შემოგვიერთდი

ლაშა ქავთარაძე

შოკური თერაპია

19.07.2012 12:15

ზოგჯერ მგონია, ქართველი ჟურნალისტების ნაწილისთვის ადამიანების უბედურება ერთადერთი ბედნიერებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფრით ვხსნი იმ ვნებას, რომლითაც ისინი აშუქებენ მკვლელობებს, თვითმკვლელობების მცდელობებს, ავარიებსა და იმ ათასობით უბედურ შემთხვევას, რომლითაც ჩვენი წამყვანი მედიასაშუალებები საეთერო ბადეებს მაყურებელთა ინტერესების ხარჯზე ავსებენ.

ის-ის იყო, პოსტის დაწერა დავიწყე „რუსთავი 2-ისა“ და „მეცხრე არხის“ მიერ მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილზე მომზადებულ სიუჟეტების შესახებ, რომ იმავე „რუსთავი 2“-მა და "პალიტრა TV"-მ საკუთარი მაყურებლები კიდევ ერთხელ ჩაყარა ნოკდაუნში. ქვეყნის ყველაზე რეიტინგულმა ტელევიზიამ მოიპოვა “საუკუნის ექსკლუზივი” და პირდაპირ ეთერში გაუშვა „როუფ-ჯამფინგის“ დროს,  ორი ახალგაზრდის დაღუპვამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული კადრები. "პალიტრა TV"-საც ბევრი ვიზიტორის სუნი ეცა და „რუსთავი 2“-ის კადრები, სადაც ახალგაზრდები ხიდიდან ხტებიან, საკუთარ საიტზე დადო. ერთადერთი, რაც ამ კადრების ნახვისას შეიძლებოდა მომხდარიყო, მაყურებლის დათრგუნვა და შოკში გდება გახლდათ. ჰოდა, მათ ეს მოახერხეს.

ჟურნალისტური პროდუქტის შეფასებისას, როგორც წესი, სხვადასხვა კრიტერიუმით სარგებლობენ. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც არანაირი კრიტერიუმის არსებობას აზრი არ აქვს.

რატომ უნდა გაეშვა „რუსთავი 2“-ს ორი ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვის კადრები მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში? ნუთუ ამ კადრების გარეშე არ დავიჯერებდით, რომ ისინი დაიღუპნენ? ნუთუ ამ კადრების შემდეგ ვინმეს ბრალეულობა, ან უდანაშაულობა დამტკიცდა? ნუთუ ამ კადრებით რაიმე ისტორიული და ღირებული ვნახეთ?

არა! პასუხი ერთია - „რუსთავი 2“-მა გადაწყვიტა ჩვენი შოკირება, ზუსტად ისე,  როგორც „იმედმა“ „მოდელირებული ქრონიკით“ (თუმცა მასშტაბებს ვერ შევადრებ). „რუსთავი 2“-ის საქციელზე არანაკლებ უღირსი აღმოჩნდა "პალიტრა TV"-ის ქმედება. ვერანაირი კოლეგიალობის განცდა ვერ შემიშლის ხელს, რომ ამ ორი მედიასაშუალების საქციელს უღირსი ვუწოდო. ბოროტების „გაპრავება“ არანაკლები ბოროტება მგონია. „რუსთავი 2“-ისა და "პალიტრა TV"-ის საქციელი კი, ზუსტად რომ, ბოროტება იყო.

17 ივლისს „რუსთავი 2“-მა მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაზე სიუჟეტი მოამზადა. მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედის ახლო  ხედით აღებული კადრებით ამ არხმა კიდევ ერთხელ წარმატებით მოახერხა მაყურებლების დაზაფვრა. ცრემლიანი თვალებითა და აკანკალებული ხმით, კამერის წინ მჯდომი ქალბატონი, როგორც კი „კურიერში“ გამოჩნდა, „მეცხრე არხმა“ მაშინვე გააგზავნა გადამღები ჯგუფი და გადაწყვიტა ექსკლუზივებზე ნადირობაში არ ჩამორჩენოდა კონკურენტ ტელევიზიას. აბა, ისე როგორ შეიძლებოდა სიუჟეტის მომზადება ამ თემაზე, თუკი ატირებულ ქალბატონს არ გვიჩვენებდნენ, თუკი, რამე ამაღელვებელს არ შესთავაზებდნენ მაყურებელს?! ემოციები ხომ კარგად იყიდება. მერე რა, თუ ამით ადამიანებს აზიანებ?! მერე რა, თუ გამწარებულ დედას კიდევ უფრო ამწარებ?! საბოლოოდ „მეცხრე არხის“ ეთერში ვიხილეთ აღელვებული ჟურნალისტი, რომელიც დაძაბული სახით გვიყვებოდა, თუ როგორ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა „მკვლელის დედამ“ და როგორ დაუზიანა ტელეკომპანიას ტექნიკა. ექსკლუზივი შექმნილია, არხი კმაყოფილი. 

რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ასეთი ტიპის მდარე ჟურნალისტიკა

მაყურებლის მოჭარბებული დაინტერესებით გაამართლო. თუმცა, ზემოთ აღწერილ შემთხვევებს კარგად თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ამ სიუჟეტებით მაყურებლის  ინტერესი არათუ დაკმაყოფილდა, ეს ინტერესი   საერთოდ არ არსებობდა,   ცნობისმოყვარეობა, რომელიც ახალგაზრდების დაღუპვის კადრებს, შოკში მყოფი მეგობრის განწირულ ყვირილს, ან ტრაგედიაში მყოფი დედის ცრემლებს მოითხოვს. ეს ინტერესი შექმნეს ისევ და ისევ მედიასაშუალებებმა. არც ისე შეუძლებელი გახლდათ, ამ თემებზე დამთრგუნველი კადრების გარეშე, ყურებადი და საინტერესო სიუჟეტების მომზადება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სადამდე შეიძლება მანიპულირებდე ამ ყბადაღებული „მოთხოვნა-მიწოდების“ ბანალური და პრიმიტიული დიქოტომიით. ასეთ დროს ყველაზე ადვილია გააკრიტიკო „საზოგადოება,“ რომელსაც, თურმე, სენსაციებისადმი ლტოლვა ჰქონია. მაყურებელს, რომელიც ამავდროულად ინტერნეტის მომხმარებელიცაა, პორნოგრაფიისადმიც აქვს ლტოლვა, (ამის დასამტკიცელად ნებისმიერი პორნოსაიტის რეიტინგი კმარა), რატომ არ ვუშვებთ მაღალი ხარისხის პორნოსიუჟეტებს საინფორმაციო გამოშვებებში?  ბოლოსდაბოლოს, ის არგუმენტიც ხომ უკვე დიდი ხანია მოძველდა, რომ აუდიტორიის „მოთხოვნას“ ხშირად „მომწოდებლები“ აყალიბებენ. თუ მედიასაშუალებების ზეგავლენის შესახებ თეორია ჯერ არ გვსმენია?

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც მედიაგარემო და სამოქალაქო საზოგადოება ჯანსაღია, ასეთი კადრების ჩვენების  შემდეგ ტელევიზიები საჩივრებით აივსებოდა. მაყურებლები დარეკავდნენ ტელევიზიაში და რედაქციას უსაყვედურებდნენ, რომ ისინი არღვევენ არათუ პროფესიულ, არამედ ელემენტარულ ადამიანურ ეთიკას. მაგალითად, დიდი ბრიტანეთიც საკმარისი იქნება. გასული წლის 6 დეკემბერს, Channel 5-მა 2 ათას 200 საჩივარი მიიღო, იმის გამო, რომ მის ეთერში მეთიუ რაითმა არაეთიკურად იხუმრა. BBC 1-მა კი 760-ზე მეტი საჩივარი მიიღო მხოლოდ ერთ გადაცემაში ერთ-ერთი რესპოდენტის, ჯეისონ გარდინერის კომენტარების გაშვების გამო. ასეთი საჩივრები ათასობით და ათიათასობით შედის ისეთ სატელევიზიო მეტრებშიც კი, როგორებიცაა BBC, CNN, და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ ტელევიზიები იძულებულები ხდებიან იფიქრონ, ზიანს ხომ არ აყენებენ საკუთარი სიუჟეტებითა და გადაცემებით აუდიტორიას, ან რესპონდენტებს. იციან, რომ თუკი არ გაითვალისწინებენ საჩივრებს, მიიღებენ უფრო მეტ საჩივარს და ნაკლებ მაყურებელს.

ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირადაა. ისინიც კი არაფრად დაგიდევენ ეთიკური და პროფესიული ნორმების მუდმივ უგულვებელყოფას, ვისი მოვალეობაცაა მსგავს ფაქტებზე რეაგირება. საზოგადოების რეაქციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. როგორც ზემოთ ვთქვი, ასეთ დროს არსებობს მარტივი გამოსავალი, თუკი ვიტყვით, რომ პრობლემა საზოგადოებაშია. სინამდვილეში ეს პრობლემაც ჟურნალისტთა ინდივიდუალური პასუხისმგებლბითა და განათლებით დაწყებული, მედიაგარემოს თავისუფლებით დამთავრებული, ყველა პრობლემის კომპლექსი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test