შემოგვიერთდი

ლაშა ქავთარაძე

Must carry ანტენების წილ

30.06.2012 17:13

მაშ ასე, საქართველოს პარლამენტმა მოიღო მოწყალება სრულიად ქართველ ერზე Must Carry-ის სახით. ახლა ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად დაელოდონ ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის გამოცხადებას, შემდეგ ჩაუსხდნენ ტელევიზორების პულტებს და დაძებნონ „მეცხრე არხი.“

რატომ, მაინცდამაინც, „მე-9 არხი“? და არა, ვთქვათ, „მაესტრო“. ან „კავკასია“? იმიტომ, რომ ამ ტელევიზიის გამოჩენამ ადეკვატურობის შეგრძნება დააკარგვინა ჯერ რამდენიმე საკაბელო ოპერატორს (აი დაახლოებით ისეთებს, უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლის ჟურნალებს რომ ასაღებენ, ახლებური მედიამენეჯმენტის სახელით), შემდეგ „რუსთავი 2“-სა და „იმედს,“  „მებრძოლ უანტენოთა კავშირს“, შსს-სთან არსებულ რამდენიმე მედიაპარაზიტს, თავხელიძეებს და ბოლოს ბოცოს და მის თანაუმრავლესობელ პარლამენტარ ბოცოებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გავრცელების პრობლემა სხვა არასახელისუფლებო არხებს სულ ჰქონდათ. თუმცა არავის მოსვლია თავში აზრად, რომ საკაბელო ოპერატორები რამით დაევალდებულებინათ.

Must carry-მდე კი, მოკლედ რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ აღარ გაიმეორა „იმედის“ შეცდომა და „მეცხრე არხს“ მაყურებლამდე მისასვლელი გზა „დამხმარე საშუალებებით,“ არაპირდაპირ მოუჭრა. „ქართულ ოცნებასთან“ არცთუ დაფარულ ურთიერთობაში მყოფმა არხმაც, საკუთარი სიხშირის გავრცელების შემოვლით გზებს მიმართა, თუმცა საითაც გაიქცა, იქით წააქციეს. ბოლოს ასევე ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ საკაბელო კომპანიას, „გლობალ TV”-ის მოსახლეობისათვის „თითქმის“ საჩუქრად დასარიგებელი ანტენებიც დაუყადაღეს და გავრცელების სხვა გზებიც დაახშობინეს „ასავალ-დასავალზე“ უფრო ზეპარტიულ და დამოუკიდებელ „კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას“ (რომელიც, ღრმად მწამს, რომ სინამდვილეში ქართულ რეალობაზე გადმოტანილი „მონსტრების კორპორაციაა“).

ფეისბუკში „მდებარე“ მშფოთავი საზოგადოება ორი დღით, სოლიდარობის ნიშნად, ანტენებად გადაიქცა. ნათია ლაზაშვილმა ექსტრემალურ პირობებში წამყვანობა გადაიმეორა, ხოლო სამართალდამცავებმა გაიხსენეს წარსული და „დაყადაღების ვნება“ დაიკმაყოფილეს. და აი, გამოვიდა ეკა ზღულაძეც (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე), რომელმაც წარმოთქვა ამაღელვებელი სიტყვა დემოკრატიის დემოკრატიულობაზე, სამართლიანობის სამართლიანობაზე, თანასწორობის თანასწორობაზე, თუმცა მოახერხა და მაინც აუარა გვერდი ქართულ დემოკრატიას, სამართლიანობას და თანასწორობას. მალევე ყოფილი თანაგუნდელის (გიორგი არველაძის) ტელევიზიიდან (ტელეკომპანია "იმედი") საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გვამცნო, თუ რაოდენ დაუღალავად იღწვიან ისინი პლურალისტური მედიაგარემოს შექმნაზე და რომ წინასაარჩევნოდ ქართველ ხალხს Must carry-ის 60-დღიანი ვაუჩერი გადაეცემოდა.

Must carry-ის თავდაპირველი ინიციატორები (სამოქალაქო სექტორიდან) ჯერ აღფრთოვანდნენ, მერე დაღფრთოვანდნენ და დაიწყო კონსულტაციები პარლამენტის წევრებთან, ეგება 60 დღის ნაცვლად 80 დღე იქონიოთ კეთილი ნებაო. კონსულტაციებმა ჩაიარა, იდეების ნაწილი გაიზიარეს ბოცომ და პალიკომ, ვადა კი ხელუხლებელი დარჩა. გაურკვეველი მიზეზის გამო.

სამაგიეროდ, თუკი რადენიმე დღის წინ მედიაექსპერტები და არამხოლოდ ისინი, ანტენების გამოსახსნელად ჯვაროსნული ლაშქრობის დასაწყებად ემზადებოდნენ, Must carry-იმ ყველა დააშოშმინა. აღარც ანტენები გახსენებია არავის და აღარც მოწამეობრივ გზაზე შემდგარი „გლობალ TV”-ი.

Must carry-ის დამტკიცებისას დავით ბაქრაძემ წამოგვაყვედრა კიდეც „დათმობა“ და საშინლად დამწუხრებულმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება იძულებული ხდება, რომ კერძო კომპანიების საქმიანობაში უნდა ჩაერიოსო. აბა ბატონო დავით, ეს რა ჩაგადენინათ „მეცხრე არხმა“, ხელისუფლების კერძო სექტორში ჩარევა საქართველოში ხომ არნახული რამაა. განსაკუთრებით, მედიასფეროში თქვენი ჩარეული და თქვენზე დამოკიდებული ვინ, სად, რა ნახა?!

აკო მინაშვილმა კი განხილვაზე, კანონპროექტის დამტკიცებამდე, ისიც თქვა, ამ კანონის გარეშეც მშვენივრად აქვს ხალხს ინფორმაციის მიღების საშუალებაო. თუ ჩემი არ გჯერათ ტელევიზორი ჩართეთო. ჰოდა ჩართეთ და უყურეთ როგორ გადის ერთი შინაარსის მქონე საინფორმაციო გამოშვება სამ არხზე, უყურეთ სიუჟეტებს ანაკლიაზე, ლაზიკაზე, ლაზიკაზე, ლაზიკაზე და კიდევ ლაზიკაზე, ახალ საავადმყოფოებზე, დახოცილი მეზობლების სისხლის გუბეებზე, ჩრდილოეთიდან შემოსულ „გუდიან კაცზე,“ ნოდარ მელაძისეულ ტოქ შოუებს, სერიალებს ხუანზე და ა.შ. მეტი რა გინდათ?! ამაზე მეტი ინფორმაცია რა უნდა მოგაწოდოთ ტელევიზიამ?!

მოკლედ, ანტენები დაყადაღდა, „მეცხრე არხს“ მაყურებლამდე მისვლა კიდევ უფრო გაურთულდა, ისევე როგორც მაყურებელს „მეცხრე არხამდე,“ 60-დღიანი Must carry-იც დამტკიცდა, ბოცოს და ბოცოელების იმიჯიც „გაკეთილშობილდა;“ საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაინახა, რომ ხელისუფლება „ამხელა“ კომპრომისზე წავიდა, ე.ი. კარგად იქცევა. ამომრჩეველს კი განსხვავებული აზრის მოსასმენად მხოლოდ 2 თვე მიეცა. აქაოდა ინფორმაციით არ გადაიტვირთონ მაყურებლები, ამიტომ არჩევნების დანიშვნიდან 60 დღეში Must Carry-იდან მამაპაპურ Must Ignore-ზე უნდა გადავიდეთო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test