შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

ტელეეთერში „ცხოვრება მშვენიერია?!“

21.09.2012 14:09

როდესაც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ნახვა გვინდა, პირველ რიგში, კრიტიკული სიტუაციების დროს, მედიის მუშაობას უნდა დავაკვირდეთ. ვნახოთ, რა აქცენტებს სვამენ, რას და რა დოზით უშვებენ ეთერში. ეს პრინციპი, საქართველოზეც ვრცელდება: ჩვენც გვაქვს მედია. 

მაშინ, როდესაც, რამდენიმე ტელევიზიის ეთერით გადაცემული, პატიმრების წამების კადრებით აღშფოთებული ხალხი ფილარმონიასთან იკრიბებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი „ცხოვრება მშვენიერიას“ უჩვენებდა.

სიახლე არავისთვისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ახალ ამბებთან მიმართებით, გვიან იღვიძებს. ამ ლოგიკით, სულაც არაა გასაკვირი, რომ პატიმართა წამების კადრებზე საუბარი, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, აქ თითქმის, ერთი დღის შემდეგ დაიწყო. მოვლენის გვიან გაშუქება დასაძრახი არ არის, თუ მის განსხვავებულ ხედვას შემოგვთავაზებ, რაზეც „პირველი არხის“ შემთხვევაში, ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ გააღიზიანა ტელევიზიასთან შეკრებილი ახალგაზრდები გია ჭანტურიას განცხადებამ: „თურმე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაფერს პირდაპირ ეთერში უშვებდა“.

საკუთარი ჯიბეებიდან მილიონებს ვურიცხავთ არხს, რომელიც ჩვენ უნდა გვემსახუროს. თუმცა, ამ არხის მიმართ პრეტენზიების გამოთქმამდე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ საქართველოში ვართ. ქვეყანაში, სადაც იოლად ცხოვრება მოსახლეობის დიდი ნაწილის მიზანია. შესაბამისად, ქართველისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგიკა მარტივია: რა საჭიროა თავი შეიწუხოს ექსკლუზივით, თემების გაშუქებით, თოქშოუებით, რატომ უნდა შექმნას მოსახლეობისათვის საჭირო და სასარგებლო შრომატევადი პროდუქტი მაშინ, როცა ხალხი  მსგავს არაფერს ითხოვს მისგან?!

ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასრულებს თავის ფუნქციას, საზოგადოების ბრალიცაა. ჩვენ სასაცილოდ არ გვყოფნის „პირველი არხის“ ინდიფერენტულობა, დავცინით მის განახლებულ, მაგრამ მაინც საბჭოურ ეთერს და არ ვფიქრობთ თანხაზე, რომელსაც ინფორმაციისთვის, ყოველთვიურად ვიხდით. სანაცვლოდ კი, მაშინ, როცა სხვა არხები ციცხეებში შემზარავი წამების კადრებს ავრცელებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ცხოვრება მშვენიერია“ გადის. არა, ვერ გაამტყუნებ - ის საზოგადოებაზე ზრუნავს, მის ნერვებს, ჯანმრთელობას უფრთხილდება, სულიერი სიმშვიდის სადარაჯოზე დგას და განტვირთვისთვის სასიამოვნო საღამოს ეთერს სთავაზობს. 

დიახ, „პირველი არხი“ ჩვენი ბრალია და, მაინცდამაინც, სახელმწიფო მნიშვნელობის სკანდალი არ უნდა გვჭირდებოდეს იმის მისახვედრად, თუ რა გვეკუთვნის და რაში ვფლანგავთ ფულს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, პირველ დღეს (18 სექტემბერს), ეროვნულ მაუწყებლებს, ფაქტობრივად, არ გაუშუქებიათ პატიმართა წამების ამსახველი შოკისმომგვრელი კადრები. ვფიქრობ, დღეს ის მომენტია, როდესაც, ცენზურის პირობებშიც კი, შეიძლება ადეკვატურად მოიქცე, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები, თუმცა შიში ოხერია: ირთვება თვითცენზურა, რომელიც მოცემულ სიტუაციაში სრულიად ზედმეტი და, ცოტა არ იყოს, მონური ბუნების გამომხატველია. 

