შემოგვიერთდი

ლაშა ქავთარაძე

„რემბო“ ჟურნალისტიკა

11.08.2012 20:26

პირველად 2012 წლის მაისში დავფიქრდი, რამდენად სწორად მოვიქეცი როცა ჟურნალისტიკაზე ისე ჩავაბარე, რომ საბრძოლო ხელოვნების არცერთ სახეობაში სპეციალური მომზადება არ გამივლია. მაშინ „პირველი არხის“ სამეგრელოს კორესპონდენტმა ნატო ბერულავამ tspress.ge-ის კამერას მიკროფონი ჩაარტყა. ბერულავას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორიც გამოესარჩლა და თქვა, რომ "ფორმულირება, რომ ჩვენმა ჟურნალისტმა ვინმეს რამე ჩაარტყა, არ არის სწორიო". არადა კადრები აშკარად „მებრძოლი ჟურნალისტიკის“ ამსახველია.

http://www.youtube.com/watch?v=OboFrWXIBQ0&feature=player_embedded

ამ ამბებიდან დაახლოებით ორ თვეში „მებრძოლი ჟურნალისტიკის“ ჟანრის „კლასიკაც“ ვნახე. ამჯერად „მაესტროს“ კორესპონდენტმა ნანა ფაჟავამ გადაწყვიტა ხელის გავარჯიშება და სამეგრელოს მედია ორგანიზაციის (რომელიც თავის მხრივ კიდევ ერთი მედიასაოცრებაა, თავის ღირსების ორდენოსან მალხაზ ბასილაიასთან ერთად) გადამღებ ჯგუფს „კუნგ-ფუს“ პრაქტიკული კურსი აჩვენა. ვაღიარებ, ნატო ბერულავაზე უკეთესადაც კი გამოუვიდა. „პირველი არხის“ დირექციისგან განსხვავებით, „მაესტროს“ მეტი თავმოყვარეობა აღმოაჩნდა - ბოდიში მოიხადა და ზარალის ანაზღაურებაზეც განაცხადა მზადყოფნა.

http://www.youtube.com/watch?v=z7316doYUzs&feature=player_embedded

(ამჯერად, უბრალოდ, არ ვისაუბრებ რეგიონებში წამოჩიტულ ალისტრახოებზე, რომლებსაც ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვთ და ანთროპოლოგიურად შესასწავლი მოვლენის ნაწილები მგონიან. (იხ. თამარ კარელიძის ბლოგი) სწორედ ერთ-ერთი ალისტრახოს კამერა გახდა ფაჟავას მიკროფონის მსხვერპლი. ჟურნალისტის აგრესიის გამართლების მცდელობა ამ შემთხვევაში ზედმეტი სიბრიყვე მგონია.)

ამის მერე კიდევ ერთი პატარა საოცრება მოხდა. ნანა ფაჟავას სასამართლოში უჩივლეს, ფაჟავამ კი იურიდიული დახმარება, არც მეტი არც ნაკლები, „ქართულ ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატს ეკა ბესელიას სთხოვა. გულწრფელად ვერ მივხვდი, რატომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს?

მოკლედ, ეს იქით იყოს და პოსტის წერა მორალისტობისთვის არ დამიწყია. ჩემი საქმე ნადმვილად არ არის თუკი ნახსენებ ქალბატონებს ხელები ექავებათ და ვიღაცის ქონებას აზიანებენ. ამაზე დაზარალებულებმა და სამართალდამცავებმა უნდა იმსჯელონ, იფიქრონ და გადაწყვეტილებები გამოიტანონ. ჩემთვის საინტერესო ამ რემბო-ჟურნალისტების დამსაქმებელი მედიაორგანიზაციების პოზიციებია.

ჯერ იყო და გია ჭანტურიას „ფართოდ დახუჭულმა თვალებმა“ გამაოცა. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის სამუშაო გამოცდილებას, მის ფრთიან ფრაზებს და სახელისუფლებო ვნებებს თუ გავიხსენებთ გასაოცარიც არაფერია. უბრალოდ მგონია, რომ თავმოყვარეობის კრიზისია ამ არხზე. მესმის, რომ ნატო ბერულავას მებრძოლი ხასიათი პირველ არხს ექსკლუზივებით ამარაგებს, მაგრამ ქართულ ჟურნალისტურ წრეებში ეს სახელი და გვარი ჯეკ-მფატრავის ლეგენდასავითაა, „რუსთავი 2“-ის კიდევ ერთი რემბო-ჟურნალისტის ემა გოგოხიას სახელთან ერთად. ვერაფრით ვერ ვხვდები თავმოყვარე მედიასაშუალებას რატომ უნდა ჰყავდეს ასეთი ჟურნალისტი შტატში?

ზუსტად იგივე შეკითხვა შეიძლება დაისვას „მაესტროსთანაც“. კარგია ბოდიშის მოხდის უნარი როცა გაქვს, გია ჭანტურიასგან განსხვავებით, მაგრამ მეეჭვება ბოდიშმა ფაჟავას მომავალში ხელ-ფეხი შეუბორკოს და იგივე არ გააკეთოს. როგორც მინიმუმ, ღირსების საკითხია ასეთი ჟურნალისტი რაც შეიძლება მალე მოაცილო შენი ლოგოს მქონე მიკროფონს, მაჩეტესავით რომ იყენებენ.

ასეთ მომენტებში სულ მგონია, რომ ჟურნალისტურ ეთიკასა და სტანდარტებზე ლაპარაკიც კი საქართველოში ფუფუნებაა. ცოტა რთულია ამ კადრების ნახვის შემდეგ სერიოზულად იმსჯელო ჟურნალისტიკის პრობლემებზე. ეს ცდება ვიწროპროფესიულ ჩარჩოებს, თუმცა გამოსავალსაც ვერ ვხდავ. ნუთუ ჟურნალისტიკის შესწავლა იმით უნდა დაიწყოს, რომ მიკროფონი თავში არავის უნდა ჩაარტყა, რომ კოლეგა და რესპონდენტი წიხლქვეშ არ უნდა „გაიფინო“, რომ კამერით კადრები უნდა „აიღო“ და არა სისხლი?!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test