შემოგვიერთდი

კრეაTV ქართულად, ანუ „რომელმან შეძრა მსოფლიო“

27.02.2012 06:25

მახსოვს, 2002 წელს,  როცა სერგეი ბოდროვი-უმცროსი გარდაიცვალა, როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს ქართულ და რუსულ პრესაში. მაშინ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი და ამ ყველაფერს გაცილებით დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი, ვიდრე თუნდაც ახლა.

ქართულ პრესაში (მაშინ პრესა პრესობდა) მთელი კვირის განმავლობაში იბეჭდებოდა წერილები, რომელთა სათაურებიც, ზურიკელა ვაშალომიძის თქმისა არ იყოს, „ბებიაჩემის გამომცხვარი ჭადებივით ჰგავდნენ ერთიმეორეს“: „რუსეთში დიდი ეპოქა დასრულდა!“, „ეპოქის დასასრული რუსეთში“, „ბოდროვი-უმცროსის გარდაცვალებით რუსულ კინოში მთელი ეპოქა დასრულდა“ და ა. შ.

სწორედ ამ დროს ჩემმა მეგობარმა მაჩვენა რუსული ჟურნალი (მაშინ რუსული პრესა აქაც იყიდებოდა), რომლის პირველი გვერდიც წარმოადგენდა კინოფირის კადრს. კადრში ჩახატული იყო გარდაცვლილი ბოდროვ-უმცროსის სახე (მსხვილი ხედით) ზეაპყრობილი თვალებით, ხოლო ქვემოთ, უბრალოდ და გასაგებად ეწერა: КОНЕЦ ФИЛЬМА!

მას შემდეგ ბევრმა წყალმა, მიტინგმა და რუსის ტანკმა ჩაიარ-ჩამოიარა, მაგრამ ჩვენს მედიას არც პათეტიკა მოჰკლებია და არც იუმორის გრძნობა მომატებია. ერთი ეგაა - აქამდე თუ ბეჭდურ მედიაში ვწერდით მაღალფარდოვანი სიტყვებით, ახლა ინტერნეტში ვპოსტავთ და ტელევიზიით ვმაუწყებლობთ.

გახსოვთ ალბათ, ერთ-ერთ იუმორისტულ შოუში მურმან ჯინორიას მიერ ქართველი ჟურნალისტების გაქილიკებას რამხელა უკმაყოფილება მოჰყვა ჩვენი კოლეგების მხრიდან. არადა, გენიალური მსახიობი აბსოლუტურად მართალი იყო.

დაჯდები ტელევიზორთან, ელოდები საინფორმაციო გადაცემის დაწყებას, ანონსიც ნანახი გაქვს, რომ უნდა გააშუქონ, ვთქვათ, სტივ ჯობსის გარდაცვალების დეტალები, დაიწყება გადაცემა და სიუჟეტის ავტორი, მკვეთრად პიონერულ-კომკავშირული პათოსით, ამბობს, რომ გამოაშკარავდა ამბავი, რომელმაც „მსოფლიო შეძრა.“

ჩაივლის დღე და იძინებ ასე „სულით ხორცამდე შეძრული“, იმის იმედით, რომ მეორე დღეს სხვა, უფრო კარგი და დადებითი მოხდება და არც ცდები: მეორე დღეს „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალია, საიდანაც საინფორმაციო გადაცემაში ერთვება სხვა ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, რომ გერმანელი რეჟისორის ახალმა ფილმმა „მთელი მსოფლიო შეძრა“.

და ასე გრძელდება დღეები, კვირები, თვეები, უკვე წლებიც და ისე მივეჩვიეთ ამ „შეძვრებს“, ერთი ანეკდოტისა არ იყოს, ხასიათში გადაგვდის ნელ-ნელა.

ეს მხოლოდ ერთი დეტალია იმ უზარმაზარი უნიჭობის მანქანისა, რასაც პოსტსაბჭოური ქართული მედია ჰქვია.

რა თქმა უნდა, როგორც ყველგან, გამონაკლისები აქაც არსებობს, მაგრამ მასობრივად ერთგვარი ტექსტებითა და სათაურებით წერა ზოგადად ჩვენი მახასიათებელია.

გრამატიკულ-სტილისტურ შეცდომებზე არაფერს ვამბობ - ეს სხვა, უფრო ღრმა და მძიმე შემთხვევაა, რომელსაც ცალკე წერილი დასჭირდება.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხის გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ჟურნალისტები იყოფიან ორ ძირითად ჯგუფად: ისინი, ვისაც არ უხდიან საკმარისს, რომ კრეატიულად იაზროვნონ, და მეორე - ისინი, ვისაც საკმარისზე მეტს უხდიან, მაგრამ, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდიათ, რას და როგორ დაწერენ.

ეს უკანასკნელნი ხშირად იმითაც გამოირჩევიან, რომ არ აქვთ შესაბამისი განათლება და სიტყვათა მარაგი, და რაც მთავარია, არ აქვთ პასუხისმგებლობა მკითხველ-მაყურებლის წინაშე, იმიტომ, რომ სამსახურის დაკარგვა არ ემუქრებათ (ძირითადად პოლიტიკური შეხედულებების გამო).

შედეგად კი ზარალდება მომხმარებელი, რომელსაც სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ერთნაირად შეფუთულ-შეხვეული მიეწოდება.

როცა ყველაზე რეიტინგულობაზე და წარმატებულობაზე გაქვს პრეტენზია, ის მაინც უნდა გააკონტროლო, რომ შენმა ჟურნალისტებმა უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალება, ადრონული კოლაიდერის ჩართვა და გია ჯაჯანიძის მიერ ტუჩის დაბერვა ერთნაირი სიტყვებით არ გააშუქონ!

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test