმის ახირებათა ნაკრები არაა.

 

P.S.-ის ნაცვლად: ქართული ტელევიზიებისა და მისი "ჰაიკლასის ჟურნალისტებთან" მუდმივად მიჩნდება შეკითხვა - ნუთუ ასეთი თემებიც მიშა-ბიძინას დუელია, რომ  პოლიტიკური კონიუნქტურის, შიშის, ან კომფორტის დაკარგვის საფრთხის გამო ადგე და თავს უპასუხისმგებლობის უფლება მისცე?  რა უფრო დიდი პრობლემაა - ის, რომ 15 წლის გეი თავს იკლავს ჰომოსექსუალობაზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გამო (და ამ სტერეოტიპთა კვლავწარმოებაში სწორედ ასეთი არაეთიკური მედია მონაწილეობს), თუ ის, რომ ეს 15 წლის ბავშვი რამდენიმე წელიწადში საკუთარი სქესის ადამიანთან დაწვება ღამით და დილით ბედნიერს გაეღვიძება? ნუთუ ძალიან რთულია იყო ადამიანური და არა სტერეოტიპული?

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test