შემოგვიერთდი

ბედის ირონია, ანუ გაამოთ!

08.03.2012 17:57
Mikheil Saakashvili in Azerbaijan (photo: )

- უკუღმა, ასინეთა, უკუღმა!

არქიფო სეთური, კ/ფ „დათა თუთაშხია“

 

დავიღუპეთ!

ვაი ჩვენს თავს!

რაც აქამდე ინგლისური გვისწავლია, რაც სუბტიტრებით ფილმები გვინახავს, რაც თვალები დაგვითხრია, რაც რუსულის მცოდნეთათვის „ჩამორჩენილი“ და „მუმია“ გვიძახებია, ჩაგვეყარა წყალში ყველაფერი!

არადა, რა იმედი გვქონდა - ცოტას გავიჭირვებთ, ინგლისურს ვისწავლით, მერე ევროკავშირი მიგვიღებს, მერე ნატო მაპ-ს მოგვცემს და იქნება, იქამდე შაქრის ფასმა მაინც დაიწიოსო... მაგრამ ვაი, რომ ამაოდ!

თავზარი, ელდა და კიდევ ბევრი რამე დამეცა, როცა 2012 წლის 7 მარტს, „იმედზე“ გადავრთე და ჩემი ორივე დასაფსები თვალით დავინახე, როგორ გამოდიოდა სიტყვით ჩვენი პრეზიდენტი ბაქოში, რუსულ ენაზე და როგორ უშვებდა ამ გამოსვლას „იმედი“ ქართული თარგმანის გარეშე!

გადაბრუნება მინახავს, საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვაც მინახავს, პოლიტიკური პოზიციების შეცვლა მინახავს, „გადატვირთვის“ პოლიტიკაც მინახავს, პოლიტიკური გადატვირთვაც - ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია!

მიშა პოლიტიკოსია და პოლიტიკური თამაშების უფლება აქვს თუ არა, ეს პოლიტოლოგების საქმეა, მე ამის განხილვას აქ არ დავიწყებ.

მაგრამ შენ რომ მედია ხარ, შე უბედურ დღეზე დაფუძნებულო, თან უბრალოდ მედია კი არა, სრული დაფარვის მქონე ტელევიზია, და თანაც „ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის“ წოდებაზე გაქვს პრეტენზია - ელემენტარული თავმოყვარეობა არ უნდა გქონდეს? რასაც ამდენი ხანი გვიმტკიცებდი, გვიჩიჩინებდი და თავში გვიტენიდი, ერთ დღეში, ერთი პოლიტიკოსის გადაწყვეტილების საფუძველზე როგორ უნდა გადააბრუნო?

მე რომ თქვენი ამბავი ვიცი (თან პოლიტიკური სიტუაციაც ამაზე მეტყველებს), ახლა დაიწყებთ მსჯელობას, რომ ქართული ოპოზიცია ფინანსდება პირსისხლიანი ამერიკელი კაპიტალისტების მიერ, რომ ჩვენი მეგობარი და მოძმე რუსეთი ამდენ ხანს სწორედ მათ გამო გვებრძოდა.

მერე თქვენს ეთერში გავა სერიალი „საბრალო ნასტია“ განმეორებით (ჯერაც არაფერი გაგიმეორებიათ), თანაც სუბტიტრებით, რომ მომავალმა თაობამ ყური მიაჩვიოს და უკეთესად ისწავლოს რუსული ენა.

„იუმორინას“ ჩაანაცვლებს მიხაილ ზადორნოვის, ევგენი პეტროსიანისა და ლეონ იზმაილოვის მონოლოგები, რაც, ჩემი აზრით, მხოლოდ მისასალმებელია.

მერე მოვა ახალი წელი, და იქამდე 21 დეკემბერს სამყაროს აღსასრული თუ არ დადგა, 12 საათზე ახალ წელს მოგვილოცავს ალა ბორისოვნა, სიმღერით „Белый снег“, რის შემდეგაც დაიწყება უკვდავი „ბედის ირონია, ანუ გაამოთ!“

მერე თქვენს არხზე რეპერი ძვალის კლიპის მაგივრად იტრიალებს ნადეჟდა ბაბკინას კლიპები, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი სახელი რუსულ ენაზე ითარგმნება, როგორც „იმედი“.

და ბოლოს, ყველაფრის გვირგვინი იქნება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერ კონცერტზე ქართული პოლიციის ჰიმნს იმღერებს ქეთა თოფურია, თქვენ კი ამას პირდაპირ ეთერში აჩვენებთ.

ბოლოს კი, დამშვიდობების მაგიერ, მინდა, ჩემს მკითხველს ვკითხო: თუ წარმოგიდგენიათ მაინც, რა ამბავს ატეხდნენ ჩვენი „რეიტინგული ტელევიზიები“, რუსულ ენაზე პრეზიდენტის გამოსვლა სიუჟეტში „მაესტროს“ ან „კავკასიას“ რომ გაეშვა?

დროებით!

 

P. S.

- ქვეყანა გადაბრუნდა! დადგა დრო სანატრელი! გაიხარე, მუშავ, წამებულო!

ყვარყვარე თუთაბერი, კ/ფ „ყვარყვარე“

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test