შემოგვიერთდი

მედია და პრეზიდენტი

27.02.2012 07:17

„ჩვენ არ გვაქვს პლურალიზმის ნაკლებობაჩვენ განვიცდით პროფესიონალი ჟურნალისტების ნაკლებობას“. მიხეილ სააკაშვილი. 

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმი  მაასტრიხტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაუწუნა. ცხადია, პროფესიონალიზმი აკლიათ ჟურნალისტებსაც, ისევე როგორც პოლიტიკოსებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებსა და სხვა დარგის სპეციალისტებს. მაგარამ პრეზიდენტს მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე ჰკითხეს და ამიტომაც პროფესიონალიზმი მხოლოდ ჟურნალისტებს დაუწუნა, ანუ ერთგვარად თავი იმართლა, ხელისუფლება კი არ ზღუდავსო, თვითონაა უუნარო და შეზღუდულიო. არადა, ამ ჟურნალისტებს თავის დროზე ეყოთ პროფესიონალიზმი (უნარი, კომპეტენცია და გამბედაობა) ემხილებინათ ბევრი კორუმპირებული ჩინოვნიკი და ამით „ვარდების რევოლუციისთვის“ ნოყიერი ნიადაგი შეემზადებინათ. არაფერს ვამბობ მედიის მნიშვნელოვან როლზე ენერგიული დეპუტატის ჯერ მრისხანე რევოლუციონერად, შემდეგ კი ყოვლისშემძლე პრეზიდენტად ტრანსფორმაციაში. 

ვინ და საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა საყვედურობდეს ქართულ მედიას არაპროფესიონალიზმის გამო, მითუფრო, რომ ამგვარი საყვედური არ ჰგავს „მოყვარეს პირში უძრახეს“. ეს უფრო იმ ჭაში ჩაფურთხებაა, რომლიდანაც წყალს სვამ.

საიდუმლო არაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სრულ განკარგულებაშია ორი ყველაზე გავლენიანი არხი, რომლებიც იდეოლოგიური ბრძოლის ავანგარდში იმყოფებიან და სრულად ექვემდებარებიან მანიპულირებას. ამ არხებზე პრეზიდენტს მხოლოდ ხოტბას ასხამენ,  ოპონენტებს კი – ტალახს ესვრიან.

როგორ ხდება (მოხდა) ასე?

ხომ არ ირღვევა (დაირღვა) საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ცენზურა კი – დაუშვებელი?

განა, რა ფასი აქვს ამ არხებზე მაღალი კვალიფიკაციის ჟურნალისტების მუშაობას, თუ კი ყველაფერი პრიმიტიულ პროპაგანდამდე უნდა დავიდეს?

რა საჭიროა განათლება, საკუთარ თავზე მუშაობა და დროის კარგვა, თუ კი ჟურნალისტის ფუნქცია მიკროფონის დაჭერით შემოიფარგლება და თუკი პასუხი განსაზღვრავს კითხვას და არა – პირიქით?   

გახსოვთ, აკაკი გოგიჩაიშვილის „60 წუთი“ და კორუმპირებულ ჩინოვნიკთა მამხილებელი გამოძიებები? ათი წლის შემდეგ აკაკი გოგიჩაიშვილი კვლავ ტელევიზიაში მუშაობს და კვლავ ფორმაშია. ოღონდ, თუ ათი წლის  წინ მისი გამოძიებები ერთგვარი ჟანგბადი იყო დამყაყებულ გარემოში მცხოვრები მაყურებლისათვის, ახლა ის გვარიანად დაბერებულ, იმავე მაყურებელს გასაახალგაზრდავებლად (სახის ნაოჭების გასაქრობად) ჟანგბადის ანალურ ხვრელში შეშვებას სთავაზობს (ბიზნესკურიერი - 23.01.12) )! დამეთანხმეთ, გაახალგაზრდავების ეს მეთოდი უცნაურია, მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია ცნობილი ჟურნალისტის ამგვარი მეტამორფოზა, რომელიც თვით ადამიანის ხოჭოდ გადამქცევ ფრანც კაფკასაც კი გააოცებდა!  

