შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

„საჯარო სივრცის“ პროვოკაცია

11.07.2012 13:39

თანამედროვე სამყაროში  ადამიანებს გვაქვს მოთხოვნილება, ვიცოდეთ ყველაფერი ყველაფერზე, ვიყოთ მოვლენების ეპიცენტრში და, რაც მთავარია: ინფორმაცია უშრომელად, მაუსზე ერთი დაწკაპუნებით ან ღილაკზე თითის დაჭერით მივიღოთ.

მიუხედავად იმისა, რომ  „საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად“ მედია ყველგან ცხვირს ჰყოფს, არსებობს სივრცეები, სადაც უცხო პირთა დაშვება და, მით უმეტეს, გადაღება, აკრძალულია. ასეთ სივრცეებად, სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტები მიიჩნევა.

როგორც წესი, სამხედრო ტექნიკის ან მათი განთავსების ადგილების  კამერაზე დაფიქსირება, სპეციალური ნებართვის გარეშე, აკრძალულია და მას შესაბამისი განმარტება აქვს. ამიტომ, როდესაც ჟურნალისტი, მაგალითად, სამხედრო ბაზაზე მიდის, ნებართვის გარეშე კადრების აღებას მაინც ცდილობს და უშლიან, გაძალიანების შემთხვევაში, შესაბამის რეაქციასაც იღებს (იქნება ეს ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა). რა თქმა უნდა, ამ დროს ჟურნალისტი ნერვიულობს, თუმცა, „ბომბი“ მასალა უკვე აქვს: კამერაზე ასახულია, როგორ უშლიან  ხელს ძალოვნები პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. მერე რა, რომ რედაქტორის დავალება ვერ ან არ შესრულდა (ან იქნებ რედაქტორსაც ეს უნდოდა). მთავარია მაყურებლში ნეგატიური რეაქციის გამოწვევა   იმით, რომ ვიღაცამ ჟურნალისტს კადრის გადაღების უფლება არ მოსცა.

გარდა იმისა, რომ ჟურნალიტებს  გარკვეულ მითითებებს რედაქტორები თუ ბპროდიუსერები აძლევენ, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავად ჟურნალიტებიც ზედმეტად მონდომებულები არიან. ეს, განსაკუთრებით, ახალშექმნილ მედიასაშუალებებს ეხება. ალბათ, არასოდეს დამავიწყდება პარლამენტში, „უქუდო“ მიკროფონით, სრულიად უცნობი ჟურნალისტის მიერ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი წევრისთვის, გარემოს დაცვით საკითხზე დასმული კითხვა. რესპოდენტი არ დაიბნა და ზოგადი, იმდენად არაფრისმომცემი პასუხი გასცა, რომ თუ შემდეგ მასალად გამოიყენებდნენ, გამოჩნდებოდა, რომ დეპუტატმა არ იცის კანონი, რომელიც მიიღო.

საჯარო პირი, საჯარო სივრცე, საჯარო უფლება, საჯარო ვალდებულება, ჟურნალისტის უფლება, ამის უფლება, იმის უფლება... ხანდახან მგონია, ზოგიერთი მედიასაშუალება ტერმინ „საჯაროთი“ მშვენივრად მანიპულირებს და რესპოდენტს შანტაჟზე იწვევს. თუ კამათის  დროს ყურადღებას რიგითი „ობივატელივით“ აყალმაყალზე არ გავამახვილებთ  და კითხვების შინაარსს ჩავუღრმვდებით, დიდი ალბათობით აღმოვაჩენთ, რომ რომელიმე თანამდებობის პირის, რომელიღაც უბნის  რომელიღაც კვარტლის პარტიული წევრისა თუ მიტინგიდან წამოსული რიგითი მოქალაქის მიკროფონით დევნა, სულაც არ ნიშნავს  სურვილს, რომ ჟურნალისტმა, დევნის ობიექტისგან, რამე კონკრეტული გაიგოს. მიზეზი ხშირად პროვოცირებაა, რასაც სანახაობა მოსდევს. სანახაობას კი, მოგეხსენებათ, მაყურებელი ყოველთვის ჰყავს.

ტრენინგებზე ჟურნალისტების უმრავლესობა, ხშირად, გართობისთვის დადის. გარდა ამისა, თუ პრაქტიკული სავარჯიშოები არ კეთდება, მონოტონურ რეჟიმში ნებისმიერ საკითხზე საუბარი, რეალურად, წყლის ნაყვაა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალბედა ჟურნალისტებისათვის ტრენინგები აუცილებელია. როცა გადაღებაზე პირველად უშვებენ, მარტო ტერმინები: საჯარო პირი, საჯარო სივრცე და ჟურნალისტობაში საქმიანობის ხელშეშლა კი არ უნდა ასწავლონ, ცოტა სხვა რაღაცებიც უნდა გააგებინონ: მუშაობის ტექნიკა აუხსნან, კითხვის დასმის სპეციფიკა ასწავლონ, თუმცა სხვა ამბავია, რას მოითხოვს პროდუსერი და დამკვეთი ჟურნალისტისგან. ხშირად, მათ სწორედ იაფფასიანი პროვოკაცია სჭირდებათ და ამისათვის  ჟურნალისტებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფიდან, ახალბედებიდან ირჩევენ, რომლებსაც სამუშაო პრაქტიკის მიღება სურთ. თუმცა პრაქტიკაც არის და პრაქტიკაც! 

P.S. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ძალოვან სტრუქტურებს ვიცავ, მით უმეტეს, მათგან ინფორმაციის შეზღუდვისა თუ დამალვის არაერთი ფაქტი არსებობს. ბევრ ჟურნალისტს შექმნია მათგან საჯარო სივრცეში გადაღების პრობლემა, განსაკუთრებით, რეგიონებში, თუმცა ვფიქრობ, იმ ხელის შეშლის ფაქტებს, რაც რეალურად არსებობს, ხელოვნურად აღარ უნდა ვამატებდეთ რაღაცებს და სახელმწიფო უწყებებს თავის მართლების საშუალებას არ უნდა ვაძლევდეთ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test