შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

სირაქლემას პოზა

28.05.2012 07:24

ის, თუ რა მოხდა 27 მაისისათვის დაანონსებულ „ქართული ოცნების“ აქციაზე, დიდი შანსია, რეგიონებში მცხოვრებ, უინტერნეტო მოსახლეობამდე ჭორის დონეზე მივიდეს.

პრინციპში, განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა. "ქართულმა ოცნებამ" ბევრი მხარდამჭერის შეგროვება შეძლო და საარჩევნო კამპანია დაიწყო. თუმცა, თუ ცენტრალური ტელევიზიებით გადაცემული ინფორმაციით ვიხელმძღვანელებთ, ერთობ დავიბნევით.

თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“ გადასცემდა, თუმცა რადგან მათი მაუწყებლობა რეგიონებში არ ვრცელდება, იქ მცხოვრები ადამიანებისათვის ინფორმაციის წყაროდ, „იმედი“, „რუსთავი 2“  და, მოსახლეობის ჯიბიდან დაფინანსებული, საზოგადოებრივი მაუწყებელი რჩება.

„კურიერის“ სამსაათიანი გამოშვება აქციიდან ჩართვით დაიწყო. საეთეროდ აღებული იყო ისეთი კადრები, სადაც მოედანზე ცოტა ხალხი ჩანდა. ასევე მოიქცა „ქრონიკა“ ხუთ საათზე. ამ უკანასკნელში საკმაოდ დიდი დრო ბერას სიმღერასა და მასში ივანიშვილის წარმოთქმულ პირველ ტაეპებს დაეთმო. არც „რუსთავი 2“-ს და „იმედს“ უთქვამს, თუ, დაახლოებით, რამდენი ადამიანი იყო მისული რუსთაველის გამზირზე.

როცა კერძო ტელევიზიებზე ვსაუბრობთ, მათ გამამართლებელ სუსტ არგუმენტად შეიძლება ფინანსური ინტერესები მოვიყვანოთ, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით საზოგადოებრივ მაუწყებელზე - არხზე, რომელიც თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან ფინანსდება.

მიუხედავად იმისა, რომ „პირველი არხი“ საზოგადოებაში პოპულარობით არ სარგებლობს (მის მესვეურებს შემოსავლის მოძიებაზე ზრუნვა არ უწევთ. თანაც, რაც უფრო ნაკლები ადამიანი გიყურებს, მით ნაკლები პასუხისმგებლობა გაქვს და, ასეთ პირობებში, თავს მხოლოდ სულელი თუ აიტკივებს), ის პირდაპირ არის ვალდებული, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააშუქოს, თუმცა იმან, რაც 27 მაისს საზოგადოებრივი არხის ეთერით გადიოდა, ორი „კონკურენტი“ ტელევიზიის რეკორდი მოხსნა.

„მოამბის“ გამოშვება 16:00-ზე, არც მეტი, არც ნაკლები, ევროპაში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებით დაიწყო. დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე მოვლენებს კი მხოლოდ ოცი წუთის შემდეგ დაუთმეს ყურადღება. პირდაპირ ჩართვაში ისევე, როგორც დანარჩენი ორი ტელევიზიის შემთხვევაში, აქცენტი მსვლელობაში იმ პოლიტიკური ძალების მონაწილეობაზე კეთდებოდა, რომლებიც საზოგადოებაში დიდი ნდობით ვერ სარგებლობენ.

ზოგადად, რაკურსი ვიდეოსა და ფოტოკადრში, ძალიან დიდ როლს თამაშობს. საბოლოო ჯამში, ცენტრალური ტელევიზიების ლოგიკით, რეგიონში მცხოვრებ ადამიანს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ  აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა სრულიად უმნიშვნელო იყო. არადა,  რუსთაველზე, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, ზოგიერთი გამოთვლით კი დაახლოებით, 100 000-მდე ადამიანი მივიდა.   

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ აღმოჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის თბილისის აქციაზე პრიორიტეტული ევროპის საპროტესტო გამოსვლები, პირველ არხში გვიპასუხებენ, რომ პოლიტიკური მოვლენების გასაშუქებლად მეორე არხი არსებობს. არადა, ამ უკანასკნელზე, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის პარალელურად, 22 მაისის პლენარული სხდომის ჩანაწერი გადიოდა.

არ ვიცი, როგორ შეიძლება ილაპარაკოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხალხის ინტერესებზე მაშინ, როდესაც 26 მაისს, ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს უზარმაზარი საეთერო დრო დაუთმო, 27 მაისის აქციას კი - მხოლოდ 3 წუთი. ინტერესი ჩემმა ერთ-ერთმა ფეისბუქელმა ფრენდმა დამიკმაყოფილა: ეტყობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს მხოლოდ იმ ადამიანების ჯიბე ავსებს, ვინც დამოუკიდებლობის დღე აღნიშნაო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test