სხვათაშორის, ეროვნული მაუწყებლებიდან, ყველაზე ნორმალურად, მოვლენები „რუსთავი 2-მა“ გააშუქა, თუმცა სპეციალურ მაისურებში, წარწერით „არა ძალადობას!“ გადაწყვეტილი დილის ეთერი, უფრო პოპულისტურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.

ცალკე ფენომენია „იმედი“, რომელიც, პატიმართა წამების ფაქტების გავრცელების დღეს (18 სექტქმბერს), „პირველი არხისა“ არ იყოს, საზოგადოებას „ნანუკას შოუთი“ ართობდა. მოვლენების გაშუქების რაკურსიდან და აქცენტებიდან გამომდინარე უკვე საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ეს ტელევიზია დაკონსერვებასა და მომავალი ჟურნალისტებისათვის შენახვას იმსახურებს. იმისათვის, რომ მათ სტუდენტობაშივე ნახონ, რა და როგორ არ უნდა გააკეთონ.

არ შეიძლება, ჩემი აღშფოთება არ გამოვთქვა „მაესტროს“ მიმართ, რომელმაც ერთერთ გამოშვებაში პატიმრის წამების კადრები, ყოველგვარი ეთიკური ნორმის დაცვის გარეშე, სახის დაუფარავად გაუშვა. გასაგებია, რომ მასალა, როგორც გამოაცხადეს, იუთუბიდან აიღეს, მაგრამ არ მესმის, რა დიდი მოფიქრება სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ კადრების პირველყოფილ მდგომარეობაში გაშვება დაუშვებელი იყო. ანდა, როგორ ვერ უნდა იფიქრო, რომ იუთუბისა და ტელევიზიის ფორმატი და მასშტაბები, ერთმანეთისაგან განსხვავდება და ასეთი ელემენტარული, თუმცა მძიმე შეცდომები ტელევიზიას არ უნდა მოსდიოდეს.

მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ მედიის განვითარებაზე, რომ ქართული ჟურნალისტიკა წინ მიიწევს, რომ ეთიკას მეტ ყურადღებას აქცევს, რომ მოვლენების მიუკერძოებლად გაშუქებას ცდილობს, რომ  არ გააკეთებს იმას, რასაც რამდენიმე წლის წინ აკეთებდა, არაფერი იცვლება. ექსტრემალური სიტუაციების გაშუქება გვიჩვენებს, რომ თურმე, წრეზე ვტრიალებთ. რა თქმა უნდა, ყვითელ მასალას მაყურებელი უფრო მეტი ჰყავს, მაგრამ არსებობს ზღვარი, გნებავთ, ყბადაღებული „ოქროს შუალედი“, რომლის დაცვაც ყველფერში გვიჭირს, ქართველებს.

ორიოდე სიტყვა, მთავრობის მიერ პენიტენციალურ სისტემაში არსებული შეცდომების აღიარების შემდეგ, „ჟურნალისტური მორალის აფეთქებაზე“: ის თავგამოდებული კრიტიკა არსებულ მდგომარეობაზე, ჯერ გადაღებული და, მერე, გავრცელებული კადრები საპყრობილესთან, ზოგიერთი ჟურნალისტის (ძირითადად ეროვნული მაუწყებლების) პოზიციათა უეცარი და რადიკალური ცვლა, სოლიდარობის მაისურები - ყველაფერი ეჭვს იწვევს, ეჭვს და უნდობლობას.

ორდღიანი "მიუკერძოებელი" გაშუქებით, მედია და საზოგადოება უფრო მეტად დაშორდა ერთმანეთს, ვიდრე სირაქლემას პოზაში ყოფნის დროს. იმიტომ, რომ უეცარი გამოღვიძება და ხალხის ინტერესების სამსახური, უფრო დიდი ტყუილია, ვიდრე ეთერში გასართობი შოუები მაშინ, როდესაც მოსახლეობა შოკშია. ასეთ ტყუილს კი, პირადად მე, „ცხოვრება მშვენიერია“ მირჩევნია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test