შემოგვიერთდი

ლაშა ქავთარაძე

ბატონო ბიძინა, გადააწყვეთ რიტორიკა!

29.05.2012 12:50

ბიძინა ივანიშვილმა ორშაბათის ტრადიციულ პრეკონფერენციაზე საზოგადოებრივ მაუწყებელს „რიტორიკის გადაწყობისაკენ“ მოუწოდა. თან დასძინა, თუ ოპოზიციისადმი ლოიალურები არ გახდებით, ხელისუფლებაში როდესაც მოვალთ, იცოდეთ აღარ გექნებათ ასეთი ცალმხრივი სარედაქციო პოლიტიკის განხორციელების საშუალებაო.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც შენიშვნის მიღებისგან განაწყენებული, მიამიტი ბავშვის პოზა მიიღო და სასწრაფოდ უპასუხა „ქართული ოცნების“ ლიდერს. ოფიციალურ პასუხში არხის გენერალური დირექტორის ყოფილმა იუმორისტობამაც იჩინა თავი და განცხადებას ცინიკური (და ნაწილობრივ არასერიოზული) ელფერი შეემატა.

ჩემი აზრით, საქმე ორმხრივ არაადეკვატურობასთან გვაქვს.

უნდა გავითვალისწინოთ ვინ მოუწოდებს მედიასაშუალებას ლოიალურობისაკენ, რა ფორმით აკეთებს ამას და კონკრეტულად ვის მიემართება მოწოდება. აღარავისთვის ახალი ამბავი არაა, რომ პოლიტიკური ძალები მუდმივად ცდილობენ მედიასაშუალებების სათავისოდ გამოყენებას. რაც არ უნდა ხალხის ინტერესებიზე მზრუნველი იერი მიიღოს პოლიტიკოსმა, რომელიც მედიასაშუალებისაგან ლოიალურობას (მო)ითხოვს, ცალსახაა, რომ ის გარკვეულ ზეგავლენის მოხდენას ცდილობს მასზე. მითუმეტეს, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ხალხის ინტერესების სახელით „შურისძიებას“ გვპირდება.

გარდა ამისა, საავტორო გადაცემის წამყვანისგან მოითხოვო, რომ იყოს რობოტი, რომელსაც არ შეემჩნევა პოზიცია, არასერიოზულია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საავტორო-ანალიტიკური გადაცემები გულისხმობს იმას, რომ წამყვანი შესაძლოა რესპონდენტის ოპონენტიც აღმოჩნდეს ზოგიერთ ვითარებაში. (ამის მაგალითი „სანატრელ“ ამერიკულ მედიაშიც ოხრადაა - კონსერვატორი რაშ ლიმბოთი დაწყებული, სუპერმემარცხენე დონ აიმუსით დასრულებული).

მოკლედ რომ ვთქვათ, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია მოსთხოვოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ არხმა გააშუქოს მისი და მისი პოლიტიკური ძალის მოღვაწეობა; მისცეს ტრიბუნა, როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესების დამცველს. თუმცა უმჯობესია, თუკი ამ ყველაფერს არხის სამართლიანი სარედაქციო პოლიტიკის მოთხოვნაზე გავლით მოახერხებს და არა კონკრეტული ჟურნალისტის დისკრედიტაციისა და „განკითხვის დღის“ დაპირების ხარჯზე. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას უბრალოდ სურს არსებული გავლენის გადაბარება და სინამდვილეში სიტუაციის ნაცვლად, მხოლოდ ზეგავლენის მომხდენის სახელი უნდა შეიცვალოს.

ახლა რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებას: სამწუხაროდ ამ არხის იმიჯი ვეღარანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. გენერალური დირექტორიდან მოყოლებული, საინფორმაციო გამოშვებებით დასრულებული, არხს იმდენი ხარვეზი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიციის მხარდამჭერებთან დისკუსია და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვაც კი ჭირს. ამ თემაზე რამდენიმე კვირის წინაც დავწერე ჩემს ბლოგზე.

არხის ზოგად უბედურებას დროებით შევეშვათ. ეს განცხადებაც საკმარისია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადეკვატურობაში ეჭვი შეიტანოს ადამიანმა. 

ისტერიკული ტონი, რომელიც განცხადებას სდევს თან მართლაც სასაცილოს ხდის მას. ცალკე საკითხია, როდესაც არხი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში გამზადებული ტექსტებით ამუშავებს საინფორმაციო გამოშვებებს, ღაღადებს მედიადამოუკიდებლობის, ჟურნალისტთა თავისუფლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. კომიკური სიტუაცია იქმნება, როდესაც მედიასაშუალებას პროტესტის განცდა არ უჩნდება არსებულ შეზღუდვებზე და წინასწარ განწირული ხმით კივის მომავალ შეზღუდვაზე.

არ შემიძლია, რომ არ ვახსენო მითი „საზმაუს შედარებით ობიექტურობაზე,“ რომელსაც განცხადებაში გვაყვედრიან და რომელსაც თურმე „ეუთო, გაერო, ევროკავიშირი, ბიბისისი და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ“. როდემდე დაიბოლებს გია ჭანტურია თავს, რომ კარგ მედიასაშუალებას ხემძღვანელობს არ ვიცი. თუმცა ის ვიცი, რომ „შედარებით ობიექტურობა“ სულაც არაა კათარზისი, კათარზისი კი არადა სირცხვილია. შედარებითობის პრინციპით „რუსთავი 2“–სა და „იმედსაც“ შეუძლიათ ინუგეშონ თავი, რომ მათი საინფორმაციო გამოშვებები ჩრ. კორეულ და კუბურ საინფორმაციო გამოშვებებს ოდნავ სჯობს. ეს რამეს ნიშნავს?

საზოგადოებრივი მაუწებლის გავრცელებული განცხადების ავტორს კი მაინც, ყოველი შემთხვევისთვის ვურჩევდი, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ახლახან გამოქვეყნებული ანგარიში წაეკითხა, სადაც პირდაპირ წერია როგორი „მიუკერძოებელი არხიცაა“ საზოგადოებრივი მაუწყებელი, დარჩენილ ორ ნაციონალურ მაუწყებელთან ერთად.

დასასრულისკენ, ბატონ ბიძინას დავესესხები ტერმინოლოგიაში და ვიტყვი, რომ „გადაწყობა“ არც ივანიშვილის რიტორიკას აწყენდა, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, არამგონია მხოლოდ რიტორიკამ გვიშველოს, ეს არხი თავიდან ბოლომდე გადასაწყობია, თუ გასაუქმებელი არა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test