შემოგვიერთდი

ლაშა ქავთარაძე

პროფესიონალიზმი ქართულად

21.05.2012 08:14
Give me money (photo: )

„თავისუფალი პრესის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ“ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ბეჭდურ მედიაში პროფესიონალი კადრების დეფიციტია. ან კი, რა შუაშია სიტყვა „ბეჭდური?“ პირდაპირ ვთქვათ, ქართულ მედიაში პროფესიონალი კადრების დეფიციტია. განა ეს ვინმესთვის სიახლეს წარმოადგენს? ამ ორგანიზაციის მოწყობილ პრესკონფერენციაზე, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის მცდარი მიდგომა, რომლითაც „ქართული მედიის ქომაგები“ ცდილობენ სიტუაციის გაანალიზებას - ჯოხი ჟურნალისტებზე უნდა გადატყდეს.

მოდი, ჯერ რამდენიმე სიტყვა „თავისუფალი პრესის მხარდამჭერ ორგანიზაციაზე“ ვთქვათ - ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს პოლიტიკური ძალა (ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“) და რომელიც „საქართველოს პრესის ასოციაციამ“ დააფუძნა. თავის მხრივ, „პრესის ასოციაცია“ კი, რამდენიმე წლის წინ, „კვირის პალიტრის,“ „რეზონანსისა“ და “ასავალ-დასავალის“ გამომცემლებმა დაარსეს.

თავისთავად საინტერესო ფაქტია, როდესაც, მაგალითად, „ასავალ-დასავალი“ მოგიწოდებს პროფესიონალიზმისკენ. ანდა, როდესაც ჟურნალისტს, რომელსაც სტატიაში 7-10 ლარს უხდი, სთხოვ, რომ იყოს პროფესიონალი, რომელიც დაგიწერს New York Times-ის ან Guardian-ის დონის მასალას.  მედიამფლობელები, რომლებიც მონათმფლობელებს უფრო ემსგავსებიან, პედესტალიდან შემდგარნი პროფესიონალიზმზე ქადაგებენ, მაშინ, როდესაც თავიანთ გაზეთებში არაპროფესიონალიზმი ყვავის, იფურჩქნება და სიმწიფეში შედის.

ისიც პარადოქსია, რომ პოლიტიკური ძალის დაფინანსებულ ორგანიზაციაში „დამოუკიდებელი“ მედიასაშუალებები იყრიან თავს. აღარ მგონია ვინმე იყოს ისეთი გულუბრყვილო, რომ პოლიტიკური ფულის აპოლიტიკური ბენეფიტების ირწმუნოს.

ასეთ დროს, რა თქმა უნდა, იოლი გამოსავალია, თუკი, ხელები უბრალო რეპორტიორებს შეეწმინდებათ. ფაქტია, რომ ლიცენზირებადი მედიისგან განსხვავებით, ხელისუფლება უხეშად არ ერევა გაზეთების დიდი ნაწილის სარედაქციო პოლიტიკაში, კონტენტის ხარისხში. მიუხედავად ამისა, გაზეთების უმეტესობა სოფლის ტუალეტებისთვის თუ გამოდგება. ამ სიტუაციაში დამნაშავე ვიღაც უნდა იყოს. მედიამფლობელები ვერ დაადანაშაულებენ საკუთარ თავს, ამიტომაც ადანაშაულებენ ჟურნალისტებს. 

როგორც გაზეთ „ვერსიის“ გამომცემელმა, მაია ფურცელაძემ განაცხადა, რედაქციას უწევს სამი თვის განმავლობაში დამწყებ რეპორტიორებს ასწავლოს ის, რაც მომავალ ჟურნალისტებს უნივერსიტეტში უნდა ესწავლათ. ჟურნალისტური სკოლების სისუსტე ალბათ ცალკე პოსტის თემაა, თუმცა ისიც გულუბრყვილობაა, თუკი გაზეთის გამომცემლები ელოდებიან, რომ უნივერსიტეტებიდან ბაკალავრიატდამთავრებული ვუდვორდები და ბერნშტაინები მივლენ „ვერსიაში,“ „ალიაში,“ „რეზონანსსა“ თუ „კვირის პალიტრაში.“ არამგონია ახალი ამბავი იყოს, რომ ჟურნალისტები პროფესიულად ყველაზე მეტად პრაქტიკული მუშაობით იზრდებიან და ამ მუშაობაზე პასუხისმგებლობა სწორედ მედიასაშუალებებს ეკისრებათ.

ანდა, ფურცელაძეს თუ ვენდობით, სამი თვის განმავლობაში ისინი წვრთნიან სტაჟიორებს, მაგრამ სად მიდიან ეს გამოწვრთნილი ჟურნალისტები? რატომ ვერ ვხედავთ მათ მაღალპროფესიულ მედიაპროდუქტს? იქნებ მასწავლებელი არ ვარგა?

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მაშინ, როდესაც მსოფლიო პრინტმედიის დაისს ადევნებს თვალყურს, ამ ორგანიზაციის ქუდქვეშ მოქცეული მედიასაშუალებები ჯერ კიდევ ვერ აანალიზებენ ონლაინ სივრცის მნიშვნელობას. შედით „რეზონანსის,“ „ვერსიის“ „ასავალ-დასავლის“ საიტებზე, მსგავს კიბერსიბეცეს იშვიათად იხილავთ ონლაინსფეროში. ისიც უხერხულია რომ „პალიტრამედია“ ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკში მყოფი ბიჭუნასავით დიდმკერდიანი ქალბატონებისა და შიშველი ტოპმოდელების ფოტო-ვდეომასალით ცდილობს ჟინის დაკმაყოფილებას. (შეგნებულად არაფერს ვამბობ ონლაინმედიის ორ ჰიპერტროფირებულ წარმონაქმნზე - Presa.ge, droni.ge- ისინი ხომ მედიასაშუალებებიც აღარ არიან.)

ამ მდგომარეობაში მედიასაშუალების მეპატრონე გამოხვიდე და გამუდმებით ისაუბრო, რომ ქართველი ჟურნალისტები არ ვარგიან, როგორც მინიმუმ, საკუთარი უუნარობის გადაფარვის მცდელობაა. როგორ უნდა შექმნას ჟურნალისტთა კორპუსმა კარგი პროდუქტი, როდესაც მეტნაკლებად დამოუკიდებელი მედიასაშუალებებიც კი ჯერ კიდევ ქვისა და სპილენძის ხანის გასაყარზე არიან?

ასობით ორგანიზაცია, ასოციაცია და საზოგადოებაც რომ დაარსდეს და ათასობით კონკურსიც რომ ჩაატარონ, ვინმეს ჰგონია რომ რამე გამოსწოდება, სანამ მედიამფლობელები არ გაზრდიან საკუთარ თავს? ვინმეს სჯერა, რომ 300 ლარზე მომუშავე ჰანტერ ტომპსონს ვიხილავთ ქართულ მედიასივრცეში?

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test