შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

პლაგიატად ქცეული ჟურნალისტიკა

05.06.2012 13:23

ყველამ კარგად იცის, რომ ვირტუალურ სივრცეში მედიასაშუალების შექმნა ადვილია. ადვილი და იაფი. ამ ფაქტმა კი, საქართველოში, ისევე, როგორც ბევრგან, ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და პოპულარობის ზრდის პარალელურად, უამრავი საინფორმაციო პორტალი გაჩენას შეუწყო ხელი.  მათი რიცხვი, თითქმის, ყოველდღიურად იმატებს. მიზეზი მარტივია: რა ხარისხის კონტენტსაც არ უნდა დებდე და რამდენი უნიკალური ვიზიტორიც არ უნდა გყავდეს, მაინც ჟურნალის, გაზეთისა, თუ ტელევიზიის რედაქტორი გქვია.

ბევრი თავის საიტს დროს, ენერგიას, ფულსა და ინტელექტუალურ რესურსებს ახარჯავს, თუმცა უმეტესობას გვერდზე განსათავსებელი მასალების მომზადებისთვის დიდი დრო არ სჭირდება: Copy-Paste და ეგაა.

ჩვენს ქვეყანაში, საავტორო უფლებების უპატივცემულობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რომ რჩება, ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. თუმცა, ბოლო დროს, მასმედიაში გავრცელებულმა აშკარა პლაგიატმა საკმაოდ შემაშფოთა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ფეისბუქში ick.ge-სა თუ netgazeti.ge-ზე მომუშავე, ჩემს აღშფოთებულ კოლეგებს წავაწყდი. ისინი უკმაყოფილებას სხვა ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული საკუთარი სტატიების გამო გამოთქვამდნენ. სტატიებს არც წყარო და არც ავტორი ჰყავდა მითითებული. მეტიც: ზოგიერთ შემთხვევაში, პუბლიკაციის ბოლოს, სხვა ავტორი ეწერა.

პლაგიატისგან მეტ-ნაკლებად დაზღვეული მაინც მასმედიის ტრადიციული საშუალებებია. თემების რესპოდენტებიანად მოპარვა არც აქ არის იშვიათი შემთხვევა, თუმცა, ვებისგან განსხვავებით, ტელევიზია ოპერატიულობაში „მოიკოჭლებს“. დროის ფაქტორის გამო, სიუჟეტის გადაკოპირება აქ რამდენიმე საათის დაგვიანებით შეიძლება მოხერხდეს. ეს მაშინ, როცა სტატია, საიტზე განთავსებიდან რამდენიმე წუთში, შესაძლოა,  სხვადასხვა ვებ-გვერდებზე აღმოჩნდეს და ერთი ადამიანის შრომის ხარჯზე, სხვებმა რეიტინგი მოიგონ.

ინტერნეტიდან მასალების მოპარვას არც ტრადიციული მედია თაკილობს. კარგად მახსოვს ჩემი მეგობრის რეაქცია, როცა „კვირის პალიტრაზე“ საკუთარ ბლოგზე დადებული პოსტი, სხვა სახელისა და გვარის ქვეშ აღმოაჩინა. ამ ფაქტის შესახებ გამომცემლობას, მიმართა, უპასუხეს, რომ მასალა წერილის საშუალებით შევიდა მათთან. ხოლო თუ პრეტენზია იდეების მოპარვასთან ჰქონდა, ურჩიეს, ტელევიზიებისთვის ეყურებინა და თუ გაბედავდა, მათთვის მიეწერა პრეტენზიული პოსტები. (სხვათაშორის, არც ტელევიზიებმა დააკლეს. „რუსთავი 2“-მა სერიალ „დეტექტივებში“, სიტყვა-სიტყვით გადააკოპირა მისი სხვა პოსტი).

არ ვიცი, რამდენად შეიძლება პლაგიატი ეწოდოს სიუჟეტს, რომელზეც ჟურნალისტი მთელი დღე დარბის, მასალას აგროვებს, სცენარს იფიქრებს, ინტერვიუებს ათანხმებს და წერს, საბოლოოდ კი ტიტრშიც არ აწერენ, ან რა უნდა ვუწოდოთ რეიტინგულ სტატიას, რომლის დაწერაშიც რედაქტორის ერთადერთი წვლილი სტილისტური შეცდომების გასწორებაა, თუმცა ავტორად ჟურნალისტზე ზემოთ საკუთარ თავს უთითებს. ალბათ, ამას უფრო შრომის დაუფასებლობა ჰქვია, თუმცა, არამგონია, ერთ, ან მეორე შემთხვევაში გულის ტკენა, ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.

სამწუხაროდ, ბერკეტების არარსებობის გამო, პლაგიატის მსხვერპლი ჟურნალისტების რეაქცია, ძირითადად, დასავლეთივით აღშფოთება-შეშფოთება-დაგმობის ხასიათს იღებს. ერთადერთი, რედაქტორთან საუბრის შემდეგ, ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა, მოპარული სტატია გვერდიდან აიღონ. თუმცა, ასეც რომ არ მოიქცნენ, საკუთარი საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმი, მაინც არ არსებობს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test