კრიტიკისას პრეზიდენტს ალბათ „თავისი მედია“ არც უგულისხმია. მაღალი ალბათობით, არც ჰოლანდიელ მასპინძლებს გაუხმოვანებიათ ხელისუფლების მხარდამჭერი მედიის გულისტკივილი. სახელისუფლებო მედია დიდი ხანია შეეგუა ოქროს ბორკილებს და აღარ წუწუნებს, განსხვავებით არასახელისუფლოსაგან, რომელიც რეკლამის პოტენციური დამკვეთის დაშინებაზე, ინფორმაციის ბლოკირებაზე, ხულისუფლების ქედმაღლურ დამოკიდებულებასა და ბევრ სხვა რამეზე  ჩივის.

მედიის მტკიცებას, რომ ხელოვნურად შექმნილი კლიმატი განვითარების საშუალებას არ აძლევს, ხელისუფლება უპირისპირებს მოსაზრებას: არაპროფესიონალიზმის გამო მედია სათანადოდ ვერ იყენებს თავისუფლებას და ვერ ვითარდება. მედიას შესაძლოა, მართლაც აკლია პროფესიონალიზმი, მაგრამ შექმნილი გარემოც არ იძლევა განვითარების საშუალებას (მედია ალბათ ერთადერთი ბიზნესია საქართველოში, რომელიც  დღიდან დაარსებისა, ავტონომიურად, უცხური ინვესტიციის გარეშე ცდილობს გადარჩენას). რატომღაც, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ქართულ მედიაში ფულის დაბანდება აზრად არავის მოსდის. აშკარაა, რომ არასახელისუფლებო მედიასთან საქმის დაჭერა ზედმეტი თავისტკივილი და გარდაუვალი პრობლემებია. არადა, ხელისუფლება შეუკავებელი ენთუზიაზმით ახალისებს ყველა ბიზნესს (ტურიზმიდან დაწყებულს, სოფლის მეურნეობით დამთავრებულს), თუმცა მედიის მცდელობას ბარონ მიუნჰაუზენის მსგავსად, ხელის ქეჩოში ჩავლებით დააღწიოს თავი  პრობლემებს, გულგრილად უმზერს. შესაბამისად, ხელისუფლების წუხილიც, მედია არაპროფესიონალიზმის გამო ვერ იყენებს თავისუფლებასო, გულწრფელობასაა მოკლებული.

განა, რა ხდება ისეთი ქართულ მედიაში, რომ მის პროფესიულსა და მატერიალურ ზრდას კვალი ვერ  დაამჩნია თვით ყოვლისშემძლე ჯანსაღმა კონკურენციამ და თავისუფალმა გარემომ?

იქნებ, ეს კონკურენცია და გარემო არაა მთლად ჯანსაღი და თავისუფალი?

არადა, მედიისათვის ხელის შეშლასაც კი დახმარების ტოლფასი ეფექტი ექნებოდა. დახმარება კი, ერთ დიდ ფილოსოფოსს  რომ დავესესხოთ, სათაკილო არაა, რადგანაც დახმარება ჩვენი არსებობის ნაწილია. დახმარება იქნებოდა სახელმწიფო ინსტიტუტციების, სახელმწიფო მოხელეების მეტი გახსნილობა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხარისხის თვისებრივი გაზრდა.

ცხადია, დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი ისევე უნდა იწონებდეს თავს მედიით, როგორც  ჯარით, პოლიციით, სპორტით, ხელოვნებით...  თავის მართლება ვითარებას არსებითად ვერ შეცვლის. ასეთი მედიით ხელისუფლება შეიძლება შეინარჩუნო, მაგრამ იმავე ჰოლანდიის მსგავს ქვეყნებს შორის ადგილს ნამდვილად ვერ მოიპოვებ!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test