შემოგვიერთდი

სიბრძნე სიმართლისა

10.04.2012 08:37
Revaz Sakevarishvili (photo: )

„ონკანიდან წყალი მოდის, ატალახდა მთელი ეზო,

სუყველაფერს ხედავს გია, სუყველაფერს ხედავს რეზო.

პატარები ღია ონკანს აუვლიან, ჩაუვლიან...

ხომ არაფერს აშავებენ? მაინც დანაშაულია!“

ლექსი პირველი კლასის „დედაენიდან“

 

 

ჰოდა, ატალახდა ჩვენი ეზო, დღეისთვის მედიად წოდებული.

ატალახდა და მერე როგორ - სუფთა აღარავინ და აღარაფერი დარჩა.

ზოგი თვითონ გაისვარა, ზოგს ესროლეს ტალახი, ზოგსაც ტალახიანები ჩაეხუტნენ და ასე გასვარეს.

და ამ ტალახში, ისევე როგორც საბავშვო ლექსში, რეზო საყევარიშვილმა ყველაფერი დაინახა.

ოღონდ, საბავშვო ლექსის პერსონაჟისგან განსხვავებით, არ აუვლია და არ ჩაუვლია. არც არაფერი დაუშავებია, რაც დაინახა, თქვა, სიცრუის ონკანი დაკეტა და ქართული მედიის კიდევ უფრო ატალახებას ხელი შეუშალა.

მართალი გითხრათ, აღარ მეგონა, ამ ტალახსა და წუმპეში ვინმეს თუ შეეძლო ონკანის დაკეტვა კი არა, მისთვის ხელის შევლება მაინც, მაგრამ რეზომ ეს გააკეთა.

ზოგი ამბობს, ეს გმირობააო.

გმირობა, მოგეხსენებათ, ფარდობითი ცნებაა, ყველა დროსა და ეპოქას თავისი მოთხოვნები და ამ მოთხოვნების შესაბამისი გმირები ჰყავს.

და თუ რეზო საყევარიშვილის მიერ „Forbes Georgia“-ს რედაქტორის პოსტის პროტესტის ნიშნად დატოვება გმირობაა, მაშინ ვაი ჩვენ! იმიტომ, რომ სიმართლისთვის ბრძოლა და საკუთარი ღირსების შესანარჩუნებლად თანამდებობის გაწირვა ჩვენს დროში გმირობა ყოფილა.

არადა, ნორმალურ სახელმწიფოში, ნორმალურ გარემოში, ნორმალურ საზოგადოებასა და ნორმალურ მედიაში ეს გმირობა კი არა, ჩვეულებრივი, სავალდებულო ნაბიჯია.

არ დავიწყებ ახლა მტყუან-მართლის გარჩევას. ჩემთვის რეზო საყევარიშვილი მართლა გმირია, ოღონდ არა იმის გამო, რაც ზემოთ დავწერე.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერი ზეწოლისა თუ პრივილეგიების მიუხედავად, პროფესიონალებად რჩებიან.

ამ თვისებით დაჯილდოებული ადამიანები არცთუ მრავლად არიან მედიაში, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს პოსტსაბჭოთა, განვითარებად სახელმწიფოსთან, არჩევნების წინა პერიოდში.

ასეთი აღმოჩნდა რეზო.

თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ საყევარიშვილზე ზეწოლისა და ცენზურის მცდელობას მართლა ჰქონდა ადგილი, გთხოვთ, გასული წლის ოქტომბრის შემდგომ მედიაში განვითარებულ ამბებს გადახედოთ და ყველაფერს მიხვდებით.

ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ყველა მაუწყებელსა, თუ გამოცემაში ცენზურასა და ზეწოლას ექვემდებარება აბსოლუტურად ყველა მასალა, რაც ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და მათ რეიტინგს ეხება.

და ამ ტალახში რეზო აღმოჩნდა პირველი, რომელმაც ონკანი გადაკეტა და საერთო დინამიკაში დინების საწინააღმდეგოდ წავიდა - შექმნა პრეცედენტი, რომ საქართველოშიც შეიძლება, წახვიდე რეჟიმის წინააღმდეგ, სიმართლისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად.

პათეტიკური განცხადებები არ მიყვარს, მაგრამ 2004 წლის შემდეგ, რაც დიპლომი ავიღე, პირველად ვამაყობ, რომ ჟურნალისტი ვარ.

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test