შემოგვიერთდი

ლაშა ქავთარაძე

ეცადე დაინახო ლარი

10.09.2012 05:00

გაიგებდით, ლარი კინგი რომ „მე-9 არხის“ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა. რაღა დაგიმალოთ და თავდაპირველად ეს ამბავი გამიკვირდა. ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ რუპერტ მერდოკის „იმედით“ დაინტერესება იყო უცნაური. ხოლო, როდესაც კინგისა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს კიდევ რამდენიმე წევრის (რომელთაგან ორი მაინც, თავისი პროფესიული დამსახურებით, ლარი კინგს არაფრით ჩამოუვარდება) განცხადებები მოვისმინე, გამეცინა. „მე-9 არხის“ მისამართით გაკეთებული ეპითეტები: „დამოუკიდებელი,“ „თავისუფალი,“ „ქართველი ერის ინტერესების დამცველი“ და ა.შ. მართლა სასაცილოდ ჟღერდა. როგორც ჩანს, ამ არხის მესვეურებსაც ისევე აქვთ მესიანისტური ვნებები, როგორც ერთ დროს „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას“, ექსმინისტრის „იმედს“ და  (თავისებურად) „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. პრინციპში, გასაკვირიც არაა, რადგან ყველა პოლიტიკური პარტია ასეთი მესიანისტური იდეებით იჭრება ჩვენს ცხვრებაში და ეს ტელევიზიებიც, როგორც პარტიების ერთგვარი კომიტეტები, იმეორებენ მათ პოლიტიკას.

ჰოდა, ალბათ ასე, უბრალოდ აუხსნეს მრჩევლებს, რომ დამოუკიდებლები და თავისუფლები არიან და მათაც თქვეს ის, რაც იცოდნენ. ეჭვი მეპარება კინგს, რობერტ მენარდს, ან ლი ჰამილტონს ოდესმე „მე-9 არხის“ ყურებაში ჩასძინებოდა. დიდი-დიდი რამდენიმე ვიდეო ენახათ არხის ხელმძღვანელობისაგან ნათარგმნი და გაგზავნილი, თუმცა ისიც მეეჭვება, რომ ბექაურს ვასიკო მაღლაფერიძის თეატრალიზებული პანგურჯიზმით გაჟღენთილი გადაცემები, ან ნათია მიქიაშვილის ზიზღით ნაკეთები „ანატომიები“ გადაეთარგმნა. ანდა სულაც მოეხსენებინა მრჩევლებისათვის, რომ ამ არხის საინფორმაციო გამოშვებებში ისეთივე ჭარბი რაოდენობითაა „ქართული ოცნება“, როგორც ეროვნულ მაუწყებლებზე მიხეილ სააკაშვილის ვარდისფერი პერანგი.

კიდევ უფრო სასაცილო იყო რამდენიმე გულანთებული, ხელისუფლების მხარდამჭერის მონდომება, როდესაც ლარი კინგის ხსენებიდან ორიოდ საათში, CNN-ის ცნობილი წამყვანისა და ქველმოქმედის პოლიციის განყოფილებაში გადაღებული სურათი მაჩვენეს. დიდი ალბათობით, ისინი მალე აღმოაჩენენ ნათესაურ კავშირს ვლადიმერ პუტინსა და ლეს გელბს შორის, დიდი ბებიების მხრიდან. ანდა სულაც Presa.Ge გამოაქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის „შავი ბუღალტერიის“ ხელით ნაწერ კიდევ ერთ ფურცელს, სადაც მრჩევლებისათვის გადახდილი თანხა იქნება ჩამოწერილი.

