შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

იცვლება თუ არა მედიაში შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი?

05.10.2012 11:28
2+2 (photo: )

მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკის ამ პრინციპს სკოლაში ყოველდღე ჩაგვჩიჩინებენ,  მთელი ცხოვრება ვკამათობთ, იცვლება თუ არა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი. ვკამათობთ ყველაფერზე: საყვარელ ჭიქაზე, მეზობლებთან ურთიერთობებზე, პოლიტიკოსებზე, დამპყრობლებსა და, ასე განსაჯეთ, მედიაზეც.

მას შემდეგ, რაც საქართველოში (მეტნაკლებად) დემოკრტიული არჩევნები ჩატარდა და, ჟურნალისტები ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, ჩვეულების საწინააღმდეგოდ „დაგვტროლა“ (ვგულისხმობ აქციებს თბილისში, რომელსაც ყველა ელოდა და არ შედგა), გარდამავალი პროცესი დაიწყო. ასეთ სიტუაციაში პირველად ვართ და მოჩვენებითი, თუ ნამდვილი მშვიდობა იმდენად გვეხამუშება, რომ ადამიანთა ნაწილმა, მოარული ხმები 90-იანების დაბრუნების შესახებ, ავტომატურად დაიჯერა.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საქართველოს მასშტაბით, ძარცვისა და ქურდობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლად ხვდება იმ ტელეარხების ეთერში, რომლებსაც ერთი კვირის წინ სიტყვას ვერ დააცდენინებდი. იმ ტელეარხებზე კი, რომლებიც ადრე, მომხდარის შესახებ, დეტალურად მოგვიყვებოდნენ, მსგავს ფაქტებზე ინფორმაციას გაკვრით, ან საერთოდ ვერ მოისმენ.

დიახ, დემოკრატიული პროცესი ჩვენს რეალობაში ძალიან უცნაურია და ბუნებრივია, რომ ტრანსფორმაციისათვის ისევე, როგორც საზოგადოებას, მედიასაც სჭირდება დრო. ვფიქრობ, ძალიან კარგი მომენტია, ადევნო თვალი ქართულ არხებს და დააკვირდე, როგორ იცვლიან პოზიციებს, როგორ ხდება „პრო“ „ოპო“ ან პირიქით.

როცა ტელევიზიების საინფორმაციოებს ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთმა მხარემ უსამართლოდ დაჩაგრულის, მეორემ კი - რევანშისტის როლი მოირგო, თუმცა ამ უკანასკნელთაგან ზოგიერთი ცდილობს, არ შეიმჩნიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობა დამოუკიდებელ მედიას გვპირდება, დღეს, კანცელარიაში, „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტის საკონსულტაციო ჯგუფების შეხვედრის გადაღების უფლება, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, მხოლოდ „მეცხრე არხს“ მისცეს. ტელეკომპანიას, რომლის მფლობელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა. გარდა ამისა, ვხედავთ, როგორ ჩალის ფასად ყიდულობენ ყოფილი მინისტრები მსხვილი ტელევიზიების აქციებს (უცნაურია, მაგრამ დავით კეზერაშვილს „რუსთავი 2-ის“ 40% იმაზე ნაკლები დაუჯდა, რამდენიც მავანსა და მავანს, ერთ-ერთი რეგიონული ტელევიზიის 10%. ვგულისხმობ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მიერ ტელეკომპანია „თრიალეთის“ 10 პროცენტის შეძენას მილიონ დოლარად), ვიცით, ვინ აფინანსებს დანარჩენ ტელევიზიებს და ამ პირობებში, ძალიან მაინტერესებს, რომელ დამოუკიდებელ მედიაზე ვსაუბრობთ?

ბოლო დღეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისევე, როგორც წინა ხელისუფლების დროს, მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღების შანსი, მინიმალურია (თუმცა, გააჩნია, ვისთვის რას ნიშნავს „მიუკერძოებელი“). ნებით თუ უნებლიედ, ორივე მხარე განსხვავებულ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და, ვფიქრობ, დროსთან ერთად, საინფორმაციო დაპირისპირებაც უფრო ხისტი და აგრესიული გახდება.

პრინციპში, ეს მაინც კარგია. მართალია, რეალობის მისახვედრად ისევ რამდენიმე საინფორმაციოს ნახვა დაგვჭირდება, მაგრამ ახლა ეთერი უფრო სანახაობრივი და დინამიური გახდება. საინფორმაციო ომში კი, ერთმანეთზე „გაბრაზებული მხარეები“ ცოტა სიმართლესაც გვაჩვენებენ. რიგით მაყურებელს ისღა დარჩენია, პოპკორნი მოიმარაგოს და ჩაუჯდეს.

P.S. მინდოდა, პოსტში ორიოდე სიტყვა მეთქვა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზეც, თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების „პირველისეული“ გაშუქება იმდენად სამარცხვინო, მიკერძოებული, ტენდენციური და ისტერიულია, რომ მის სარჩენად გადახდილი ფულის გამო, საკუთარი თავის შემრცხვა.

P.P.S. სამწუხაროა, რომ ზუსტი მეცნიერებების პრინციპები, თითქმის, ყველაფერზე ვრცელდება. აქსიომები კი იმიტომ არის აქსიომები, რომ მათზე კამათი არაფერს მოგვცემს. ფაქტია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი მართლა არ იცვლება და თუ არ გჯერათ, დავნაძლევდეთ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test