შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

„დახმარება“ პრევენციისთვის

25.06.2012 08:04
no camera (photo: )

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დღე, როცა პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ტრადიციული ანგარიშიც წარსდგა. მოხსნება და შემდეგ დებატები, ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. უძილობითა და მძიმე დღით დაღლილმა დეპუტატებმა ნელ-ნელა მოდუნება დაიწყეს.  რამდენიმე დღეში, მათი თვითგართობისა, თუ წათვლემის ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.

მსგავსი ფაქტები პარლამენტში ადრეც მომხდარა. კამერებს ისიც დაუფიქსირებიათ, როგორ აძლევენ ხმას ერთმანეთის მაგივრად დეპუტატები. კავშირის დანახვა რთულია, თუმცა ამ ამბების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პარლამენტის ქუთაისის შენობაში სხდომის გადაღება აკრძალული იქნება. ჟურნალისტები კადრებს საერთო სიგნალით მიიღებენ. როგორც საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, მათი კამერები სხდომებს რამდენიმე კუთხიდან გადაიღებს, რაც ტელევიზიებს კარგი კადრის ქონაში დაეხმარება.

მთავრობის სხდომის გადაღების უფლება, ჟურნალისტებს, ჯერჯერობით, ისევ აქვთ. მის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დარბაზში ოპერატორებს უშვებენ. ნიკა გილაურის კომენტარის ჩაწერისა და სხდომის კადრების აღების შემდეგ, ისინი უკან ბრუნდებიან.

სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის რეგიონებში სტუმრობისას, მისი ადმინისტრაცია განსაზღვრავს, თუ სად მიეცემათ ჟურნალისტებს გადაღების უფლება და სად არა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კადრებს პრეზიდენტის კამერა გადაიღებს და ტელევიზიებს მასალებს ისე მიაწვდიან.

ამ განცხადებამ ზოგიერთი ჟურნალისტი გაახარა. მართლაც, ძნელია პრეზიდენტის კუდში დევნა და საშინელ ჭყლეტვაში მიკროფონის ეთერში გამოსაჩენად ბრძოლა. ფიზიკურ დაღლას რომ თავი დავანებოთ, პასუხისმგებლობაც მაღალია - ბოლოსდაბოლოს, პრეზიდენტის ვიზიტია გასაშუქებელი. ახლა კი მასალის პრობლემას პროდუსერი, ერთი ზარით მოაგვარებს.

რა თქმა უნდა, კარგ კადრს არაფერი სჯობს, მაგრამ მეეჭვება, ჟურნალისტებისათვის შრომის შემსუბუქებაზე ზრუნავდნენ. არ მგონია, ახალ პარლამენტში დაყენებულმა კამერებმა ჯერ გადაიღოს და შემდეგ, ჟურნალისტებს მიაწოდოს მასალა, თუ როგორ აძლევს ხმას ერთი დეპუტატი მეორის მაგივრად, ან, მოსაწყენი განხილვებისას, როგორ ერთობიან მობილურით.

სამთავრობო ამბების დიდი ნაწილის გაშუქებისას, ჟურნალისტების როლი დღესაც მინიმუმამდეა დაყვანილი და ასეთივე ბედი, ალბათ, უახლოეს მომავალში ოპერატორებსაც ელით: ვინმე მადლიანი კანცელარიაშიც მიხვდება, რომ დარბაზში თხუთმეტი კამერის ბოდიალს, ერთის ბოდიალი სჯობს და თავის გადაღებულ კადრებს ღიმილით მოგვაწვდის.

პირადად მე, ამ პირობებში ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს ჟურნალისტების მიერ სამთავრობო მოვლენების გაშუქებას?! რატომღაც ეს ყველაფერი „კოლეგიალური და კეთილი სურვილების“ სახელით შეფუთული ცენზურა მგონია. მართალია, პრეზიდენტის ვიზიტისას ადმინისტრაციის 45 ათას 235 თანამშრომელი ყველა კადრს მაინც აკონტროლებს, მაგრამ არის რაღაცები, რისი დაფიქსირებაც ჟურნალისტს უკამეროდ, სპეციალური რადიუსის დაცვის გარეშეც შეუძლია.

რადგან ასეთი საკითხები დღის წესრიგში დადგა, ე.ი. არსებობს გარკვეული მიზეზები და მათ შორის ყველაზე ბოლოს, ჟურნალისტებზე ზრუნვა უნდა მოვიაზროთ. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქართული ჟურნალისტიკა ისედაც ერთი დიდი copy-paste-ა და ამის გადასამოწმებლად მისი იდენტური მასალებით მომარაგება საჭირო აღარ არის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test