შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

დევნაი საკვირველი

03.08.2012 07:01
ე.წ.

არ მახსენდება ჩემ გარშემო ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში თანატოლისთვის არ დაუცინია ან გამაღიზიანებელი კითხვები არ დაუსვამს. „მსხვერპლისა“ თუ „თავდამსხმელის“ როლში თითოეული ჩვენგანი ყოფილა. გამოვტყდებით და, სხვისი გაბრაზება ენით აღუწერელ სიამოვნებას გვანიჭებდა, მსხვერპლად ყოფნა კი არავის გვსიამოვნებდა და, ასეთ დროს, „საქმეში“ თავდაცვის ბიოლოგიური ინსტიქტი ერთვებოდა.

ასაკის მომატებასთან ერთად, ადამიანის გონება ინსტიქტზე გამარჯვებას ცდილობს. უფრო დინჯი, უფრო ცივილიზებული ხდება. ყოველ შემთხვევაში, მუშტი-კრივზე იშვიათად გადადის, თუმცა ბევრს ასაკიც ვერ ცვლის: ბავშვობისდროინდელი ჩვევები ზრდასრულ ასაკში თან სდევს და იმ კომპლექსად უყალიბდება, რომელიც თავს დროდადრო იჩენს ხოლმე.

ამ გრძელი შესავლით იმ ადამიანთა ქცევისა და მოტივირების ახსნას ვცდილობ, რომლებიც მიკროფონებით დარბიან, საკუთარ თავს ჟურნალისტებს უწოდებენ და, მათი მუშაობის ერთადერთ მიზანს, კოლეგებისათვის საქმიანობაში ხელშეშლა წარმოადგენს. მოკლე დროში, სოკოებივით მომრავლებული ამ კამერიან-მიკროფონიანი ადამიანების ქცევის სტილმა მაფიქრებინა, რომ ისინი ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსების დაძლევას ცდილობენ.

არ ვიცი, სხვა რა შეფასება უნდა მივცე იმას, რაც ჩვენს თვალწინ ხდება: ფაქტია, რომ ვიდეომასალის მიხედვით, ეს ადამიანები გადასაღებ მოედანზე მხოლოდ იმიტომ გადიან, რომ სხვას მუშაობის საშუალება არ მისცენ. თან ამას ისეთი რეპლიკებით, ცინიზმით და თავდაჯერებით აკეთებენ, მგონი, ფიქრობენ, რომ ჟურნალისტიკაში აქამდე უცნობი, ხალხის დამაინტრიგებელი ეფექტური ხერხი აღმოაჩინეს. ხერხი, რომელიც თანამედროვე ჟურნალისტიკას შეცვლის.

„შენ ქმარი გყავს? აბა, ვინ წაგიყვანს; მე შენზე გავიგე, რომ ცხრა კლასის განათლება გაქვს; ვინ იყო ჯეკ ლონდონი? გაგვეცით კითხვაზე პასუხი, თქვენ ხომ ჟურნალისტი ხართ?!“, - დაჟინებით ეკითხებიან ცარიელთვალებიანი ჟურნალისტები მიზანში ამოღებულ კოლეგას. ადამიანებისაგან განსხვავებით, არ იღლებიან, არ ბეზრდებათ და არც ტონი ეცვლებათ.

ამ ხალხს გულზე მაიდენტიფიცირებელი სამკერდე ნიშნები კი ჰკიდია (მაგ: KKinfo, მედიაჯგუფი), მაგრამ მათი ვინაობა და ორგანიზციები, ვისთვისაც მუშაობენ, ბევრისთვის უცნობია. უცნობია ის ვიდეომასალებიც, რომლებსაც, „პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს“, რამდენიმე კამერით იღებენ. გარდა ამისა, მათ იმდენად ერთნაირი, არაფრისმთქმელი მზერა და უცნაური გამომეტყველება აქვთ, ძნელია, გარეგნობის მიხედვით დავადგინოთ რამე.

„ჩვენ დამოუკიდებელი ჟურნალისტები ვართ“, - სწორედ ასე ეცნობიან „მსხვერპლს“. მე კი მგონია, დამოუკიდებელ ჟურნალისტს ამ ტიპის საქმიანობის ფუფუნება არ აქვს: ის საინტერესო, აქტუალური და მნიშვნელოვანი თემების მოძიებაზე მუშაობს. ესეც რომ არა, ტექნიკა, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, დამოუკიდებელი ჟურნალისტისათვის, ცოტა არ იყოს, ძვირადღირებულია.

ბოლო დროს, თითქმის, ყოველდღე ვრცელდება “დევნაჲ საკვირველის” ამსახველი სხვადასხვა ვიდეომასალა. ერთი შეხედვითვე ჩანს, თუ რის მიღწევას ცდილობენ კეპიანი, სათვალიანი და ერთნაირ მაისურებში გამოწყობილი „ჟურნალისტები“. ვუყურებ ამ მასალებს და, ყოველ ჯერზე თავში პირველად ამოტივტივებული ვარაუდები მიმტკიცდება:

ან ამ „დამოუკიდებელი ჟურნალისტების“ უფროსებსა და სცენარის დამგეგმავებს უჭირთ კრეატივსა და შორსმჭვრეტელობაში, ან, დევნის ობიექტების რეიტინგსა და საკუთარი თავის დისკრედიტაციაზე მიზანმიმართულად ზრუნავენ. ფაქტია, რომ ამ ვიდეობის საშუალებით, „ინფო 9“-მ და მისმა ჟურნალისტებმა გაცილებით სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა, ვიდრე ამას რაიმე სხვა ექსკლუზიური მასალების გამოქვეყნებით გააკეთებდნენ.

როცა უყურებ ამ საოცარი დევნის ამსახველ ვიდეომასალებს, რთულია, ორმაგი პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდეს. პირველი იმიტომ, რომ ჟურნალისტებს სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი ეთიკისა და არმხოლოდ ეთიკის ნორმების დარღვევით დევნიან და მეორეც, ეს ყველაფერი გაიძულებს, „მსხვერპლის“ მიმართ თანაგრძნობით განგაწყოს მაშინაც კი, როცა მისი საქმიანობის მიმართ სრულიად ნეიტრალური ხარ და არც პოზიციის შეცვლის სურვილი გაქვს.

ასეთ შემთხვევებში ადამიანი თავს, განსაკუთრებით, შეურაცხყოფილად გრძნობს.   

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე, ყოველი ახალი ვიდეოს ნახვის შემდეგ, უსაზღვრო სურვილი მიჩნდება, მოვიპოვო „შერისხულთა“ მიკროფონი, გავიჭრა რეგიონებში და “დევნაი საკვირველის” ამ, მართლაც, უცნაურ მარათონში ჩავერთო. სხვანაირად ვერ დავრწმუნდები, რომ ეს “დამოუკიდებელი ჟურნალისტები” მონტაჟისა და ტექნოლოგიების სასწაული კი არა, რეალური, ხელშესახები ადამიანები არიან. ადამიანები, ცარიელი, არაფრისმთქმელი მზერით, რომლებმაც ჯეკ ლონდონის, უტერგეიტისა და დედუქციური მეთოდის გარდა, მსხვერპლთა პირადი მონაცემები და ბიოგრაფია, ჟურნალისტების კვალობაზე, ზედმეტად კარგად იციან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test