შემოგვიერთდი

ბუტე-ბუტე გაგებუტე

20.03.2012 08:22
turn off (photo: )

შევარდნაძის დროინდელი ანეკდოტი:

ნარკომანი მიდის მეცხრე ბლოკთან და ეუბნება:
- თუ ძმა ხარ, მასწავლე, რა, ასე მალ-მალე როგორ ითიშები?

არ ვიცი, ახლანდელი თაობა მეცხრე ბლოკის ფენომენს გაიგებს თუ არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ჩემს ბავშვობაში, არხების პოლიტიკური ნიშნით არჩევას ვინ ჩივის, მთელი კვირა ველოდებოდით ხოლმე დენის მოსვლას, რომ რამე ინფორმაცია მაინც მიგვეღო.

გასულ კვირას ტელეკომპანია „იმედმა“ წერილობით მიმართა საკაბელო კომპანია „გლობალ-TV“-ს და მოითხოვა, რომ კომპანიას „ტელეიმედის“ მაუწყებლობის რეტრანსლირება შეეწყვიტა . მოგვიანებით იგივე გააკეთა „რუსთავი-2“-მაც.

მიზეზად დასახელდა: „იმედის“ მხრიდან - პარტნიორი საკაბელო კომპანიის შექმნა, ხოლო „რუსთავი-2“-ის მხრიდან - კონკურენტ საკაბელო კომპანიასთან, „კავკაზუს-TV“-სთან ერთობლივი პროექტი.

რატომღაც სხვა რამე რომ დაესახელებინათ, რა!

სინამდვილეში ორივეს მიზეზი და მიზანი ნათელია (მეცხრე ბლოკის პერიოდი ხომ არ არის, რომ რამე დაიმალოს):  „გლობალ-TV“-ს მომხმარებლის რაოდენობის შემცირება, იმიტომ, რომ ეს კომპანია ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს, ეს კომპანია უკვე დიდი ხანია, აჩვენებს „მაესტროს“ და რა თქმა უნდა, „გლობალ-TV“ აუცილებლად ჩასვამს თავის არხებში „მეცხრე არხის“ მაუწყებლობას.

ნაციონალური მედიის სამთავიანი გველეშაპიდან  გლობალ-TV-სთან ურთიერთობას ჯერჯერობით აგრძელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„იმედისგან“ და „რუსთავი-2“-სგან ეს ქმედება მათი ბოლო დროინდელი საქმიანობის სრულიად ლოგიკური გაგრძელებაა და მათგან მეტს არც უნდა ელოდეს ვინმე. მაგრამ იბადება რამდენიმე, ასევე ლოგიკური კითხვა, კერძოდ:

1. რატომ დუმს ამ საქციელზე არასამთავრობო სექტორი და მედიის მაკონტროლებლები?

2. ირღვევა თუ არა კანონი და მომხმარებლის უფლებები ამ მაუწყებლობის გათიშვით?

3. და ბოლოს: როგორი მოვლენაა საზოგადოებისთვის ორი, პირდაპირი მნიშვნელობით, მატყუარა და მიკერძოებული ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა - დადებითი თუ უარყოფითი?

პირველსა და მეორეზე პასუხის გაცემა ამ საკითხებში უფრო კომპეტენტურთათვის მიმინდვია.

რაც შეეხება მესამე საკითხს, აქ რამდენიმე საგულისხმო დეტალია.

როგორც ვიცით, ნაციონალური მოძრაობის მიერ „იმედის“ შტურმით აღების შემდეგ ამ კომპანიამ, ფაქტობრივად, დაკარგა დამოუკიდებლობის ყველა მახასიათებელი და ჩვეულებრივ, ძვირადღირებულ რუპორად გადაიქცა. „რუსთავი-2“ თავიდანვე ამჟამინდელი ხელისუფლების საკუთრება იყო და ამიტომ გასაკვირი არაფერია.

არც ისაა ახალი ამბავი, რომ ეს ორივე ტელევიზია ბოლო წლების განმავლობაში მმართველი ძალისადმი განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევა და ტელემაყურებლის მოტყუებაზეც კი არ იხევს უკან. მაგალითისთვის თუნდაც „მოდელირებული ქრონიკა“ და ქიმერიძის მკვლელობაზე გასული იდენტური სიუჟეტებიც იკმარებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ გლობალ-TV-ს ქსელიდან ამ ორი დეზინფორმაციული არხის გამორთვა დადებითი მოვლენაა.

არ დამიწყოთ ახლა საუბარი მომხმარებლის უფლებებზე - "რუსთავი 2" და „იმედიც“ იმდენი ხანია და ისეთი ხარისხით არღვევენ არა მხოლოდ მომხმარებლის, ზოგადად, ადამიანის უფლებებს, რომ მათი გათიშვა გაცილებით ნაკლები დარღვევა იქნება.

მით უმეტეს, გასულ კვირას „იმედზე“ ახალი შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაიწყო. მაგასაც ვნახავთ, ვის უფრო დააზარალებს ეს აშკარა პოლიტიკური ბოიკოტი - ტელემაყურებელს, გლობალ-TV-ს, თუ „იმედს“, რომელსაც SMS-ები და რეიტინგი დააკლდება.

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test