არხის ხელმძღვანელის, კახა ბექაურის თქმით, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო იმდენჯერ შეიკრიბება წელიწადში, რამდენჯერაც საჭირო გახდება. თუმცა საინტერესოა, რისი გარანტია შეიძლება იყოს ჟურნალისტურ წრეებში ცნობილი, ეს „ბობოლა“ სახელები, მაშინ როდესაც ამ ადამიანებისთვის ქართულ მედიაჯუნგლებში მუშაობა, უფრო ეგზოტიკური გასეირნება იქნება, ვიდრე სერიოზული სამსახური. ნუთუ შეიძლება მრჩეველთა საბჭომ რაიმე ტიპის გარანტია შექმნას მაშინ, როდესაც პოლიტიკური ინტერესი „მე-9 არხის“ შემთხევაში იმაზე ცხადია, ვიდრე ხელისუფლების ქვეშევრდომ არხებში?! დავიჯერო ეს „უპრეცენდენტო მოვლენა“ ნათია მიქიაშვილის გადაცემას ადამიანურ სახეს მისცემს, ან ვასიკო მაღლაფრიძეს აუხსნის, რომ თურქები არ იკბინებიან? თუ ხელისუფლებას შეაჩერებს, რომ 2007 წლის „იმედის“ სცენარით აღარ იმოქმედოს და რეკლამის დამკვეთებს ყურების დაჭრით აღარ დაემუქროს?! არა, ეს ალბათ უფრო კოსმეტიკურ რემონტს ჰგავს, მაშინ როდესაც შენობას საყრდენი აქვს გამოცლილი. საყრდენის გამოცლაში კი მონაწილეობას ყველა მხარე თანაბრად იღებს, უბრალოდ ერთს მეტი რესურსი აქვს, ვიდრე მეორეს. არსებითად განსხვავებული მიდგომა კი მცირერესურსებიან მხარესაც არ შეინიშნება.

ცუდია, რომ 20 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა რეალურად დამოუკიდებელი საინფორმაციო ტიპის ტელევიზიის შექმნა. ცუდია ისიც, რომ რამდენ ოლიგარქსაც ტელევიზიის გახსნა უნდება, პარალელურ რეჟიმში (ან დროის მცირე ინტერვალის მოშორებით) პოლიტიკური მადა აღეძვრება ხოლმე. თუმცა ეს რომ ასე არ მოხდეს, ალბათ ცოტა უკეთესი ქვეყანა უნდა ვიყოთ გაცილებით ცოტა უკეთესი ხელისუფლებით, დამოუკიდებელი სასამართლოთი და თავისუფალი სარეკლამო სივრცით. ამ ყველაფრის პარალელურად, უფრო მეტი პასუხისმგებლობის შეგრძნება უნდა ჰქონდეს ხალხსაც და, თუ დავავიწროვებთ, სამოქალაქო საზოგადოებასაც.

„მე-9 არხის“, თუნდაც ასეთ შეზღუდულ არეალში (რომელიც არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო შეიზღუდება) არსებობა, ვფიქრობ, პოზიტიური მოვლენაა, თუნდაც ელემენტარული სამართლიანობის გამო. სისულელეა მასში „რეალ ტივის“ კონტურები დაინახო, თუკი „ტაბულას“ რედაქტორი, ან მისი მესვეტე არ ხარ. ბოლოსდაბოლოს ამ არხის ეთერში გასაბერი სააკაშვილი არ დაუსვამთ და არც არავისთვის დაუკავებიათ ხელები „ივანიშვილი ჩემი პრეზიდენტიას“ ძახილით. ბალანსის პრობლემის შეცხადება კი უკვე ძალიან გვიანია. თუკი თავად ტელევიზიის შიგნიდან არ წამოვიდა სურვილი, რომ იყოს უფრო დაბალანსებული, უფრო საღი აზრის მატარებელი, მას არც გაეროს დაფინანსებული კვლევები უშველის და არც ათასი ლარი კინგი. ამის მაგალითი „რუსთავი 2“, „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელია.“

P.S. სულ მალე ვნახავთ, რა შედეგს გამოიღებს თამთა სანიკიძისა და ეკა ბერიძის კოლეგის, ლარი კინგის, ლი ჰამილტონის, ლეს გელბისა და რობერტ მენარდის ქართულ მედიასივრცეში მოღვაწეობა. მანამდე კი ჩემი რჩევა იქნებოდა, ისევ იმ სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, Must carry-ის შესახებ პეტიციას მოაწეროთ ხელი -https://www.change.org/petitions/must-carry-must-stay.

P.P.S. გიორგი მარგველაშვილი რაღა შუაში იყო, საერთოდ ვერ გავიგე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test