შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

ორი “ინფო 9”

22.08.2012 18:20

წინასაარჩევნოდ მედიასაშუალებები სოკოებივით მომრავლდა. მათი უმეტესობა პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენს და დახმაურის ატეხვას  სხვადასხვა ხერხით ცდილობს:

ზოგი პროფესიონალიზმში იმდენად აჭარბებს, რომ არაადეკვატურ შეცდომებს უშვებს, ზოგი მიზანმიმართულ პროვოკაციაზე მიდის,  არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ჟურნალისტური ეთიკა რეიტინგის სამსხვერპლოზე მიაქვთ, შედეგსაც აღწევენ: მათ ინფორმაციებს საზოგადოების, თითქმის, ყველა ფეანა ავრცელებს. ანკესს წამოგებულებიც, მათი გატარებული პოლიტიკური იდეების მხარდამჭერებიც, არაეთიკურობაზე აღშფოთებულებიც და, ასე განსაჯეთ, ნეიტრალურებიც.

ორ პოლიტიკურ ბანაკად დაყოფილ მედიასაშუალებებს შორის დაპირისპირება, განსაკუთრებით, ინტერნეტ სივრცეში შეინიშნება. არჩევნების შემდეგ გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ვთქვათ იმაზე,  ყველაზე მეტად, რა დაამახსოვრდა საზოგადოებას მედიის მუშაობიდან, დიდი ალბათობით, პირველ ადგილს ჟურნალისტთა მიერ კოლეგების დევნის ის შემთხვევები დაიკავებს,რომელიც რამდენიმე კვირის მანძილზე, თითქმის ყოველდღე გვაოცებდა. ფაქტი ერთია:  „მედიაჯგუფმა“, „KK-info-მ“ და სხვებმა „ინფო-9-სა“ და მისი ჟურნალისტების პოპულარობაზეც იზრუნეს.

ბოლო პერიოდში დევნის ამსახველი ვიდეომასალა აღარ გამოჩენილა. არავინ დანებებულა, უბრალოდ, ტაქტიკა შეიცვალა. დიდი ხანი არ არის, რაც ინტერნეტსივრცეში ახალი საიტი: www. info9.com.ge გამოჩნდა. ის ვიზუალურად ძალიან ჰგავს „ინფო9-ს“ ვებ-გვერდს: იგივე ფერები, წყობის სისტემა, სლოგანიც, თითქმის იგივე („სიტყვის თავისუფლება ჩვენი უფლებაა“=“თავისუფალი სიტყვა ჩვენი უფლებაა“). ერთი განსხვავებით: „ინფო9“  ცდილობს, გადმოსცეს ის რასაც ხედავს, თუმცა, დაბალანსებამდე ბევრი უკლია. აქ ფაქტებს არც სიღრმისეულად იკვლევენ და ხშირად საიტზე განთავსებულ მასალებში „კოალიციური“ აქცენტიც ჭარობობს, მიუხედავად ამისა, ცდილობენ, ნაკლები „წამოკივლებები“ თუ შეურაცხმყოფელი განცხადებები აკეთონ, ახალ საიტზე კი დებენ ყველაფერს, რაც კი „ქართული ოცნების,“ მისი წევრებისა თუ პოლიტიკის დისკრედიტირებას  შეუწყობს ხელს. გამოტანილი მასალისა და სათაურების მიხედვით, ძნელია, არ დაეჭვდე, ხომ არ დგანან ამ საქმის უკან ადამიანები, რომლებმაც ჩვენი გაოცება „presa.ge-სა“ თუ „droni.ge-ს“  საშუალებით, უკვე მოახერხეს.

ნებისმიერ საქმეში, როცა საკუთარი ნიშის დაკავებას  ცდილობ, სხვა, ამ სფეროში უკვე ცნობილი კომპანიისგან. მათი „კუთვნილი“ ელემენტების აღება (იქნება ეს ფერი, სახელი, ლოგო, შეფუთვა), წამგებიანი ნაბიჯია. ქართული მედიასივრციდან presa.ge-სა და presage.tv-ს მაგალითს გავიხსენებდი, როცა ეს უკანასკნელი presa.ge-დან წამოსულმა ადამიანებმა დააარსეს. მიუხედავად იმისა, რომ მიმსგავსებული სახელით ისინი  presa.ge-ს ვიზუალური მხარის  კოპირებას ცდილობდნენ, ხშირად შემხვედრია presage.tv-ს ჟურნალისტი, რომელსაც განმარტება უწევდა, რომ მის სააგენტოს საერთო არაფერი აქვს presa.ge -სთან.

ჩვენს შემთხვევაში საქმე სპეციალურ, მიზანმიმართულ იდენტიფიცირებასთან გვაქვს, რომელიც „ინფო9“-ს იმიჯის გაფუჭებას და ხალხის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც მანანა ელიაშვილი ამბობს, სუროგატი სააგენტო მათნაირი მიკროფონების დამზადებასაც გეგმავს. „ინფო 9-ს“ რედაქტორის თქმით, ახალი სააგენტოს მონაწილეობით, პირველი ინციდენტიც უკვე მოხდა: მისი ჟურნალისტები „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა სცემეს (!!!) და მხოლოდ იმიტომ, რომ info9.ge-ს თანამშრომლები ეგონათ.

ეს ყველაფერი უკვე მართლა ძალიან არასერიოზულ სახეს იღებს. ფაქტია, რომ საიტის გამო ატეხილი მორიგი აჟიოტაჟი ისევ „ინფო 9-ს“ წისქვილზე ასხამს წყალს და მე ისევ გულწრფელად მაინტერესებს, info9.com.ge-ს მესვეურები მიზანმიმართულად უწყობენ info9.ge-ს პოპულარიზაციას ხელს თუ ზედმეტად ცუდი „პიარშიკები“ არიან?!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test